Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ სამხედრო ექპერტთან, პაველ ფელგენჰაუერთან


რადიო ”თავისუფლებამ” ინტერვიუ ჩამოართვა რუს სამხედრო ექსპერტს პაველ ფელგენჰაუერს. ის გასული წლის ივნისში ვარაუდობდა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის აგვისტოში დაწყებას.

შეკითხვებით, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის განახლების ალბათობას ეხება, მას ჩვენმა თბილისელმა კოლეგამ ეკა წამალაშვილმა მიმართა.
- საქართველოს ხელისუფლებაში ლაპარაკობენ, რომ რუსეთის გეგმაში რჩება განახორციელოს ახალი პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განახლების მიზნით. ასახელებენ ვადებსაც. ითქვა, რომ რუსეთი გეგმის რეალიზაციას ივნისამდე შეეცდება. რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით და რას იტყვით თავად, რამდენად რეალურია ახალი ომის დაწყება?


” დაზუსტებით ვერ გეტყვით. შარშან ივნისში აგვისტოს ომი ვივარაუდე 90 პროცენტით, ივლისში - 99 პროცენტით. მაშინ მქონდა ზუსტი ცნობები. დღეს ასე დაზუსტებით არ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ გეტყვით, რომ ომის განახლების საშიშროება სერიოზულია. ივნისამდე ლაპარაკობენ, უბრალოდ, იმიტომ რომ აპრილის ბოლომდე ბრძოლების წარმოება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია. უღელტეხილები თოვლით არის დაფარული, მაისიდან გზები იხსნება, ამიტომ ივნისიდან უკვე შეიძლება. შეიძლება ივნისში დაიწყოს, შეიძლება ივლისში. აგვისტო ბოლო ვადაა.”

- რატომ არის აგვისტო ბოლო ვადა?


” სერიოზული კამპანიის დაწყებისთვის მომზადებაა აუცილებელი, მზადებისთვის კი - კარგი ამინდები. ოქტომბერში უღელტეხილები ისევ თოვლით იფარება. ომის დაწყების დაგვიანება სარისკოა. რუსეთის გენერალური შტაბი ასეთ რისკზე არ წავა. სერიოზული კამპანიის დაწყების წინ მზადებისთვის საჭიროა 2 თვე, კარგი ამინდით. ”

- როგორი შეიძლება იყოს შესაძლო სცენარები? რუსეთი ცდილობს გავლენის აღდგენას კიევსა და თბილისზე, მაგრამ ვითარება უკრაინასა და საქართველოში განსხვავებულია. როგორ შეიძლება იმოქმედოს კრემლმა კიევის და როგორ თბილისის წინააღმდეგ ?


”უკრაინასა და საქართველოში ვითარება, მართლაც, განსხვავებულია, სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. სტატუს-კვო, რაც მივიღეთ აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი მთავარი სამხედრო მოკავშირე კავკასიაში სომხეთია და ჩვენი ჯარი სომხეთში აღმოჩნდა მოწყვეტილი ჩვენგან. აზერბაიჯანიდან შეუძლებელია სამხედრო ტრანზიტი და საქართველოდანაც შეუძლებელია. არადა, სომხეთში თავმოყრილია რუსეთის სერიოზული მძიმე ტექნიკა. რუსეთის მძიმე ტექნიკა საქართველოში არსებული რუსეთის ყოფილი ბაზებიდან სწორედ იქ იქნა გატანილი. საჭიროა ამ ტექნიკის მოვლა, მოდერნიზაცია, რაც შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია - ტრანზიტი არ არის. რუსეთის სამხედრო ძალა სომხეთში ჩვენი ერთადერთი სამხედრო წარმომადგენლობაა კავკასიაში და რა ხდება? - ის მოწყვეტილია ჩვენგან. ამასთან შეუგება არ შეიძლება. ასე სომხეთმა, შესაძლოა, სხვა მიმართულებით დაიწყოს ყურება. აუცილებელია მასთან სახმელეთო სატრანზიტო გზის გახსნა. ამისთვის აუცილებელია თბილისში რეჟიმის შეცვლა.”

