Accessibility links

logo-print

საქართველოში ჯაშუშთა ახალი სკანდალი მწიფდება?


პროგრამა ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს

ერთ ბურუსით მოცულ საქმეს ეძღვნება. თითქმის ერთი თვე ხდება, რაც საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის 2 წევრი, გრიგორ მინასიანი და სარქის აკობჯანიანი დააკავეს. გამოძიება მათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ჯაშუშობაში სდებს ბრალს. თუმცა, სამცხე-ჯავახეთში სომხური თემის დაკავებულ წარმომადგენელთა საქმეში უკვე ჩაერთნენ უფლებათდამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მინასიან-აკობჯანიანის ქმედებაში ჯაშუშობის ნიშნები არ იკვეთება. ექსპერტები კი თვლიან, რომ მთელი რიგი ჩავარდნების შემდეგ ქსაქართველოს სპეცსამსახურები უბრალოდ ცდილობენ შეახსენონ საზოგადოებას, რომ მათ არ სძინავთ.
(იხ. აუდიო ვერსია)



თითქმის ერთი თვე ხდება, რაც საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის 2 წევრი, გრიგორ მინასიანი და სარქის აკობჯანიანი, დააკავეს. გამოძიება მათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ჯაშუშობაში სდებს ბრალს. თუმცა სამცხე-ჯავახეთში დაკავებულ სომხური თემის წარმომადგენელთა საქმეში უკვე ჩაერთნენ უფლებათდამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მინასიან-აკობჯანიანის ქმედებაში ჯაშუშობის ნიშნები არ იკვეთება. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ მთელი რიგი ჩავარდნების შემდეგ ქართული სპეცსამსახურები, უბრალოდ, ცდილობენ შეახსენონ საზოგადოებას, რომ მათ არ სძინავთ.

ქართველმა სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები გრიგორ მინასიანი და სარქის აკობჯანიანი 21 იანვარს დააკავეს. ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 23 იანვარს გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ ისინი ”უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მომზადებისა და ჯაშუშობის ფაქტზე დააკავეს.” თუმცა ინფორმაციაში არ იყო მითითებული არც მინასიანისა და აკობჯანიანის საცხოვრებელი ადგილი, არც საქმიანობა და არც ის, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ დაკავებულები, სად და როგორ აპირებდნენ ისინი შეიარაღებული ფორმირების შექმნას.
ეს გარემოება კი ბევრ კითხვას ბადებს არა მხოლოდ უფლებათდაცველებში, არამედ უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ აქტივისტებშიც. დავიწყოთ ბოლოდან.

უსაფრთხოების ექსპერტი, უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ჯაშუშების დაკავება და ამ ფაქტის გამჟღავნება ბოლო სტადიაა სპეცსამსახურების სპეციფიკაში, სადაც უპირატესობა ენიჭება პრევენციას, გადაბირებას და აგენტების ჩანერგვას.

[ბესიკ ალადაშვილი] ”უფრო მეტის მომტანია ყოველთვის დაკვირვება და თუნდაც მოქმედი აგენტურის კავშირის გამოვლენა და მათი მართვა. და ეს დაკავება, ზუსტი ინფორმაციის არქონის პირობებში, მეჩვენება, რომ ხომ არ იყო ნაჩქარევი?” [სტილი დაცულია]

სომეხი ეროვნების მინასიანისა და აკობჯანიანის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება საქართველოში მეორე შემთხვევაა ბოლო ორი წლის მანძილზე. 2006 წლის სექტემბერში საქართველოს სპეცსამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის 4 რუსი ოფიცერი დააკავეს. მაშინ პრესაში ატეხილ აჟიოტაჟსა და ეჭვმიტანილთა დაკავების ”გაპიარებას” სულ მალე მოჰყვა ურთიერთობის უკიდურესი გაუარესება რუსეთსა და საქართველოს შორის.

ამჯერად საქართველოს ხელისუფლება უფრო ფრთხილობს. ინფორმაცია მწირია და კონტროლირებად ტელევიზიებსაც არაფერი უთქვამთ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავებაზე. ”დაკავებულთა საქმე შეგნებულად არ ხმაურდება, რათა მის ირგვლიც არ ატყდეს ხმაური, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამცხე-ჯავახეთში რუსეთის შპიონები მუშაობას ცდილობენო,” - უთქვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმ მაღალჩინოსანს ”ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისათვის”(IWPR) , ავტორიტეტული ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელმაც აკობჯანიანისა და მინასიანის დაკავებას ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა. ორგანიზაციის რეპორტიორები ეყრდნობიან ჯაშუშობისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დაკავებული ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის, საუბარს, რომელმაც გასულ კვირაში რადიო ”თავისუფლებასაც” გაუზიარა გამოძიების ის მტკიცებულებები, რის გამოც სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობა ედებათ ბრალად:

[ნინო ანდრიაშვილი] ”საუბარია კითხვარზე, რომელიც შევსებულ იქნა ამ ორი ადამიანის მიერ და გადაცემული იქნა სხვა სახელმწიფოს ორგანიზაციისათვის.”


