Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ევროპის საკრედიტო დავალიანება - თავის ტკივილი დასავლეთისთვის


აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ახალი წევრები, ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განიცდიდნენ.

ამ წინსვლის დიდი ნაწილი რეგიონში დასავლეთის ბანკების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდიოდა. და ახლა, როდესაც დასავლეთის ქვეყნები გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო სერიოზულ სირთულეებს წააწყდნენ, მათი პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც გადაედოთ, რადგან საგრძნობლად იყვნენ დამოკიდებული დასავლურ კაპიტალზე.

აღმოსავლეთ ევროპას დასავლეთის ბანკებიდან ნასესხები აქვს დიდი რაოდენობის ფული. 2008 წლის მანძილზე ეს დაახლოებით ერთ-ნახევარ ტრილიონ დოლარს აღემატება. ინვესტირება ძირითადად უძრავ ქონებასა და დეველოპერულ ბიზნესში ხორციელდებოდა, ისევე როგორც წარმოებაში, და წლების მანძილზე ყველაფერი კარგად მიდიოდა. აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთს უახლოვდებოდა, მაგრამ გლობალური კრიზისის დაწყებისთანავე ვითარება შეიცვალა. დასავლეთის ბანკებმა ვეღარ შეძლეს კრედიტების გაცემა აღმოსავლეთ ევროპისთვის და კრედიტებზე დამყარებული კარგი საქმეები უცებ ცუდ ამბებად იქცა.

დანიის ბანკის - ”დანსკის” - ახალი ბაზრების მკვლევარი ლარს კრისტენსენი აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ სიტუაციას აღწერს:

”ჩვენ გავხდით მოწმენი დიდი საკრედიტო ბუმის, უძრავი ქონების ბუმის. და ეს ქვეყნები ძალიან სუსტი აღმოჩნდნენ დაკრედიტების გლობალური გამკაცრების პირობებში. რასაც ახლა ვხედავთ, ევროპის ბანკები, ავსტრიის ბანკები და სხვები სიფრთხილეს იჩენენ, რადგან იძულებულნი არიან შეამცირონ თავიანთი რისკები.”

აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციებს ძირითადად ავსტრიის, შვედეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბანკები ახორციელებდნენ. ახლა მათ თავად სჭირდებათ ფული საკუთარი ვალდებულებების გასასტუმრებლად და არ აქვთ საშუალება ახალი ინვესტიციები განახორციელონ.

ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში გასესხებული აქვს 230 მილიარდი ევრო, რაც ავსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტს შეადგენს.

ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ დასავლეთს აღმოსავლეთში ჭარბი ინვესტიციები აქვს ჩადებული და ნებისმიერი პრობლემა ახალი კრიზისის მიზეზად შეიძლება იქცეს. ავსტრიის ყოველდღიური გამოცემა ”შტანდარდი” იუწყება, რომ აღმოსავლეთ ევროპის მიერ კრედიტების 10 პროცენტის დაუბრუნებლობის შემთხვევაშიც კი ქვეყანაში ფინანსური კრახი გარდაუვალი იქნება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის უიმედო კრედიტები 10 პროცენტზე მეტია და ის 20 პროცენტს უახლოვდება.
ევროკავშირი 150 მილიარდი ევროს დახმარების პროგრამას განიხილავს, მაგრამ ეს მხოლოდ კავშირის წევრ ქვეყნებს შეეხება. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს კი - ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმედიღა რჩებათ, სავალუტო ფონდისა, რომლის რესურსები ამოუწურავი არ არის. ახლა უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 16 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის მიღებას ცდილობს.

ლარს კრისტენსენი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის პრობლემები დასავლეთის ბანკების ბრალია, ბანკებისა, რომლებიც არაფრად აგდებდნენ ქვეყნის ეკონომიკის გადახდისუნარიანობას და მაინც ახორციელებდნენ ინვესტიციებს:

”ჩვენ გვქონდა რამდენიმე წლის მანძილზე, დაწყებული 2006 წლიდან, გაფრთხილება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით. ასევე ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, ბალტიის სახელმწიფოები, ბულგარეთი და რუმინეთი. ყველა ეს ქვეყნები განიცდიდნენ მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის დიდ დეფიციტს, ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 20 – 25 პროცენტიან დეფიციტს. ასე რომ, ეჭვგარეშეა, ევროკავშირის წევრი ბალტიის ქვეყნები, ბულგარეთი და რუმინეთი ძალიან სუსტად გამოიყურებიან, ასევე უნგრეთი და, გარკვეულწილად, პოლონეთიც, სავალუტო რეზერვების თვალსაზრისით, მაგრამ არა ისე საგანგაშოდ, როგორც სხვები.”

მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობა გაცილებით მეტს ხარჯავს უცხოური წარმოების პროდუქციის შეძენაზე, ვიდრე თავად აწარმოებს. ეს ძირითადად დასავლეთ ევროპიდან უძრავ ქონებაში და არა წარმოებაში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე ხდებოდა. ახლა კი, როცა ფული აღარ არის, დეფიციტის დაფარვის გზები ბუნდოვანი გახდა.

ერთ-ერთი ძირითადი გამოსავალი ევროკავშირის ფულია, რომელმაც ჯერ მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა მასშტაბით და როგორ დაეხმაროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG