Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ კრებას გაზაფხულზე აირჩევენ


წარმომადგენლობითი ეროვნული კრების საკოორდინაციო საბჭომ 16 თებერვალს განიხილა და დაამტკიცა ეროვნული კრების არჩევნების ჩატარების წესის შესახებ პროექტი,

რომელიც საფუძვლად დაედება არჩევნებს. ეროვნული კრების არჩევნები გაზაფხულზე მთელ საქართველოში ჩატარდება.

წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მიზანია შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ თავისუფალი არჩევნების შედეგად ხალხის მიერ არჩეულმა ადამიანებმა კონსენსუსის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკიხებზე, რაც რეალურად იქნება გამოხატულება იდეისა „ხმა ღვთისა–ხმა ერისა“ - წაიკითხავთ წარმომადგენლობითი ეროვნული კრების არჩევნების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დარიგებულ პრესრელიზში. ანუ საკოორდინაციო საბჭოს ერთ–ერთი დამფუძნებლის, ქალთა პარტიის ლიდერის, გუგული მაღრაძის განმარტებით, ეროვნული კრება იქნება ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონტაქტის დამყარების არაფორმალური ლეგიტიმაციის ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იქნება ილაპარაკოს ხალხის სახელით და ხელისუფლებას რეკომენდაციები წაუყენოს:

[გუგული მაღრაძის ხმა] “ეროვნული საბჭო უკვე კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დაწყებული ისეთი საკითხებით, როგორებიცაა მაგალითად, ხელისუფლებისადმი ნდობა, ან ქვეყნის მოწყობა, ან ურთიერთობები აფხაზებთან, ოსებთან, რუსეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან. გარდა ამისა, არის შიგა პრობლემები – განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, სოფლის მეურნეობა და სხვა. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ეროვნულ კრებას ექნება მაღალი ხარისხის ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ იმ 10 000 კაცის უკან იქნება ასიათასობით ამომრჩეველი, რომელიც მათ მისცემს ხმას. ასეთი ეროვნული კრების გადაწყვეტილებას უკვე ვერავინ უგულებელყოფს.” (სტილი დაცულია)

ამბობს გუგული მაღრაძე და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, კრება იტოვებს უფლებას, შეუერთდეს ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით ჩანაცვლების მომხრე ძალებს.აი, რა გვითხრა ამ ძალების სახელით ეროვნული კრების არჩევნების საკოორდინაციო საბჭოს სხომაზე მისულმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ეროვნული კრების მოწვევის მთავარ ინიციატორად ითვლება:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “დღეს არაფერი არ გამოგვივა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, თუ ჩვენთან არ იქნება საზოგადოება და ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ თავისი გასაკეთებელი არის ძალიან დიდი ნაწილი ამ ყველაფრის. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოება არის ცოცხალი.” (სტილი დაცულია)

„საქართველოს გზის“ ლიდერის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს წევრები ეროვნული კრების მხარდაჭერის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავენ პოლიტიკურ პარტიებს. საბჭოს ერთ–ერთი დამფუძნებელი, აკაკი ასათიანი, ამბობს:

[აკაკი ასათიანის ხმა] “კონსულტაციები გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პარტიებთან. ამის თაობაზე შევხვდებით პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ამას დასჭირდება თებერვალი, ალბათ. მარტის დასაწყისში, ალბათ, დელეგატები გამოიკვეთებიან. მოდიან ადამიანები, კერძო პირები, რომელთაც აქვთ სურვილი იყვნენ ეროვნული კრების დელეგატები, საბჭოს ფუნქციაა ვნახოთ ეს ადამიანები, დაველაპარაკოთ, მივცეთ დელეგატობის კანდიდატის მანდატი და იქ იქნება ორი–სამი კვირა, როცა ის აგროვებს ხელმოწერებს იმ გარკვეულ ტერიტორიაზე, საიდანაც უნდა, რომ წარმომადგენელი იყოს.“ (სტილი დაცულია)

არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. ეროვნული კრების დელეგატთა საერთო რაოდენობა 8-დან 10 000–ის ფარგლებში იმერყევებს. ყველა საარჩევნო ოლქში დელეგატები უბნების რაოდენობის შესაბამისად აირჩევიან.

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] "ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ საზოგადოება რაც შეიძლება ფართოდ მონაწილეობდეს ქვეყნის მართვის პროცესში და რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი საზოგადოებისა ჩაერთოს ასევე ქვეყნის კრიზისიდან, უფრო სწორად, ჩიხიდან გამოყვანის პროცესში", ამბობს ეროვნული კრების შექმნის კიდევ ერთი ინიციატორი, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი, კონსტანტინე გამსახურდია და იხსენებს 1917 წელს შექმნილ ეროვნულ კრებას, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობას დაუდო საფუძველი. და ბოლოს, ეროვნული კრება არ უნდა იქნეს აღქმული როგორც პარალელური პარლამენტი, აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს დეკლარაციაში.
XS
SM
MD
LG