ამ კითხვარისა და მისი დამკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა რეპორტაჟში ხსენებული ”ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ჟურნალისტური გამოძიება. აი, რა წერია ამ სტატიაში:

”ორ დაპატიმრებულ სომეხი ეროვნების მოქალაქეს ბრალი ედება თანამშრომლობაში ”მოსახლეობის იურიდიული დახმარების ასოციაციასთან”( ALAP), რომელიც ბელორუსიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა და რომელსაც, თითქოსდა, კავშირი აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.”

როგორც ირკვევა, ორგანიზაცია ALAP-ი სამცხე-ჯავახეთში ცოტა ხნის წინ, გასული წლის დეკემბერში, გამოჩნდა. მისმა ხელმძღვანელმა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაურიგა კითხვარი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებს უკავშირდება - მაგალითად, ე.წ. თურქ მესხთა რეპატრიაციასა და რეგიონში მშენებარე გაზსადენს. კითხვარი, რომელიც მინასიანმა და აკობჯანიანმა შეავსეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილია როგორც მათი ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილი. პატიმართა ქართველი ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის თქმით, გამოძიება ეჭვმიტანილებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაშიც ედავება. აი, რა მტკიცებულება ჰქონია ქართულ სპეცსამსახურს. მოვუსმინოთ ადვოკატ ნინო ანდრიაშვილს:

[ნინო ანდრიაშვილი] ”ანუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ჩასული იყო[ახალციხეში] და გადასცა ეს კითხვარები, ეს ორი ადამიანი მასთან იყო ოფისში, სადაც მოხდა ვიდეო-გადაღება[ფარული].. სადაც ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩამოაყალიბებდნენ შეიარაღებულ ფორმირებას, შექმნიდნენ ლაშქარს, არმიას და ა.შ. თუმცა სამივე ადამიანი ამ დროს იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. თუმცა ეს არ იყო რეალობა. პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სპორტმოედნების შექმნას, სადაც გაწვრთნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალციხის მოსახლეობას.”(სტილი დაცულია)

დაკავებულთა ადვოკატის ანდრიაშვილის თქმით, მინასიანმა და აკობჯანიანმა ჯაშუშობა ნაწილობრიდ აღიარეს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში. რაც შეეხება ბელორუსიაში დარეგისტრირებულ ”მოსახლეობის იურიდიული დახმარების ასოციაცია” ALAP -ს, მისი ოფისი თბილისში დეკემბრის ბოლომდე არსებობდა, თუმცა ”ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” IWPR რეპორტიორების თანახმად, მითითებულ მისამართზე ასეთი ორგანიზაცია უკვე აღარ იმყოფება.

და კიდევ: ჟურნალისტურ გამოძებას IWPR-ში ახლავს ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მეტად ნიშანდობლივი კომენტარი:” გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარე ცდილობს საქართველოში საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ განახორციელოს. საქმე ეხება ათობით მილიონ დოლარს,”- აცხადებს იაკობაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს საქმიანობა საქართველოში. უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო საინტერესო რეგიონი როგორც რუსეთის, ისე სომხეთის სპეცსამსახურებისათვის. თუმცა ექსპერტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ჯაშუშების წინააღმდეგ მოქმედება თბილისიდან და ხელისუფლების ორგანოებიდან დაიწყოს:

[ბესიკ ალადაშვილი] ”ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, თუნდაც საიდუმლო ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით. იგივე, ბოლო მომენტში, როდესაც კონკრეტული ფაქტი გამჟღავნდა, - ძმები ქარქუსოვების ამბავი, რომლებიც [დასადგენია] რა ნდობის ფაქტორით იყვნენ აღჭურვილი, როდესაც ძალიან სერიოზულ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი ორივეს.” [სტილი დაცულია]

ძმები ქარქუსოვებიდან ერთი დიმიტრი სანაკოევის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მეორე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. საქართველოდან მათი გაქცევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იანვრის ბოლოს დაადასტურა.


XS
SM
MD
LG