- როგორც თქვენ ამბობთ, ”რეჟიმის შეცვლა” უმთავრესი ამოცანაა ?

”ერთია, რომ არ მოგვწონს სააკაშვილი, არ მოგვწონს საქართველოს კურსი ნატოსკენ და მეორე ის, რომ სომხეთი ჩვენგან მოწყვეტილია. მოსკოვში იყო დიდი იმედი, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი დაემხობოდა. მოსკოვში დღესაც აქვთ იმედი იმის, რომ ოპოზიცაა შეძლებს სააკაშვილის დამხობას ანდა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც არ მოსწონს სააკაშვილი. თუ ეს იმედები არ გამართლდება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, როცა დიდია ცეცხლის განახლების რისკი, თავისთავად გაიზრდება ომის განახლების ალბათობაც. მინდა გითხრათ, რომ სამხრეთ ოსეთისთვისაც მიუღებელია ეს სიტუაცია. გეოგრაფიულად ის საქართველოს ეკონომიკური სივრცეა. როკიდან გზა ზამთარში იკეტება. იქ შიათ, შიათ ჩვენს სამხედროებსაც. ასეთი სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რა შეიძლება მოხდეს? როგორ შეიძლება აფეთქდეს სიტუაცია? შესაძლოა, იყოს შეტაკება, რომლის შედეგადაც დაიჭრებიან და, ღმერთმა ნუ ქნას, დაიღუპებიან რუსი სამხედროები და ამას გამოიყენებენ თბილისზე მსვლელობისთვის.”

- შეუძლია თუ არა რუსეთის ასეთ გეგმებში ცვლილებების შეტანა ეკონომიკურ კრიზისს, ნავთობზე ფასის შემცირებას და, ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო ზეწოლას?


”სააკაშვილი თავის გამოსვლებში ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში რუსეთს გაუძნელდება ახალი ომის დაწყება. თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. ახლა მოსკოვში სჯერათ, რომ დასავლეთმა საქართველოს მიტოვება განიზრახა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან ობამას მთავარი მიზანი ავღანეთის პრობლემის გადაჭრაა, ჩვენ კი ავღანეთისკენ გზებს ვაკონტროლებთ, შეგვიძლია მოვთხოვოთ ამერიკას, დაგვითმოს საქართველო. არ ვიცი, რამდენად არის ასე, მაგრამ მოსკოვში ასე ფიქრობენ. ”

- დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა აკონტროლოს საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი. განცხადება ორიოდე დღის წინ გააკეთა. კონტროლში რა მექანიზმები უნდა ეგულისხმა მედვედევს?


”როცა ვამბობთ, რომ უნდა ვაკონტროლოთ ვინ აწვდის იარაღს საქართველოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ზეწოლა საქართველოსთვის იარაღის მიმწოდებლებზე. თუ ვემზადებით ომისთვის, - და ეს უნდა იყოს ომი საბოლოო გამარჯვებისთვის, - მაშინ გვსურს საქართველომ არ მიიღოს იარაღი. როცა გავიგეთ, რომ ისრაელი აწვდიდა საქართველოს იარაღს, ზეწოლა მოვახდინეთ მასზე. ამის შემდეგ ისრაელმა შეწყვიტა საქართველოს მომარაგება. რუსეთი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ირანს რაკეტები და შეგვიძლია არ გავაკეთოთ ეს, თუკი ისრაელი გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯებს. უნდა ვიცოდეთ, საიდან რა არის მოსალოდნელი და გამოვიყენოთ რუსეთის გავლენა. ამის გაკეთება შეიძლება დიპლომატიური არხებით.
რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება დაიწყოს ომი... მთავარი ბრძოლა, ალბათ, გორსა და მცხეთას შორის გაიშლება და თუ შეძლებენ მცხეთიდან თბილისში შესვლას, მაშინ ყველაფერი დამთავრდება.. ”

რას გულისხმობთ ყევლაფრის დამთავრებაში, თბილისის აღებას?

