Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში კნესეტის არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის შექმნას ცდილობენ


სამშაბათს, 10 თებერვალს, ისრაელის პარლამენტის, კნესეტის, არჩევნები ისე დასრულდა, რომ არც ერთ პარტიას დამაჯერებელი გამარჯვება არ მოუპოვებია.

ამომრჩეველთა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნისა და მკაცრი ხაზის მომხრე ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიებმა. ორივე მათგანს სურვილი აქვს სათავეში ჩაუდგეს კოალიციურ მთავრობას. მინდა ისრაელში საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და სამთავრობო კოალიციის შექმნის პროცესის შესახებ გესაუბროთ.

ვერც საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის მმართველმა პარტიამ, ”კადიმამ”, და ვერც ყოფილი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს რადიკალური მიმართულების ”ლიკუდმა” ვერ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო მანდატების რაოდენობა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ”კადიმამ” 28, ხოლო ”ლიკუდმა” 27 მანდატი მიიღო.

მესამე ადგილზე გავიდა ულტრანაციონალური პარტია ”ისრაელი ჩემი სახლია”, რომელსაც ნეთანიაჰუს ძველი თანამოაზრე ავიგდორ ლიბერმანი ლიდერობს. მისმა პარტიამ კნესეტში 15 საპარლამენტო ადგილი მოიპოვა.

წლების მანძილზე მმართველმა მემარცხენე ლეიბორისტულმა პარტიამ კი, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი უდგას სათავეში, 13 მანდატი მიიღო.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ”კადიმი” და ”ლიკუდი” თავიანთ თანამოაზრეებთან გაერთიანებას მოახერხებენ, მაინც ვერ შეძლებენ 120 კაციან პარლამენტში უმრავლესობის შექმნას.

არჩევნების შემდეგ გამართულ მიტინგზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას ხელეწიფება კოალიციის ფორმირება ”კარგი და სტაბილური” მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.


”მე თავდაპირველად შემოვბრუნდები ჩვენი ბუნებრივი პარტნიორებისკენ ნაციონალური ბანაკიდან [რათა შევქმნათ კოალიციური მთავრობა], რადგანაც მე პირობა დავდე. ამ საღამოს უკვე ვესაუბრე მხარეებს და ჩვენ დავგეგმეთ ხვალ ვიმსჯელოთ ისრაელის სახელმწიფოს ახალი მთავრობის შექმნის შესახებ.”

კოალიციის ფორმირებისთვის ლივნისა და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებაში ჩართვის მზადყოფნა გამოხატა რადიკალური პარტიის ლიდერმა ლიბერმანმა. მან თავის მხარდამჭერებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ სურვილი აქვს ისრაელში მემარჯვენეთა მთავრობა იხილოს.

გამარჯვების აღსანიშნავი მიტინგი მოაწყო პარტია ”კადიმის” ლიდერმა ციპი ლივნიმ. არჩევნების წინა დღეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში ”ლიკუდს” უნდა გაემარჯვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლივნის პარტია უფრო პოპულარულია. მან თავის მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

”ამ საღამოს მე ბენიამინ ნეთანიაჰუს მივმართავ. არჩევნებამდე გთხოვეთ, შეერთებოდით ჩემი ლიდერობით შექმნილ ერთიანობის მთავრობას. თქვენ მაშინ ამაზე უარი თქვით. უარი თქვით და განაცხადეთ, ამას ხალხი გადაწყვეტს, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო. და აი, დღეს ხალხმა გადაწყვიტა - კადიმა!”

მიუხედავად ამისა, მან თავის მომხრეებს განუცხადა, რომ კოალიციის შესაქმნელად მზადაა მოლაპარაკებები გამართოს როგორც მემარჯვენე ”ლიკუდთან”, ასევე მემარცხენე ლეიბორისტულ პარტიასთან.

ციპი ლივნიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა სრულფასოვნად იქნეს რეალიზებული ისრაელის ხალხის არჩევანი.

კნესეტის არჩევნების საბოლოო შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ისრაელის ჯარისკაცთა ხმებს დაითვლიან. ეს კი ხუთშაბათისთვისაა ნავარაუდევი. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რომელმა პარტიამ რამდენი ადგილი მოიპოვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

ამ საბოლოო სურათის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტმა შინონ პერესმა ლივნის თუ ნეთანიაჰუს დაავალოს მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. პერესს ამისთვის ერთი კვირა აქვს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარი პარტიის ლიდერების რეკომენდაციებს ელოდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ როგორიც უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, ეს პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას არ განაპირობებს.
XS
SM
MD
LG