Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრის ხედვა, აგვისტოს ომის გაკვეთილების გათვალისწინებით


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი 2009 წელს იქნება შეიარაღებული ძალების თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარება,





მართვისა და კონტროლის გაძლიერება, აგრეთვე სამხედრო განათლებისა და წვრთნების სისტემის სრულყოფა. თავდაცვის მინისტრის 2009 წლის ხედვის თანახმად, ყველა პროგრამა მკაცრად უნდა დაეფუძნოს აგვისტოში რუსეთთან ომის დროს მიღებულ გამოცდილებას. მინისტრის ხედვაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე საუბარი არ არის, თუმცა თავდაცვის მინისტრი ვასილ სიხარულიძე აცხადებს, რომ 2009 წელს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა იქნება, აღკვეთოს მოსალოდნელი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ”ხედვა 2009” წინამორბედი ხედვებისაგან ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ ერთი სხვაობა ყველაზე თვალშისაცემია: პრიორიტეტები, რომელთაც დოკუმენტი მოიცავს, გამომდინარეობს შესაძლო სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის საჭიროებიდან. მაგრამ რამდენად ესმის თავდაცვის სამინისტროს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევები თავად შეიარაღებული ძალების პერსონალს? რამდენად არის პრობლემატური ახალი კადრების დაქირავება მას შემდეგ, რაც ქვეყანა რუსეთთან ხუთდღიან ომში დამარცხდა და, თითქოსდა, სამხედრო პროფესიისადმი ლტოლვა აღარ უნდა იყოს კვლავინდებურდ მაღალი? შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 17 თებერვალს საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა როგორც ერთ, ისე მეორე შეკითხვაზე:

[ვლადიმერ ჩაჩიბაია] ”მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ მიღებაზე დაახლოებით 2300 კაცმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. ფაქტობრივად, 650 ადგილზე მოვიდა 2300 კაცამდე. ეს არის დიდი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ინტერესი ჯარში სამსახურისა უფრო და უფრო გაიზარდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ოფიცრის კურსებზე გათვალისწინებულ 140 ადგილზე გამოცხადდა დაახლოებით 500 კაცი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯარისადმი ინტერესი გაზრდილა ქვეყანაში.” (სტილი დაცულია)

თავდაცვის მინისტრის ხედვაში, რომელიც სამხედრო უწყების სახელმძღვანელო დოკუმენტია, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. აგვისტოს ომის გამოცდილება ამ შემთხვევაშიც არ ტოვებს ადგილს არჩევანისათვის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მძლავრი საჰაერო თავდაცვა რომ ჰქონოდათ, რუსეთის ავიაცია ვერ იბატონებდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და, შესაბამისად, ქვეითი ნაწილებიც უფრო უკეთ შეძლებდნენ დასახული ამოცანების შესრულებას. მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხავი ისაა, თუ როგორ მოახერხებს საქართველო საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენას და მათ გაძლიერებას. რუსეთის ემბარგო და მოსკოვის ზეწოლა იარაღის პოტენციურ მომწოდებელ ქვეყნებზე, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის დაკვირვებით, ამცირებს საქართველოსთან შეღავათიან პირობებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს:

[ირაკლი ალადაშვილი] ”რუსეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მიერ შესასყიდი იარაღის ფასის გაძვირება, რადგან ის საზღვარგარეთის ფირმები, რომლებიც შეეცდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების გვერდის ავლით აწარმოონ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შეიძლება საბაბად გამოიყენონ ეს[განკარგულება] და მოახდინონ გასაყიდი იარაღის ფასების აწევა.” (სტილი დაცულია)


თავდაცვის მინისტრის ხედვაში კონკრეტულად საუბარი არ არის იმაზე, თუ საიდან მიიღებს საქართველო იმ იარაღსა და აღჭურვილობას, რაც ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებისათვის არის საჭირო. მინისტრი ვასილ სიხარულიძე ერიდება იარაღის მომწოდებელი პოტენციური ქვეყნების დასახელებას. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებულია:

[ვასილ სიხარულიძე]”ეს რუსების ცალმხრივი ინიციატივაა და შეუძლიათ ცალმხრივად, თავისთვის შეინახონ ეს ინიციატივა.” (სტილი დაცულია)

თავდაცვის მინისტრის ”ხედვა 2009-ს” რუსეთის აგრესიის შემდეგ შექმნილი რეალობის ადეკვატური და გაწონასწორებული დოკუმენტი უწოდეს სასტუმრო ”შერატონ მეტეხში” მიწვეულმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა. ამ კონცეპტუალურ დოკუმენტში კონკრეტულად რუსეთისაგან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბარი არ არის, თუმცა ვასილ სიხარულიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო უწყების მთავარ ამოცანას 2009 წელს სწორედ მოსალოდნელი აგრესიისაგან ქვეყნის თავდაცვა წარმოადგენს:

[ვასილ სიხარულიძე] ”ჩვენი თავდაცვა უნდა იყოს მზად, რომ რუსული აგრესია მოიგერიოს.”


XS
SM
MD
LG