”მნიშვნელოვანია არა მარტო თბილისში შესვლა, არამედ თბილისის აღმოსავლეთ ნაწილის გაკონტროლება, მანდ არის აეროდრომები: ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, საერთაშორისო სამოქალაქო აეროდრომი. არის სხვა ასაფრენი ბილიკებიც. სამხრეთ ოსეთში ასეთი ბილიკები არ არის. უახლოესი სამხედრო აეროდრომი ბესლანში გვაქვს, ის კი შორსაა. თბილისის აეროდრომების კონტროლი უმთავრესი ამოცანაა, რათა, ისინი გამოყენებული იქნეს შეიარაღებისა და ძალების გადმოსროლისთვის. თვითონ დედაქალაქი სხვა საკითხია. მიზანი, რა თქმა უნდა, მოქმედი რეჟიმის ლიკვიდაციაა. შეიძლება ცოტა დაცდა, იქნებ თვითონ დაემხოს. თუ ასე არ მოხდა, საჭირო გახდება მოქმედება, რადგან ვითარება ისეთია, შეტაკება გარდაუვალი ხდება. ამის თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ რეჟიმის შეცვლით ან თბილისში, ან მოსკოვში ...”

- რამდენად არის დამოკიდებული ყველაფერი ობამასა და მედვედევის შეხვედრაზე, შეუძლია თუ არა ობამას ხელი ააღებინოს პუტინსა და მედვედევს ომის განახლების განზრახვაზე?


”პრინციში დამოკიდებულია. მნიშვნელოვანია რამდენად სერიოზულ სიგნალს გაუგზავნის ვაშინგტონი მოსკოვს და რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ სიგნალს მოსკოვში. ასევე, რამდენად მოხდება შეთანხმება სხვა საკითხებზე. ჩვენ მკაფიოდ დავსვით საკითხები. ვთქვით, რომ ვიხდით დიდ ფულს ყირგიზეთში ამერიკის ბაზის დახურვისთვის; ამერიკელებს ვუთხარით, რომ დავეხმარებით ავღანეთში, რადგან უჩვენოდ იქ არაფერი გამოუვათ, და სანაცვლოდ ვთხოვთ დათანხმდნენ ჩვენი გავლენის სფეროს აღდგენაზე ...”


გავლენის სფეროს აღდგენა და ამისთვის სააკაშვილის ხელისუფლების ლიკვიდაცია - რუსეთის ამ ორ მიზანზე ლაპარაკობთ? უმთავრესი პრობლემა კრემლისთვის მაინც სააკაშვილია?


”სააკაშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პუტინთან. მათ ერთმანეთი ძალიან არ უყვართ. განსაკუთრებით პუტინს არ უყვარს. ჩვენმა პრეზიდენტმა აგვისტოში თქვა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, მაგრამ ის არ ჰგავს პოლიტიკურ გვამს. გამოდის, ჩვენი პრეზიდენტი შეცდა და ეს კარგი არ არის.”

- დავუშვათ, სააკაშვილი შეიცვალა სხვა პრეზიდენტით. როგორ გგონიათ, რა იქნება მერე ? რას შეცვლის ეს რუსეთისთვის?


”იმ სხვასთან დალაპარაკება შესაძლებელი იქნება. რუსეთს სურს საიმედო ტრანზიტი საქართველოდან სომხეთისკენ, სურს საკუთარი სამხედრო ბაზები საქართველოში, იმავე ახალქალაში.. ”

- მაგრამ ამ მოთხოვნების მიღება ხომ გამორიცხავს საქართველოს დღევანდელ კურსს და, ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობას.?

”რა თქმა უნდა, გამორიცხავს. ნატო არც არაფერ შუაშია. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ გავლენა კავკასიაზე ისე, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს. ამისთვის გვჭირდება საქართველო. ის გეოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვანია და როცა საქართველოზე კონტროლს აღვადგენთ, სხვანაირად დაველაპარაკებით აზერბაიჯანს. ”



.






XS
SM
MD
LG