Accessibility links

ობამამ ავღანეთში 17 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა ავღანეთში დამატებით 17 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა.

მისი თქმით, ავღანეთში ვითარება უარესდება, ქვეყანას არ ექცევა სათანადო სტრატეგიული ყურადღებისა და არ იღებს საკმარის რესურსებს, რაც მას სასწრაფოდ ესაჭიროება. მაგრამ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთის პრობლემის მოგვარება მხოლოდ სამხედრო გზით არ შეიძლება და რომ ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებასაც აპირებს.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ობამამ სამხედრო სფეროში პირველი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. ის აპირებს, საგრძნობლად გააძლიეროს ავღანეთში განლაგებული ამერიკის ჯარები. მთლიანობაში იგეგემება ავღანეთში დამატებით 17 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა. მათ უდიდეს ნაწილს საზღვაო ქვეითები შეადგენენ. ჯარები ავღანეთში გაზაფხულზე და ზაფხულში ჩავლენ და მზად იქნებიან ძალადობის ტალღის მატებისთვის, რაც, როგორც წესი, ამინდის დათბობასთან ერთად ხდება და დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აგვისტოსთვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებისთვის.

წუხელ ობამა ჯარების განთავსების შესახებ ტელეფონით ესაუბრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. ეს პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო ორ ლიდერს შორის მას მერე, რაც ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გასულ თვეში. მიმომხილველთა აზრით, ეს კონტაქტი ხელს შეუწყობს ქაბულსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შენელებას. უკანასკნელ ხანებში წარმოშობილი ამ დაძაბულობის მიზეზია ეჭვები კარზაის მმართველობის უნართან დაკავშირებით.

კარზაის წარმომადგენლის, ჰუმაიუნ ჰამიდზადას თქმით, ორ ქვეყანას შორის ახალი გვერდი იშლება.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროც მხურვალედ მიესალმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ზაჰერ მურადმა განუცხადა რეიტერის სააგენტოს, ამერიკის ჯარები განთავსდება ე.წ. მაღალი რისკის რეგიონებში, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.

ამ რეგიონებში თალიბები ყველაზე უფრო მეტად აქტიურობენ. განასკუთრები მძიმე ვითარებაა სამხრეთში, სადაც დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ნიდერლანდების სამხედრო კონტინგენტებმა ვერ შეძლეს მშვიდობის დამყარება.

მაგრამ ობამამ ამავე დროს მკაფიოდ განაცხადა, რომ, მისი აზრით, პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალით.

კანადის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ აუცილებელია ფართო მასშტაბის მიდგომა, დიპლომატიისა და ეკონომიკის განვითარების ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამასობაში იზრდება ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარებზე ზეწოლა ლოგისტიკის სფეროში. თალიბანის იერიშებმა უკანასკნელი თვეების მანძილზე გაართულა ხიბერის უღელტეხილით ჯარების მომარაგება.

ხუთშაბათს კი ყირგიზეთის პარლამენტში კენჭს უყრიან პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის წინადადებას, ამერიკას შეუწყდეს მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება. ამ ბაზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ავღანეთში ჯარებისა და მომარაგების ტრანსპორტირებისთვის.

როგორც ვარაუდობენ, პარლამენტი მხარს დაუჭერს ბაკიევის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ექვსი თვის მანძილზე უნდა გამონახოს ახალი მარშრუტი.

ბაკიევის თქმით, მას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა მანასის გამოყენებისთვის მეტი გადაიხადოს. მაგრამ მიმომხილველთა აზრით, ყირგიზეთის პოზიციაში ცვლილების ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ ის ასრულებს მოსკოვის სურვილს, რომელიც ბიშკეკს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს დაჰპირდა და რომელიც რეგიონში ამერიკის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვის.

შეერთებულ შტატების ჯარების რეგიონული სარდალი, დევიდ პეტრეუსი ამ დღეებში ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში, რომელიც ავღანეთის მომარაგების სავარაუდო ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება.
XS
SM
MD
LG