Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციულ საკონსულტაციო ცენტრს კორუფციის ფაქტებს მოქალაქეები აცნობებენ


იმ ადამიანებს, ვისაც კორუფციის ფაქტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ახლად

დაარსებულ ანტიკორუფციულ საკონსულტაციო ცენტრს ამის შესახებ აცნობონ. ცენტრი ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში შეიქმნა და პროექტის განხორციელებაც უკვე დაიწყო. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ იქ კონკრეტული ფაქტებით მივიდნენ.


ეს სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღეში გავა ტელევიზიებისა და რადიოების ეთერში.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში დღეს გაიხნა ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი, რომლის მიზანიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვაა.

ერთი დღით ადრე პარლამენტში მისული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კორუფციის არსებობის შესახებ ასეთ განცხადებას აკეთებს:


[მიხეილ სააკაშვილი] ”ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის დამარცხება. ამის თქმა არ შეუძლია არც ბულგარეთს, არც რუმინეთს, რომელიც მიიღეს ევროკავშირში, არც ხორვატიას, რომელსაც ახლა იღებენ ევროკავშირში, არც გერმანიას და არც სხვა ქვეყნებს, რომლის ექსპერტებიც ჩამოდიან და ხანდახან ჭკუას გვარიგებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფციის ცალკეული ფაქტები არის, მაგრამ ინსტიტუციური კორუფცია საქართველომ დაამარცხა.” (სტილი დაცულია)

ორგანიზაციაში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კი ფიქრობენ, რომ კორუფცია საქართველოში დამარცხებული არ არის და ამიტომაც:

[თამარ ქაროსანიძე] ”დღეიდან ჩვენს ოფისში ფუნქციონირებას იწყებს ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მიიღებს ინფორმაციას მოქალაქეებისაგან სხვადასხვა სახის კორუფციული პრობლემების შესახებ, თუ რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ისინი, რომელ სფეროებში, რომელ სტრუქტურებში, რომელ რეგიონებში, და ჩვენ მათ გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციას და დავეხმარებით იმის განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს კორუფციული პრობლემა.”(სტილი დაცულია)

გვეუბნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე.
პროგრამის დირექტორი ნინა ხატისკაცი კი ამბობს, რომ მსგავს ცენტრებს მუშაობის გამოცდილება არაერთ ქვეყანაში აქვთ:

[ნინა ხატისკაცი] ”მსგავსი ცენტრები ფუნქციონირებენ საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე საქართველოზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც.”


ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე, შაბათ- კვირის გარდა. მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ ოფისში, რუსთაველის # 26-ში, ან დარეკონ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 822 009 888.

რაც შეეხება პროცედურას,თუ ადამიანს კორუფციის კონკრეტული ფაქტის შესახებ აქვს ინფორმაცია და ცენტრს აცნობებს:


[თამუნა ქაროსანიძე] ”ამ ინფორმაციას ჩვენი იურიდიული კონსულტანტები შეისწავლიან და განსაზღვრავენ, რა ზომები უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას. თვალყურს მივადევნებთ ბოლომდე ამ მოქალაქის განცხადებას და საჩივარს და შევამოწმებთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა ამ საჩივარზე.”

გვიხსნის თამარ ქაროსანიძე.


ცენტრს, გარდა ძირითადი მიზნისა, შეამციროს კორუფციის დონე, სხვა ქვემიზნებიც აქვს:

[თამარ ქაროსანიძე] ”მოქალაქეები სწავლობენ, თუ აწყდებიან კორუფციულ პრობლემას, როგორ უნდა გადაჭრან ის, ისინი თავად მონაწილეობენ ამ განცხადების შედგენაში და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში, ასევე ჩვენ ვაკეთებთ სტატისტიკურ ანალიზს შემოსული განცხადებების და განვსაზღვრავთ, რომელ სფეროებშია ყველაზე ხშირად კორუფციული პრობლემები.”(სტილი დაცულია)

ამას ისიც დაემატება, რომ ცენტრი შეაფასებს, რომელი სახელმწიფო სტრუქტურა რეაგირებს ყველაზე ეფექტურად და დროულად მოქალაქეების განცხადებებზე, და ამ სტრუქტურების შესაბამისი რანგირებებიც გამოქვეყდნება. თამარ ქაროსანიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ მისცემთ საშუალებას ხარვეზების გამოვლენის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშაონ. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც. რომ ამ პროცესშიც ხალხი იქნება ჩართული.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მოქალაქემ ცენტრს? კონკრეტული მაგალითები ასეთი შეიძლება იყოს:

[თამარ ქაროსანიძე] ”შეიძლება იყოს ასეთი მაგალითი: მეწარმე, რომელსაც უკავშირდებიან საგადასახადო ინსპექციიდან და სთხოვენ უფრო მეტი გადასახადის გადახდას, ვიდრე მას ეკუთვნის კანონით, ან გადასახადი გადაიხადოს უფრო ადრე, ვიდრე ეს მას კანონით ეკუთვნის... შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ადამიანს რაღაც დოკუმენტის მიღება სჭირდება, დოკუმენტის ან ნებართვის, ის აკმაყოფილებს ყველა პირობას, რომ ეს ლიცენზია მიიღოს, მაგრამ ამას უჭიანურებენ ან არ აძლევენ ამ დოკუმენტს, იმიტომ რომ სურთ ქრთამის მიღება ან ვიღაც ახლობლის ჩარევა სურთ, რომ ეს პრობლემა გადაუჭრან.”(სტილი დაცულია)

ანტიკორუფციულ ცენტრში კონსულტაცია უფასოა. უფასოა ასევე სატელეფონო ზარები - როგორც სახლის, ისე მობილური ტელეფონის.







XS
SM
MD
LG