Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 000 დოლარიანი საჩუქარი გარემოს დაცვის სამინისტროს


რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის

გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდმა 100 000 დოლარის ღირებულების სპეცტექნიკა გადასცა. ხელშეკრულება გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს გაფორმდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და კავკასიის დაცული ტერიტორიების დირექტორმა დევიდ მორისონმა დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის გადაუდებელი ხანძარსაწინააღმდეგო დახმარების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მინისტრმა იხუმრა, აქამდე ჯიმ მორისონის ფანი ვიყავი და ახლა დევიდ მორისონის ფანი გავხდიო, და ამ დახმარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:

[გოგა ხაჩიძე] ”როდესაც ამხელა ფინანსური კრიზისია მსოფლიოში და ასეთი კონკრეტული შეთანხმებები არ ქრება ასე უკვალოდ, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობაზე და დღეს მივიღეთ პირველი კონკრეტული შედეგი. ეს არის დაახლოებით 100 000 დოლარის სპეცტექნიკა, სპეცტანსაცმელი, და ეს ყველაფერი გადაეცემა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკს.”

თუმცა ეს კონკრეტული დახმარება, გადამწვარი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის აღდგენისათვის საჭირო თანხებთან შედარებით, ზღვაში წვეთია. აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ეკოსისტემისათვის მიყენებული ზარალის დათვლა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული.
თვად გოგა ხაჩიძე გვეუბნება, რომ დღეისათვის დათვლილი ზარალი მილიარდი დოლარია. ამბობს იმასაც, რომ ასეთი ტიპის ზარალის დათვლის გამოცდილება საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ამიტომ ის თანხა, რომელიც ექსპერტებმა დაითვალეს, შესაძლოა ვინმესთვის საკამათო თანხა აღმოჩნდეს, თუმცა მთავარი, მისი თქმით, ის არის, რომ ამ ზარალის სისტემურად შეფასება მოხდა:

[გოგა ხაჩიძე] ”საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ დავითვალოთ რამდენი ხე დაიწვა. აქ საუბარია კომპლექსურ ზარალზე, რომელიც მიადგა მთლიანად მიკროკლიმატს, ეკოსისტემას ამ კონკრეტულ ადგილზე. რისკები, რომლებსაც წარმოქმნის ეს ხანძარი, ბალანსის დარღვევა, რომელიც მოხდა ამ არეალში. ანუ შევისწავლეთ იქ არსებული მდგომარეობა და მოხდა ამ ტერიტორიის იზოლირება, ანუ შემოვღობეთ. ჩვენთან დევს პროექტი და ახლა ვეძებთ თანხებს ამ პროექტის განსახორციელებლად.” (სტილი დაცულია)


შემოღობილ ტერიტორიაზე ჯერ არაფერი გაკეთებულა. მინისტრი ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

[გოგა ხაჩიძე] ”პირველ ეტაპზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ შევაკავოთ ის ნიადაგი, რომელიც საკმაოდ თხელია. ასევე, არ უნდა მოიჭრას ჯერ ეს დამწვარი ხეები და ასე უნდა იდგეს. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიადაგი დამაგრდება, შევძლებთ იქ ნერგების შეტანას და ა.შ.”


რადიო ”თავისუფლება” ესაუბრა კავკასიის გარემოსდაცვითი ქსლის აღმასრულებელ დირექტორს ნანა ჯანაშიას, რომელიც იმ სამთავრობო კომისიის წევრიც იყო, რომელიც ომის შემდგომ შეიქმნა და ეკოციდის შედეგებს სწავლობდა. მას ეჭვი ეპარება ზარალის ცნობილი რაოდენობის სიზუსტეში და აცხადებს:

[ნანა ჯანაშია] ”შეფასება ამ ზარალისა არ მომხდარა. კომისიის გარკვეული ჯგუფის წევრებმა გააკეთეს დასკვნა, შეაფასეს ეს ზარალი და მიიღეს მილიარდზე მეტი, რაც, ჩემი აზრით, აბსურდული ციფრია.”

ამ სკეპტიციზმის საფუძველს ნანა ჯანაშიას ისიცი აძლევს, რომ:

[ნანა ჯანაშია] ”ამ კომისიას ტექნიკური დავალება არ მიუღია. ანუ მისია განსაზღვრული არ გვქონია. ვიკრიბებოდით პერიოდულად, რამდენჯერმე ველზეც გავედით, მაგრამ რატომ ვიკრიბებოდით და რატომ დავდიოდით, ნათელი არავისთვის იყო.”

ნანა ჯანაშიას ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები მეტად ნაჩქარევი იყო, თუმცა მათ დასაწყისშივე აღნიშნეს ის საშიშროება, რაც აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებით გაზაფხულზე ელის:

[ნანა ჯანაშია] ”ეუთოს ჯგუფი ჩამოვიდა, რომელმაც ასევე გააკეთა დასკვნა და ისინი ამბობდნენ, რომ გარკვეულ უბნებში ტყე აბსოლუტურად ვეღარ აღდგება და იქ მოსალოდნელია მეწყერული პროცესები და იმასაც კი ამბობდნენ, რომ, შესაძლოა, გაზაფხულზე ამ საშიშროების გამო საჭირო გახდეს რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის ტერიტორიიდან გაყვანა.”

ქსლის ხელმძღვანელი იმ გადაუდებელ აუცილებელ ღონისძიებებზეც საუბრობს, რაც ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაზიანებულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს:

[ნანა ჯანაშია] ”ალბათ, უნდა გაკეთდეს ანტიეროზიული და ანტიმეწყერული გეოინჟინრული ჩარევა, მაგრამ ეს თანამედროვე მეთოდებით უნდა გაკეთდეს, ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც სენსიტიური ეკოსისტემა გვაქვს, რომელიც ისედაც დაზარალდა. ასევე, რადგან დიდი რაოდენობით ხეებია დამწვარი, არსებობს საშიშროება, რომ პარაზიტული დაავადებები გავრცელდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თოვლი დადნება და ამ მხრივაც იქნება საჭირო ჩარევა.”

გარემოს დაცვის მინისტრი გვეუბნება, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი 4 მილიარდიანი დახმარებიდან ხანძრის და ეკოციდის შედეგების აღმოსაფხვრელად 7 მილიონი დოლარია გამოყოფილი. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, მილიარდიანი ზარალის პირობებში, თუ ამ ციფრის სიზუსტეში ეჭვს არ შევიტანთ, 7 მილიონი ვერაფერი ნუგეშია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG