Accessibility links

გაეროს რეზოლუცია, რომელმაც ოკუპანტიც კმაყოფილი დატოვა და ოკუპირებულიც


გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ოთხი თვით გაუგრძელა მოქმედების ვადა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს,






რომლებიც უსაფრთხოების ზონაში 1993 წლის შემდეგ იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუციის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მეთვალყურეთა მისიის გაგრძელებას მიესალმნენ და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს გაეროში როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა. რა წერია კონკრეტულად რეზოლუციაში? სად, რას და როგორ უნდა დააკვირდეს 400-მდე გაეროს სამხედრო დამკვირვებელი რუსეთის მიერ აღიარებულ და მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე?

გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ყოველგვარი კამათისა და დაპირისპირების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის მონიტორინგის მანდატის გაგრძელების შესახებ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, იაპონიის მუდმივმა წარმომადგენელმა, საქართველოზე რეზოლუციის მიღებას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ კი ეს ფაქტი ქართული დიპლომატიის მორიგ გამარჯვებად მიიჩნია. აი, რა განაცხადა აკიშბაიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში:

[მალხაზ აკიშბაია] ”საუბარია 12 კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაზე და საუბარია 24 კილომეტრიან შეიარაღების შეზღუდვის ზონაზე. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ ეს რეგიონი უნდა გაათავისუფლოს თავისი უკანონო ბანდფორმირებებისა თუ შეიარაღებისაგან.”(სტილი დაცულია)

მალხაზ აკიშბაიას განმარტებით, ეს ჩანაწერი, თუკი იგი შესრულდა, ფაქტობრივად, რეგიონის დემილიტარიზაციას ნიშნავს. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ასევე დარწმუნებულია, რომ რეზოლუციაში ნახსენები ძალის გამოუყენებლობაც არა საქართველოს, არამედ სწორედ რუსეთისა და თვითაღიარებული აფხაზეთის ვალდებულებას გულისხმობს:


[მალხაზ აკიშბაია] ”ამ მხრივ საქართველომ უკვე აიღო თავის თავზე ეს ვალდებულება. და ისევ და ისევ რეზოლუციის ეს პუნქტი ვრცელდება რუსულ მხარეზე, რომ მომავალში რუსულმა მხარემ თავი შეიკავოს და რაღაც აგრესიული ქმედება არ განახორციელოს ამ რეგიონში.”(სტილი დაცულია)

საინტერესოა აღინიშნოს, რომ რეზოლუციის ამავე დებულებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი, რომელმაც რეზოლუციის მიღებას და გაეროს მეთვალყურეთა მისიის გაგრძელებას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა:

[ვიტალი ჩურკინი] ”ეს არის ფუნდამენტური საკითხი. როგორც თქვენ იცით, საქართველო არ თანხმდება ხელი მოაწეროს კანონიერად დამავალდებულებელ ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და ეს არის რეგიონში არსებული სიტუაციის მთავარი მადესტაბილიზებელი ელემენტი.”

ჩურკინი ასევე დარწმუნებულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ამ ”ტექნიკური ხასიათის რეზოლუციის” შემდეგ მსჯელობა გაიმართება და მხედველობაში იქნება მიღებული ის ახალი რეალობა, რომელიც 12 აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. როგორც ცნობილია, აგვისტოში რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის სამხედროების დახმარებით, აფხაზურმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს მანამდე საქართველოს იურისდიქციაში მყოფ კოდორის ხეობაზე. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მალხაზ აკიშბაიას თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ნაკლი სწორედ ისაა, რომ მასში ოკუპირებულ ზემო აფხაზეთზე არაფერია ნათქვამი:

[მალხაზ აკიშბაია] ”კოდორის ხეობაზე ამ რეზოლუციაში არაფერი არ წერია. სამწუხაროა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეზოლუციაში არ იყო ასახული რუსეთის აგრესიის ფაქტები, რაც მოხდა აგვისტოს დროს.”

კოდორის ხეობაზე, ისევე როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში 12 აგვისტოს შემდეგ შეცვლილ ვითარებაზე, გაეროს შემდგომში აუცილებლად მოუწევს მსჯელობა. თუმცა, როგორც ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ სავერსმა განაცხადა, ”ნებიმისმიერი გრძელვადიანი მოწესრიგების პროცესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხედველობაში უნდა იყოს მიღებული”.



XS
SM
MD
LG