Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემორანდუმი მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის


მიმდინარე წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდება დაზღვევის ხელმისაწვდომი პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს 15 მილიონი ლარი დაუჯდება.

ამ პროგრამის შესახებ ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ იგი, ძირითადად, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და პირველად ჯანდაცვას მოიცავს და მასში მონაწილეობა 3–დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. დაზღვევის ღირებულება ყოველთვიურად 5 ლარს შეადგენს. აქედან, თანადაფინანსების პრინციპით, სახელმწიფოს წილად 3 ლარი და 35 თეთრი მოდის, ხოლო მომხმარებელი სადაზღვევო კომპანიას ლარსა და 65 თეთრს გადაუხდის. საქართველოს მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მემორანდუმი 18 თებერვალს გაფორმდა. დაახლოებით ერთ კვირაში მხარეები პროგრამის დეტალებზე შეთანხმდებიან.

მემორანდუმს, როგორც სადაზღვევო კომპანიებისა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის კეთილ ნებას, მთავრობის კანცელარიაში, ერთი მხრივ, პრემიერ–მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა, მეორე მხრივ კი, 10 სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. უახლოეს ერთ კვირაში პროგრამის დეტალები გახდება ცნობილი, მანამდე კი საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ნიკა გილაური, სადაზღვევო პაკეტის ძირითად ელემენტებს შემდეგნაირად განმარტავს:

[ნიკა გილაურის ხმა]“ ამ ხუთლარიან პაკეტში, მინდა განვმარტო, რომ შედის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგალითად, მწვავე აპენდიციტი, ინსულტი ან რაიმე ეგეთი დახმარება. აქ შედის უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმა და ასევე ამ პაკეტში შედის პირველადი ჯანდაცვის მომსახურება.”(სტილი დაცულია)

პროგრამა დაეხმარება საშუალო ფენას და ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, განმარტავენ დოკუმენტის ხელმომწერნი. თუმცა პროგრამის წარმატების შორსმიმავალი ეფექტის განსაზღვრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ პარტნიორობას გაუწევს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს.

[გიზო ცაგარეიშვილის ხმა]“ იმ გამოცდილებიდან, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, - მე მხედველობაში მაქვს სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევა, პედაგოგების დაზღვევა, მერიის მუნიციპალური პროექტი, - ჩვენ არანაირი პრობლემა სადაზღვევო პრემიის გადახდის მხრივ არ გვქონია დღემდე. ეს ნამდვილად ასეა.“(სტილი დაცულია)

გვითხრა კომპანია „სახალხო დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა გიზო ცაგარეიშვილმა.მისი განმარტებით, ხუთი ლარის ღირებულების სადაზღვევო პაკეტი ყველა კომპანიისთვის სტანდარტული იქნება. რას დაეფუძნება ასეთ შემთხვევაში კონკურენცია?

[მანანა ჯებაშვილის ხმა]“ მოსახლეობამ, ალბათ, წარსულის გამოცდილება უნდა გაიზიაროს და, ამდენად, წარსულის გამოცდილების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ კომპანიაში სურს მას და რომელ კომპანიას უფრო მოუწონებია თავი ამა თუ იმ დაზღვევის შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

ასეთია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ჯებაშვილის მოსაზრება. ჯიპიაი ჰოლდინგის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაძე კი, თავის მხრივ, არ გამორიცხავს, რომ ხუთლარიანი სადაზღვევო პაკეტის ძირითადი ელემენტების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიებმა მომხმარებელს განსხვავებული პირობები შესთავაზონ:

[გიორგი კვირიკაძის ხმა]“ ჯერ არ გამოსულა მთავრობის დადგენილება, სამშაბათს გვეცოდინება მინიმალური სამთავრობო პაკეტი რას მოიცავს და მხოლოდ ამის შემდეგ, ალბათ, გადაწყვეტენ სადაზღვევო კომპანიები თავის მხრივ რა შეუძლიათ დაამატონ. ეხლა ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, კონკურენცია იქნება და ყველა კომპანია ეცდება თავის მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი და უკეთესი მომსახურება შესთავაზოს.“(სტილი დაცულია)

საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო დაახლოებით მილიონ 200 000–მდე ადამიანს უნაზღაურებს. სადაზღვევო ვაუჩერებით სარგებლობენ პედაგოგები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პენსიონერთა ნაწილი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები. დაზღვევის ხელმისაწვდომი პროგრამის ფარგლებში კიდევ დაახლოებით ხუთასი ათასი ბენეფიციარის დამატება იგეგმება. მსურველებმა სადაზღვევო კომპანიებს 1 მარტიდან 1 ივლისამდე უნდა მიმართონ. იმას კი, როგორ წაადგება ხუთლარიანი სამედიცინო დაზღვევა ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის მოქნილ სისტემაზე გადასვლის დეკლარირებულ მიზნებს და იქნება თუ არა იგი მომხმარებლის მოთხოვნებსა და უფლებებზე მორგებული, დრო გამოაჩენს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამბობს:

[დემურ გიორხელიძის ხმა]“ მე არ ვიცი, რა გამოვა აქედან, იმისათვის, რომ გითხრათ, რამდენად ეს საკმარისია და რამდენად შესაძლებელი გახდება ფართო მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სამედიცინო მომსახურება და სხვა აუცილებელი მომსახურება. ამას ვნახავთ, ალბათ. იქნება ამის საშუალება. მაგრამ პრინციპში ის, რომ ამ სფეროში რაღაც წესრიგი უნდა დამყარებულიყო და რაღაც სიცხადე უნდა ყოფილიყო შეტანილი, ამის აუცილებლობა აუცილებლად იყო.“(სტილი დაცულია)






XS
SM
MD
LG