Accessibility links

რატომ გადავიდა ცხინვალში მყოფი რუსული ჯარი „მზადყოფნა ნომერ 2–ზე“?


რატომ გადავიდა ცხინვალში მყოფი რუსული ჯარი „მზადყოფნა ნომერ 2–ზე“? ამ კითხვაზე პასუხებს, რომელთაც მხოლოდ ვერსიების ხასიათი აქვთ, წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსში.“

გაზეთის რესპონდენტები, ძირითადად, პოლიტიკური ექსპერტები არიან. მათი აზრები, უმთავრესად, ემთხვევა ერთმანეთს იმ საკითხში, რომ რუსეთი რეგიონში მორიგ პროვოკაციას ამზადებს. რაც შეეხება ამ პროვოკაციის შესაძლო მიზნებს, ოფიციალური განმარტებით, რუსული პროპაგანდისტული მანქანა მოწოდებულია მიჩქმალოს მძიმე კრიმინოგენური ვითარება და საერთაშორისო ყურადღების არარსებულ პრობლემებზე გადატანას ცდილობს, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ საბრძოლო ”მზადყოფნა ნომერი 2” მზადყოფნის უმაღლესი ხარისხია, რაც, თავის მხრივ, დასტურია იმისა, რომ რუსეთი საგანგებოდ ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის.

”ძასოხოვი პოლიტიკაში მიდის და სააკაშვილის წინააღმდე ბრძოლას იწყებს, ანუ ვის დააფინანსებს ოსი მილიონერი” – ვრცელ ინტერვიუს ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვთან დღეს გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ მან საქართველო , საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე პროტესტის ნიშნად, დატოვა. მაინც რა არ მოსწონს გოჩა ძასოხოვს? „ როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც იტყვიან, წამოვეგე. დავიჯერე, რომ მას მართლაც სურს ააშენოს ახალი საქართველო, მრავალნაციონალური დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა ერი თანაბარუფლებიანი იქნება. მე მათ შორის ვიყავი, ვინც გამოეხმაურა მის მოწოდებას, საქართველო აეღორძინებინა.სამი გადამამუშავებელი კომბინატი ავაშენე–გორის რაიონში, გურჯაანსა და ქობულეთში. 6 თვეში მოვახდინეთ თბილისის ნაციონალური სტადიონის რეკონსტრუქცია. სააკაშვილი ჩვენი დროის გმირს მიწოდებდა, მაგრამ შეცდა, როცა ეგონა, რომ მაიძულებდა, ოსი ხალხის წინააღმდეგ წავსულიყავი. ამის გაკეთება არ შემიძლია. მე ქართველებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მათთვის სიცოცხლესაც გავწირავ, მაგრამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ვერ წავალ“, - უთხრა გოჩა ძასოხოვმა გაზეთ ”ვერსიას”.

„ქართული სამხედრო რეფორმა - ალტერნატიული ხედვა“– გაზეთ „24 საათში“ დაბეჭდილ ამ სტატიაში ვაშინგტონის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ვიცე–პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი აღწერს, თუ რაოდენ რთულია მოკლე ვადებში წარმატებული შეიარაღებული ძალების შექმნა. მისი შეფასებით, „ თუ რუსეთის არმიის დამარცხება გარეშე ძალის დახმარებით ნატოს წევრობის ლაკმუსის ქაღალდია, მაშინ გამოდის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი 26 წევრიდან ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარება ბევრს გაუჭირდებოდა.”

”ოსებმა ქართული ეკლესია გადალესეს და დაისაკუთრეს” – წაიკითხავთ ინტერვიუში ლიახვის ხეობის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ გურამ ვახტანგიშვილთან. მისი აზრით, აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ქართული მხარის წარმომადგენელიც უნდა შევიდეს, რადგან ”რუსები და სეპარატისტები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართველებს არ უშვებენ. ამიტომ ხეობაში ჩასულ საგამოძიებო ჯგუფს შეიძლება გადამწვარი და დანგრეული ქართული სოფლები, ქართველების დამწვარი სახლები ოსებმა წარუდგინონ ისე, თითქოს ოსებით დასახლებული სოფლები იყო და ჩვენ გადავწვით“, – უთხრა გურამ ვახტანგიშვილმა გაზეთ „ახალ თაობას.“
XS
SM
MD
LG