Accessibility links

logo-print

კოსოვოს დამოუკიდებლობის წლისთავი


დღეს კოსოვო დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველ წლისთავს აღნიშნავს.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა პროვინციამ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მხურვალე მხარდაჭერის შედეგად შარშან გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. მაგრამ დამოუკიდებლობის ერთი წელი საკმაოდ რთული იყო. ჯერაც მოუგვარებელია მთელი რიგი სოციალური პრობლემები - მზარდი სიღატაკე, კორუფცია, დამნაშავეობა. გრძელდება დაძაბული ურთიერთობა ბელგრადთან.

ერთი დღით ადრე, სანამ ახალშექმნილი სახელმწიფო თავის დამოუკიდებლობის პირველ წლისთავს იზეიმებდა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ სიმბოლურად იმოგზაურა დედაქალაქ პრიშტინის მახლობლად მდებარე სოფელ სლოვიში. იქ მან მოინახულა ერთი წლის გოგონა, სახელად პავარსია, რაც ალბანურად "დამოუკიდებლობას" ნიშნავს. გოგონა 2008 წლის 17 დეკემბერს, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს არის დაბადებული.

[ტაჩის ხმა] "მოვუწოდებ კოსოვოს მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ღირსებითა და სიამაყით იზეიმონ ეს დღე. ეს კოსოვოს ისტორიული წარმატების ერთი წელია. კოსოვოს მშვიდობიანი მომავალი უდევს წინ. ამიტომ ღირსებით და სიამაყით ვიზეიმოთ დღესასწაული. ჩვენ გვექნება უმაღლესი დონის სახელმწიფო ღონისძიებები, მაგრამ ასევე დიდი დღესასწაული ყველა მოქალაქისთვის."

ერთი წლის წინ კოსოვომ ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა მიუხედავად ბელგრადის წინააღმდეგობისა.

ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, ეროვნული ჰიმნი, არმია და დროშა. რეგიონზე კონტროლს ევროპის კავშირის მისია გადაიბარებს გაეროსგან. ჯერჯერობით არ ჰქონია ადგილი სერიოზულ ძალადობას.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, სტუარტ ჯონსმა უთხრა ჩვენს რადიოს, განვლილი წელი დიდი შრომისა და მიღწევების წელი იყო:

[ჯონსის ხმა] "კოსოვოს მთავრობასაც და ხალხსაც ბევრი რამ აქვთ საამაყო. ახალი კონსტიტუცია, ათობით ახალი კანონი, ასობით კილომეტრი ახალი გზები, ათობით ახალი სკოლა. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი პრიშტინაში და ყველგან შეიმჩნევა წინსვლა."

მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. პატარა ქვეყანაში ყვავის კორუფცია და დამნაშავეობა. უმუშევრობა 40 პროცენტს აღემატება. კოსოვოში მცხოვრები 120 000 სერბი, რომელსაც ბელგრადი უმაგრეს ზურგს, უარს აცხადებს, დაემორჩილოს ახალშექმნილ ორგანოებს. ისინი ქვეყნის დე ფაქტო დანაწევრებით იმუქრებიან.

გარდა ამისა, კოსოვო შედარებით ნელა იპოვებს საერთაშორისო აღიარებას. დამოუკიდებლობის პირველ ხანებში ტაჩი იმედოვნებდა, რომ ასი სახელმწიფო მაინც აღიარებდა კოსოვოს მისი დამოუკიდებლობის პირველი წლის მანძილზე.

მაგრამ დღემდე მისი დამოუკიდებლობა 54-მა ქვეყანამ აღიარა. ზოგიერთი მათგანის - მაგალითად, სერბიის და რუსეთის - უარყოფითი დამოკიდებულება მოსალოდნელია იყო. ზოგის თავშეკავებამ კი იმედი გაუცრუა კოსოვოელებს. მაგალითად, ევროპის კავშირის ხუთი სახელმწიფო შიშობს, რომ კოსოვოს აღიარებით საკუთარ სეპარატისტულ რეგიონებსაც უბიძგებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ.

მაგრამ რიგითი კოსოვოელები ოპტიმისტურად უყურებენ თავიანთი ახალგაზრდა სახელმწიფოს მომავალს. მათ შორისაა, მაგალითად, აზიზ სეფედინი:

[სეფედინის ხმა] "ეს დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, კოსოვოს ყველა მოქალაქისთვის. დიდი მიღწევები გვაქვს, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი რჩება. კოსოვოსა და მისი ინსტიტუციებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა სამუშაო, რომელიც ეკონომიკაშია გასაწევი."

კოსოვომ მილიარდობით დოლარის დახმარება მიიღო მას მერე, რაც 1999 წელს გაეროს პროტექტორატი გახდა. მაგრამ ინფრასტრუქტურის სისუსტე ამ წლების მანძილზე უცხოური ინვესტიციების მიზიდვას ხელს უშლიდა.

უკანასკნელ ხანებში იმატა შიშმა, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა კოსოვოს წინსვლა წლების მანძილზე შეაფერხოს. პრიშტინის ზოგიერთი მცხოვრები ფიქრობს, რომ მთავრობამ ვერ შეძლო კოსოვოს ინტერესების ადეკვატურად მოქმედება.

[სელამჟიჟის ხმა] "დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ სხვაობას ვერ ვხედავ. თუკი რამე ცვლილება მოხდა, ის ძალზე მცირეა. მხოლოდ რამდენიმე ქუჩა შეაკეთეს. უმუშევრობა ძალზე მაღალია, კორუფცია იზრდება, დამნაშავეობაზე ხომ საერთოდ დაპარაკიც არ ღირს. ცვლილებას ვერ ვხედავ," ამბობს პრიშტინელი არსიმ სელამჟიჟი.

მისი თანამემამულეების დიდ ნაწილს კი აფიქრებს მზარდი წინააღმდეგობა ჩრდილოეთში. ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა მოუწოდეს სერბ ლიდერებს სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ მიტროვიცაში, რომ პრიშტიანსთან ითანამშრომლონ და მონაწილეობა მიიღონ კანონის უზენაესობისა და მთავრობის ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

მაგრამ მიტროვიცელი სერბები, რომელთაც ბელგრადი უჭერს მხარს, ერთგვარ ადმინისტრაციულ კაფსულაში განაგრძობენ არსებობას. მათ აქვს საკუთარი მუნიციპალური ადმინისტრაცია, სასამართლოები და პოლიცია.

უშიშროება დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კოსოვოში. ადგილზე რჩება ნატოს 15 000-ზე მეტი მშვიდობის დამცველი, რომელიც 1998-99 წლების ომის დროს განთავსდა რეგიონში. ევროპის კავშირის EULEX-ის 2000-კაციანი მისია პოლიციელებს მოიცავს. თუმცა ბევრი მათგანის განთავსება ვერ მოხერხდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

მთავარი პრობლემა მაინც კოსოვოს სერბული ნაწილის წინააღმდეგობაა. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, სტუარტ ჯონსი იმედოვნებს, შესაძლოა, კოსოვოელი სერბები დამოუკიდებლობის მეორე წლისთავისთვის დათანხმდნენ, უფრო აქტიური როლი ითამაშონ ახალგაზრდა სახელმწიფოს ცხოვრებაში.
XS
SM
MD
LG