Accessibility links

logo-print

ხელისუფლება რუსეთთან ომის დროს დაღუპულ იდენტიფიცირებულ მეომრებს აჯილდოებს


12 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რუსეთთან აგვისტოს ომის დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების მორიგი ცერემონია გაიმართა.

ორდენები და მედლები გადაეცათ იმ მებრძოლთა ოჯახებს, რომელთა ვინაობა მხოლოდ გენეტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა. პარალელურად სამხედრო უწყებამ უკვე გამოაცხადა კონკურსი საძმო სამარხის მოწყობაზე მუხათგვერდის სასაფლაოზე. მოძიებისა და იდენტიფიცირების შემდეგ საძმო სასაფლაოზე ასევე დაკრძალავენ იმ 13 სამხედრო მოსამსახურის ცხედარს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან და რომელთა რაოდენობა საზოგადოებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის 46 სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მედლებითა და ორდენებით დაჯილდოვდა. უმრავლესობას საბრძოლო ჯილდო სიკვდილის შემდეგ - უფრო ზუსტად, მათი ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ - გადაეცა.

[დაჯილდოების ხმა ]

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ჯილდოები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვასილ სიხარულიძემ მებრძოლთა ცოლებსა და მშობლებს გადასცა. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, გარდაცვლილი მეუღლის ნაცვლად, კაპრალ ემზარ წილოსანის მეუღლემ, მაიამ, ჩაიბარა, რომელიც ღონისძიებაზე ორი მცირეწლოვანი შვილით მოვიდა.

[მაია წილოსანი]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს ყოველგვარი დახმარება და თანადგომა აღუთქვა სახელმწიფოს სახელით. აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაღუპული 157 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა უკვე მიიღო სახელმწიფოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, 15 ათასი ლარი. დაღუპული მებრძოლებისათვის, საკონკურსო წესით, აშენდება საძმო სასაფლაო მუხათგვერდში. თუმცა ბევრი სამხედრო მოსამსახურის ჭირისუფალმა დაღუპულთა ნეშტი უკვე საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენა. მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტნის, გიორგი კირაკოზაშვილის, ცხედარიც ოჯახმა მშობლიურ სოფელში გადაასვენა.

[გიორგი კირაკოზაშვილის სიდედრი]

ზოგიერთი დაღუპული მეომრის ახლობელმა, რომლებიც საქართველოს შორეულ რეგიონებში ცხოვრობენ, 12 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ამიტომ სახელმწიფო ჯილდოებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მათ ოჯახებში მიუტანენ. სამწუხაროდ, სამხედროების სიკვდილის შემდეგ დაჯილდოება ბოლო არ არის საქართველოში, რადგან ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება თავდაცვის სამინისტროს 13 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 სამხედრო მოსამსახურე. მათი მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ნაცვლად, ამიერიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც შოთა უტიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 სამხედრო მოსამსახურის ადგილმდებარეობის შესახებ სამინისტრო ახალ ინფორმაციას არ ფლობს.

[შოთა უტიაშვილი]

თუმცა უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების სავარაუდო რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ჩამოიტანა გაზეთ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა, რომელიც ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების პრობლემაზე სხვა ქართველ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს აწარმოებს რუსეთის საზოგადოებრივ საქმეთა პალატისა და სხვა რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

[ მალხაზ გულაშვილი] ”მათი ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ქართველი მეომრები არიან დამარხულები ცხინვალთან ახლოს, სადღაც ას კაცამდე ასახელებენ, მაგრამ რამდენად ეს რეალობას შეესაბამება, არ ვიცი. ამას სჭირდება ადგილზე შესვლა და სამუშაოების ჩატარება.”(სტილი დაცულია)

სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მომუშავე რუსულ-ქართული ერთობლივი ჯგუფის თხოვნით, ერთ-ერთი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებდა ცხინვალში შესვლას სავარაუდო სამარხების მოსაძებნად, მაგრამ, მალზახ გულაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსი მომკვლევები ცხინვალში არ შეუშვა.
XS
SM
MD
LG