Accessibility links

logo-print

ქართული ბანკები ომის შედეგად დაზარალებულ კრედიტორებს ვალებს გადაუვადებენ


რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო კრედიტორთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ შიდა ქართლში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო ვერ შეძლეს ბაღების მოვლა და კრედიტების გასტუმრება. თუმცა საქართველოს ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბანკები მზად არიან იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც რეალურად დაკარგეს შემოსავალი, ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი განიხილონ.

ბანკების მონაცემებით, უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში ურჩი კრედიტორების რაიოდენობა 150 ათასამდე გაიზარდა. ურჩ გადამხდელთა შორის აღმოჩნდა შინდისელი ჯუმბერ საბანაძეც, რომელმაც შარშან ერთ-ერთი ბანკიდან 3 ათასი ლარის კრედიტი აიღო.

[ჯუმბერს საბანაძის ხმა] „კრედიტი ავიღე მოსავლის მოსაყვანად, რათა იქაც გადამეხადა და სახლშიც დამრჩენოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემთან აღარაფერი დატოვეს რუსის ტანკებმა, რა... ტანკებმა სულ შიგ იარეს, ორასი ძირი ნამყენი მქონდა ექვსწლიანი და ერთი ძირი აღარ დგას. იმდენი რამე გამიფუჭეს, რომ არ ვიცი... ერთი 20 ათასი ძირი კომბოსტო მქონდა, ერთი 15 ათასი ძირი პომიდორი, სიმინდი... არაფერი არ ამიღია.“

ჯუმბერ საბანაძეს კრედიტი წლის დასაწყისში - იანვარ-მარტში - უნდა დაეფარა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა, ახლა ბანკის წინაშე თავის მართლება უწევს. ივანე გაბროშვილიც, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული შინდისის თემში, ამბობს, რომ მსგავს მდგომარეობაში თემის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება. არადა, თემი ოთხ სოფელს - ქვემო ხვითს, ყელქცეულს, ფხვენისსა და შინდისს - აერთიანებს.

[ივანე გაბროშვილის ხმა] „გუშინ ქვემო ხვითში გვქონდა შეხვედრა ხალხთან. გუბერნატორის მოადგილეც იყო და გამგებელიც... გულისტკივილია ხალხის, რომ არ აცდიან. არიან ბანკები, რომ ერთ კაპიკს არ პატიობენ, რა გადავადებაზეა ლაპარაკი! ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი საკრებულოს ოთხი სოფელი, მოსახლეობის 60 პროცენტი.“(სტილი დაცულია)

თუმცა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ამ და სხვა მოქალაქეებს შესაძლოა ბანკებმა გადახდის შეღავათიანი რეჟიმი დაუწესონ. პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადაა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ კრედიტორებს დახმარების ხელი გაუწოდოს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „ყველა დეტალი იქნება კვირის ბოლოს მზად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბანკები მოამზადებენ წინადადებებს, ანუ კლასიფიკაციას, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა კრედიტის საპროცენტო მომსახურება სრულად იქნას შეჩერებული და ძირითადი ვალის დაფარვას დასჯერდნენ. ძალიან მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ საპროცენტო განაკვეთებზე და იქნება გარკვეული დროით გადავადებული.“

საქართველოს ბანკების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ მიტინგებისა და პოლიტიკოსების ძალისხმევისგან დამოუკიდებლად უკვე გაითვალისწინეს ომის შედეგად რეალურად დაზარებულ კრედიტორთა ერთი ნაწილის მძიმე მდგომარეობა. ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, ბანკები ამ მიმართულებით ამჟამადაც განაგრძობენ მუშაობას, თუმცა, მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და ისიც დეტალური შესწავლის შემდეგ მიიღებენ:

[ზურაბ გვასალიას ხმა] „ბანკებმა თავიდანვე აიღეს კურსი, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც მართლა დაზარალდნენ, და არიან ისეთი კრედიტორები, რომლებიც მიეტმასნენ ამ პრობლემას და მოითხოვენ შეღავათებს. საჭიროა თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომა, ძალიან ბევრი სესხის რესტრუქტურიზაცია უკვე მოხდა. ძალიან ბევრთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ბანკებთან არ კონტაქტობენ, იმალებიან, არ მიდიან და თუ არ მოხდა კოორდინაცია ბანკთან, მაშინ რანაირად უნდა მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია, თუ არ მოხდა შესწავლა, რისი საშუალება აქვს და, გამომდინარე აქედან, როგორ შეიძლება სასესხო პირობები იქნას კორექტირებული.“(სტილი დაცულია)

სასესხო პირობების კორექტირების მომხრეა ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძეც, თუმცა, მისი თქმით, სია უნდა გაფართოვდეს და მასში ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული კერძო და იურიდიული პირებიც უნდა შევიდნენ:

[დემურ გიორხელიძის ხმა] „გაუჭირდა ხალხს არა იმის გამო, რომ რაღაც დააშავეს, არამედ იმის გამო, რომ კრიზისულმა სიტუაციამ და აგვისტოს ომმა მათ საქმიანობას, ფაქტიურად, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა. რა ვქნათ ახლა, ჩამოვკიდოთ ეს ხალხი ფეხებით, ციხეებში გავუშვათ თუ სახლები გავაკეთოთ, თუ რა ვქნათ? აქედან არის ერთადერთი გამოსავალი. ყველა კლიენტი ინდივიდუალურად უნდა იქნეს შეფასებული. ვალების რესტრუქტურიზაცია არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი და ამას მიმართავს დღეს მსოფლიოში ყველა ბანკი და საკუთარ კლიენტებს უნდა გავუკეთოთ ვალების რესტრუქტურიზება, რათა მოხდეს ამ სიტუაციიდან გამოსვლა როგორც მოქალაქეების, ასევე ბანკების გამოსვლა.”(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG