Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქარქუსოვების მოსკოვური «აღსარება» ” – სტატიაში, რომელსაც გაზეთი


”ქარქუსოვების მოსკოვური «აღსარება» ” – სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის

შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი ძმის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასადმი“ მიცემული ინტერვიუს ზოგიერთ დეტალზეა საუბარი. კერძოდ, ძმები ინტერვიუში ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა იყო, რომ არჩევნებზე რუსი ჟურნალისტის მიხეილ ლეონტიევის მკვლელობა იგეგმებოდა, რომ დროებითი ადმინისტრაციის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ქართული სპეცსამსახურები კურირებდნენ და ასე შემდეგ. ”რეზონანსის” ცნობით, გაქცეულების მესამე ძმა ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელიც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეა, ძმების რუსეთში გაქცევის მიზნებსა და მიზეზებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

დღესვე გაზეთი „რეზონანსი“ იუწყება, რომ ალასანია–ახლები–რესპუბლიკელების ალიანსი თითქმის გადაწყვეტილია. გაზეთის ცნობით, ორშაბათს, 16 თებერვალს, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია საზოგადოების წინაშე თავისი გუნდით წარდგება, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში - სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე - ახლები–რესპუბლიკელების პოლიტიკურ ალიანსთან ალასანიას ერთობა ასევე საჯაროდ დაფიქსირდება. “ჩვენ ამ ეტაპზე დადასტურებით, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, - წაიკითხავთ ”რეზონანსში”, - რომ ალასანიას გუნდის შემადგენლობაში გაერთიანებულნი იქნებიან საქართველოს ყოფილი ელჩი შვეიცარიაში ლევან მიქელაძე, ახლახან გადამდგარი საქართველოს ელჩი ეუთოში ვიქტორ დოლიძე, იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი ზურაბ აბაშიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი. კიდევ უფრო აფართოებს ამ წინასწარ სიას გაზეთი „ყველა სიახლე“, რომლის ცნობითაც, ალასანიას გუნდში ვიხილავთ სახალხო დამცველ სოზარ სუბარს და საქართველოს ელჩს ჰოლანდიაში მაია ფანჯიკიძეს. „ პროდასავლური და გაწონასწორებული პოლიტიკური ძალებისაგან შეკრული კოალიცია, დასავლეთისთვის მისაღები ლიდერით, თუნდაც ალასანიას სახით, ალბათ, საკმარისი იქნება, რომ ოპოზიციამ დასავლეთიდან მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც მას ასე აკლდა 2007–2008 წლებში.“

”ტალიავინის მისია–გამოძიება ისტორიული ასპექტებით” – სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, ევროკავშირის მიერ შექმნილი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და მიზნების შესახებ წაიკითხავთ. „ევროკავშირის ასეთი საგამოძიებო მისია ერთადერთია და მის მიერ მომზადებულ დასკვნას გარკვეულწილად პრევენციის ფუნქცია სხვა კონფლიქტების შემთხვევებშიც ექნება“, - ნათქვამია სტატიაში.

„დავითაიას მასალებმა ტალიავინი გადარია“ - ასე აფასებს გაზეთი ”ახალი თაობა” იმ შთაბეჭდილებას, რომელიც საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში გამოხატა, კერძოდ, პაატა დავითაიასთან შეხვედრის შემდეგ. გაზეთ „ახალი თაობის“ ცნობით, 90–იან წლებში მომხდარი კონფლიქტების დროს აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნოწმენდის მასალები საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს გადასცა. ამას გარდა, კომისიას გადაეცა რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის დასკვნაც - ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების თანხლებით. ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო კომისია ობიექტურ დასკვნას დადებს, იქამდე კი ჯერ ისევ შორსაა და, თანაც, ცნობილი არ არის, როგორი იქნება ტალიავინის თვალით დანახული სიმართლე, – წაიკითხავთ გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე.
XS
SM
MD
LG