Accessibility links

logo-print

უგო ჩავესმა რეფერენდუმზე გაიმარჯვა და განუსაზღვრელი ვადით არჩევის უფლება მოიპოვა


ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა რეფერენდუმზე გაიმარჯვა და პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ განუსაზღვრელი რაოდენობით არჩევის უფლება მოიპოვა.

მან უკვე გამოაცხადა, რომ კვლავაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას 2012 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რათა ვენესუელაში დაწყებული ”სოციალისტური რევოლუცია” ბოლომდე მიიყვანოს. მაგრამ რა მოხდება მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს წლებში, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ნავთობის მსოფლიო ფასზე, რადგან ნავთობდოლარები ვენესუელის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს.

(ფოიერვერკი და ბრბოს აპლოდისმენტები)

ასე შეხვდნენ უგო ჩავესი და მისი მომხრეები რეფერენდუმის შედეგებს. საზეიმო თავყრილობა კარაკასში, ჩავესის სასახლის წინ, გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პრეზიდენტი თავისი სასახლის აივანზე იდგა და მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდა.

ვენესუელის დედაქალაქში ფოიერვერკი მას შემდეგ მოაწყვეს, რაც ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ პრესკონფერენციაზე რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა. რეფერენდუმის შედეგები საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ ტიბისაი ლუსენამ შეაჯამა:

[ლუსენას ხმა] "რეფერენდუმის კითხვას დადებითი პასუხი გასცა ექვსი მილიონ სამასი ათას ხუთას ოთხმოცდათოთხმეტმა კაცმა, რაც საერთო რაოდენობის 54 მთელსა და სამ მეათედ პროცენტს შეადგენს. უარყოფითი პასუხი ამჯობინა ხუთი მილიონ ორმოცი ათას ოთხმოცდაორმა ადამიანმა."

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო და საარჩევნო უბანში გამოცხადდა ამომრჩეველთა 67 პროცენტი, რაც სრულებით საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად. უგო ჩავესს ეს საკონსტიტუციო ცვლილება თავის მიერ დაწყებული საქმის, ”ვენესუელის რევოლუციის”, ბოლომდე მისაყვანად სჭირდება.

ჩავესმა საკონსტიტუციო ცვლილების არსი ერთ მოკლე განცხადებაში ჩადო, რომელიც მან საკუთარი სასახლის აივნიდან წარმოთქვა.

[ჩავესის ხმა] "პატრიოტთა ღირსებამ აჯობა მათ, ვინც პატრიოტიზმს უარყოფს. სიმტკიცემ გაიმარჯვა. ყველას გვახსოვს ჩვენი თავისუფლების მამის, სიმონ ბოლივარის, სიტყვები: ღმერთი გამარჯვებას მოუტანს იმას, ვინც სიმტკიცეს გამოიჩენსო."

ვენესუელის დაქუცმაცებული და დემორალიზებული ოპოზიცია ამბობს, რომ ჩავესმა ყველა ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ კენჭისყრაზე თავისთვის სასურველი შედეგი მიეღო.

მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - ისეთები, როგორიცაა ”დემოკრატიული მოქმედება”, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სამართლიანობა და პარტია ”ახალი ერა” - უძლურნი აღმოჩნდნენ კონკურენცია გაეწიათ ჩავესის მომხრეებისთვის და დამარცხდნენ.

მაგრამ შეძლებს თუ არა ჩავესის გაერთიანებული სოციალისტური პარტია რევოლუციის განხორციელებას, დიდადაა დამოკიდებული ეკონომიკურ ფაქტორებზე. უფასო განათლების, სამედიცინო სისტემის, ასევე სახელმწიფო საცხოვრებელთა სისტემის დაფინანსება პირდაპირ კავშირშია ერთი ბარელი ნავთობის 60 დოლარად ექსპორტირებაზე.

ნავთობის ამჟამინდელი ფასი კი 40 დოლარზე ნაკლებია და ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, რომ ის 60 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდეს - თუნდაც იმიტომ, რომ გლობალური ეკონომიკური ვარდნა ისევ გრძელდება.

31 პროცენტიანი წლიური ინფლაციის პირობებში სულ უფრო ეცემა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა და შეძლებს კი უგო ჩავესი პოპულარობის შესანარჩუნებლად ძვირად ღირებული პროექტების განხორციელებას?

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ჩავესი პოპულარობის შესანარჩუნებლად ქვეყნის სავალუტო რეზერვების გამოყენებას დაიწყებს.

მაგრამ თუ ის ვერ შეასრულებს თავის დანაპირებს ღარიბთა ცხოვრების გაუმჯობესების თაობაზე, ძალიან სწრაფად დაკარგავს პოპულარობას. ჩავესი უკვე 10 წელია, რაც ხელისუფლების სათავეში იმყოფება და მისმა პოპულისტურმა პოლიტიკამ ბევრი ვერაფერი მოუტანა რიგით მოქალაქეებს. ამიტომ გაწბილებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ამას ემატება მოსახლეობის უკმაყოფილება დანაშაულის, ბიუროკრატიისა და კორუფციის მაღალი დონის გამო და 20012 წელს უგო ჩავესმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გამარჯვება არც ისე იოლი ყოფილა.
XS
SM
MD
LG