Accessibility links

ლიბერალური ცვლილებები ბელორუსიაში თუ ლუკაშენკოს იძულებითი ნაბიჯები


ეკონომიკური კრიზისით წარმოქმნილი სირთულეების წინაშე მდგარ ბელორუსიის ავტორიტარულ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს დასავლეთისკენ უჭირავს თვალი და იქიდან დახმარებას მოელის.

სანაცვლოდ ლუკაშენკო ცივილიზებულ სამყაროს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ხელისუფლების შემსუბუქებას სთავაზობს. ბელორუსიაში ერთი თვის მანძილზე გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ გაზეთებს კი გავრცელების უფლება მისცეს. ხოლო ლუკაშენკოს მთავრობამ ოპოზიციის აზრის გათვალისწინება და ეკონომიკის გათავისუფლება დაიწყო. საკითხავია, რამდენად შორს წავა ლუკაშენკო.

ლუკაშენკომ მარწუხები მხოლოდ იმისთვის შეამსუბუქა, რომ ისინი ისევ ახალი ძალით მოუჭიროს.

ასე მოხდა ამჯერად, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა ბელორუსიის ლიდერის შემოწმება სცადეს. რამდენიმე დღის წინ, წმინდა ვალენტინის დღეს, ოპოზიციური ახალგაზრდული ფრონტის წევრებმა ეგრეთ წოდებული ”სიყვარულის დემონსტრაციის” მოწყობა გადაწყვიტეს.

[დემონსტრაციის ხმა]

მინსკში ასამდე აქტივისტი საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილი, გულებითა და ბაფთებით მორთული შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ თეთრი და წითელი საჰაერო ბურთები და სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

სიყვარულის დემონსტრაციის მონაწილეები როგორც კი ქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედნისკენ გადაადგილებას შეეცადნენ, უმალვე პოლიციის წინააღმდეგობას წააწყდნენ. დემონსტრანტებს სასტიკად სცემეს ხელკეტებით და დაარბიეს.

[დარბევის ხმა]

ახალგაზრდული ფრონტის ლიდერი ზმიტსერ დაშკევიჩი აღშფოთებას ვერ ფარავს:

”რაც ჩვენ დღეს დავინახეთ, ის ზღვარია, სანამდეც ხელისუფლებას საზოგადოების დემოკრატიზაცია უნდა. ეს არის ლამაზი და მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელიც ასე მხეცურად დაარბიეს. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული დიალოგისა და ლიბერალიზაციის პიკია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებს ბელორუსიის თვითმარქვია დიქტატორი, როდესაც დასავლეთთან ფინანსური და პოლიტიკური თამაშები დასრულდება.”

მინსკში დემონსტრანტების დარბევა რამდენიმე დღით უსწრებდა ბელორუსიის დედაქალაქში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს. ამ მისიის მიზანია ბელორუსიაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება.

ლუკაშენკოს ახლა ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ბელორუსიის ეკონომიკა რუსეთიდან შეკვეთების შემცირებას განიცდის, რაც, ექსპორტის შემცირებასთან ერთად, სახელფასო დავალიანებასა და უმუშევრობას იწვევს. ბელორუსიაში ასევე 20 პროცენტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური დანაზოგებიც.

დასავლეთის დასარწმუნებლად, რომ ის სანდო და დემოკრატიული პარტნიორია, ლუკაშენკომ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, დაუშვა ოპოზიციური გაზეთები, ოპოზიციის მონაწილეობით შექმნა საკონსულტაციო საბჭო და გადადგა რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი ეკონომიკის გასათავისუფლებლად.

ამავე დროს, ლუკაშენკოს რეჟიმს უჭირს ტრადიციული რეპრესიული ზომების დავიწყება და ჯერაც აგრძელებს ოპოზიციის წევრების უმნიშვნელო თვალთვალს და ზეწოლას.

ასევე, როდესაც ლუკაშენკო დასავლეთის წინაშე კეკლუცობს, ის უარს არ ამბობს კრემლთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. თებერვლის დასაწყისში ორმა ქვეყანამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემის შექმნა გადაწყვიტა და მინსკმა მოსკოვისგან 2 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტი მიიღო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ორმაგი პოლიტიკა კვლავაც გაგრძელდება, რადგან ლუკაშენკო ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. რადიო ”თავისუფლების” ბელორუსიის სამსახურის ანალიტიკოსი იური დრაკახრუსტი განმარტავს:

”ეს ერთგვარი შეტყობინებაა, მაგალითად, ოპოზიციისთვის, რომ, დიახ, ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს ლიბერალიზაციისკენ, მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, რომ ახლა შეიძლება ყველაფერი. არ იფიქროთ, რომ ჩვენ საბოლოოდ მოვუშვით მარწუხები და ეს ლიბერალიზაცია ტოტალური ხასიათის იქნება.”

მიუხედავად ამისა, ბელორუსიაში ბევრი რამ შეიცვალა, გამარტივდა კომპანიების რეგისტრაცია, თუმცა კი ბიზნესმენები მაინც უჩივიან წვრილმან პრობლემებს. შეიცვალა პრესის კანონი. მასმედიის წარმომადგენლები რეგისტრაციის პროცესს უჩივიან, მაგრამ ონლაინგამოცემებისთვის ეს სავალდებულო აღარ არის. შეიქმნა საკონსულტაციო საბჭოები, რომლებში მონაწილეობაზეც თანხმობა განაცხადა რამდენიმე ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ. ახლა ეუთო მინსკისგან საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს.

ბელორუსია ესწრაფვის გახდეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი, რაც მას საშუალებას მისცემს უფრო დაუახლოვდეს ევროპის კავშირს და მასთან თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლას მიაღწიოს. ლუკაშენკოს ევროკავშირმა უკვე მოუხსნა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და ის აღარ დაწესდება, თუ მინსკი ლიბერალიზაციის კურსს აღარ გადაუხვევს.

ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ალეჰ ჰულაკი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ატმოსფერო გაცილებით მსუბუქია, ვიდრე იყო თუნდაც ექვსი თვის წინ.

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალიზაცია არის. ეს შესამჩნევია ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებაში. ეს ასევე შეიმჩნევა მთლიანად საზოგადოებაში. იმიტომ რომ პროევროპული რიტორიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვესმის, შეუძლებელი იყო ერთი წლის ან, თუნდაც, ექვსი თვის წინ.”

მაგრამ გასულ კვირაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დათვალიერებისას ლუკაშენკომ საკონსულტაციო საბჭოებში ოპოზიციის განცხადებებს ”ბინძური იდეები უწოდა”.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან ბელორუსიაში ლიბერალიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდება. ფაქტია, რომ მინსკი ბოლო თვეების მანძილზე ნაკლებად იხედება მოსკოვისკენ და უფრო მეტად თვალი ევროპისკენ უჭირავს.
XS
SM
MD
LG