Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ქმედითია სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში?


11-12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას,

რომელიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების ათი წლისთავს ეძღვნება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ომბუდსმენები ევროპის ქვეყნებიდან და საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის მსვლელობისას შევეცადე გამერკვია, რამდენად ქმედითია სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში.

ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი, ამბობს, რომ კარგად იცის, თუ რა ტვირთის ტარება უწევს ომბუდსმენს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, იძულებულია არათუ ხელისუფლების, არამედ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგაც კი წავიდეს. შედეგად, ნანა დევდარიანის თქმით, გასაკვირი არაა, რომ აქტიურ სახალხო დამცველს პოლიტიკური მიკერძოების გამოც უსაყვედურებენ.

[ნანა დევდარიანის ხმა] „რა ქნას სახალხო დამცველმა, პეპლებზე ხომ არ ილაპარაკებს? ნებისმიერი დარღვევა ეხება ან კულტურის პოლიტიკას, ან განათლების პოლიტიკას, ან ეკონომიკურ პოლიტიკას, ან წმინდა პოლიტიკას.“

ნანა დევდარიანი იქვე შენიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობლად გაძლიერდა, რაც, მისივე თქმით, დადებით ასახვას პოვებს ინსტიტუტის ეფექტიან საქმიანობაზე. დადებით ტენდენციაზე ლაპარაკობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] „უკვე სამი ომბუდსმენი გვყავდა და ყოველი შემდგომი ომბუდსმენი უკეთესად ართმევდა თავს, ვიდრე წინა, და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. დღევანდელი ომბუდსმენისადმი პრეტენზიები ნაკლები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ვითარება არის ძალიან რთული და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ვითარების სირთულეს განაპირობებს ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. უფრო პირიქით: ხელისუფლების საკანონმდებლო თუ სხვა სახის საქმიანობა ემსახურება იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვისათვის შესაფერისი გარემო არ შეიქმნას.“ (სტილი დაცულია)

ცხადია, ამგვარ კრიტიკას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, მიწვევის მიუხედავად, 11 თებერვალს გახსნილ კონფერენციაზე არ გამოჩენილან. კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი არსენიშვილს.

[გიორგი არსენიშვილის ხმა] „თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე მოწვევა არ მიმიღია. უნდა ვაღიარო პატიოსნად, რომ არ მიმიღია, თუმცაღა დღეს მაინც არ მეცალა, რადგანაც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის წევრებს ვმასპინძლობდით. რაც შეეხება უმრავლესობას, პეტრე ცისკარიშვილს დაურეკეთ.“ (სტილი დაცულია)

მცდელობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა რადიო ”თავისუფლების” არქივში შემონახულია პეტრე ცისკარიშვილის ერთ-ერთი გამოსვლის ფრაგმენტი, რომელშიც კარგად ჩანს ომბუდსმენისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] „როგორც მოსალოდნელი იყო, სახალხო დამცველის გამოსვლა იყო მიკერძოებული, გაჟღენთილი პოლიტიკური პათოსით. ასეთმა გამოსვლამ, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერამ მოახდინა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია.“

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს სახალხო დამცველი, რომელიც იშველიებს უკანასკნელ წლებში ჩატარებულ არაერთ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელთა თანახმადაც ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი ნდობა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისას თუ ჩამოუვარდება:

[სოზარ სუბარის ხმა] „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, მთელ რიგ სფეროებში გარდატეხა შევიტანეთ - ეს არის ჩემი კოლეგების დამსახურება, მათი პროფესონალიზმისა და შრომის ნაყოფი, თუმცა გასაკეთებელიც ბევრია.“

სოზარ სუბარის თქმით, გასაკეთებელი რომ ბევრია, ამაზე მიუთითებს საქართველოს ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსების ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თემაც - „გამოხატვის თავისუფლება“, რომელიც დემოკრატიის საფუძველია და რომელსაც, სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში კვლავ სჭირდება დაცვა. „გამოხატვის თავისუფლების“ მნიშვნელობაზე ასევე ილაპარაკა სოზარ სუბარის ბერძენმა კოლეგამ იორგოს კამინისმა:

[იორგოს კამინისის ხმა] „გამოხატვის თავისუფლება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ იგი გაცილებით მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, რადგან გამოხატვის თავისუფლება, იმავდროულად, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებაცაა.“

საბერძნეთის ომბუდსმენის გარდა, კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ თხუთმეტამდე ქვეყნის ომბუდსმენები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ათი წლის იუბილეზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა ჩამოსულიყვნენ. საქმე ისაა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში 1997 წელს ამოქმედდა, თუმცა საიუბილეო კონფერენციის ჩატარება ჯერ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ხოლო შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გადაიდო. სხვათა შორის, კონფერენციაზე დასწრებას აპირებდა რუსეთის ომბუდსმენიც, მაგრამ ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვლადიმირ ლუკინმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG