Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის რეალური გეგმა - კონკურენცია თუ კოორდინაცია?


ქართული ოპოზიცია თანხმდება იმაში, რომ ქვეყნის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პარტიებს შორის.


პოლიტიკური პარტიების ნაწილი საპროტესტო გამოსვლების მომხრეა, ნაწილს მიტინგების გზით ხელისუფლების შეცვლის იდეა არ ხიბლავს. ხალხს კი აინტერესებს პასუხი კითხვაზე - რას აპირებს ოპოზიცია უახლოეს ხანებში.

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციაში აქტიური მოძრაობა შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ მათ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი შეუერთდა და, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით, გაერთიანებისკენ მოუწოდა. გუშინ ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პოლიტიკურ ძალებს სიფხიზლისა და კოორდინაციისაკენ მოუხმო და გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს საზოგადოებამ ცოცხალი ხელის აწევით დაადასტუროს ურყევი ნება რეჟიმის შეცვლასა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. დღეს ეროვნულმა ფორუმმა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამოქალაქო კომიტეტების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, ეკა ბესელია კი, წევრი მოძრაობისა ერთიანი საქართველოსათვის, პარიზში ირაკლი ოქრუაშვილთან მართავს კონსულტაციებს, ახლები აქტიურად სტუმრობენ რეგიონებს. რა ხდება ქართულ ოპოზიციაში? მიზანი ერთია - სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. მაგრამ როგორია გზები ამ მიზნისაკენ? მიტინგები? პოლიტიკური ალიანსები? კოორდინაცია თუ კონკურენცია?

[კახა შარტავა] ”ზოგიერთი ოპოზიციური ძალა შეიძლება ჩქარობს კიდეც, თუმცა არა მგონია, მზად იყოს სიტუაცია სამიტინგოდ ახლა. მიტინგი ვერ იქნება თვითმიზანი და მიტინგები მიტინგებისთვის არ უნდა მოეწყოს. ”


ამბობს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, რომლის ინფორმაციით, არის საკითხები, რომელთა გარშემო ოპოზიციას საერთო აზრი აქვს, თუმცა იგეგმება თუ არა ერთობლივი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საერთო მიზნისკენ, ამის შესახებ შარტავა ვერაფერს გვეუბნება:

[კახა შარტავა] ”იდეების გარშემო გაერთიანება, სურვილების და შეთანხმებების გარშემო გაერთიანება არასოდეს არ არის ქმედუნარიანი და გზაში იშლება ყოველთვის. თუ შეგნებულად იწყებ რაღაც პროცესს, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ ამ გზით მივდივართ ახლა, მოსამზადებელი გზით.”(სტილი დაცულია)

კახა შარტავა ამბობს, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დღეს აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს არც სპონტანურ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან:

[კახა შარტავა] ”არავითარი სპონტანური გაერთიანებები და ბრმა ერთობები აღარ იქნება. სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ ადრე ჩატარებული არჩევნების მსგავსი არჩევნების ჩატარებას და მასში მონაწილეობას აზრი არა აქვს, რადგან ყველა შემთხვევაში ეს იქნება მისთვის სახეირო და მისი ძალაუფლების გახანგრძლივების საშუალება და ხრიკი.”

გაერთიანების აუცილებლობის შესახებ საუბრობდა ირაკლი ალასანიაც საკუთარი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე:

[ირაკლი ალასანია] ”ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას ყველა არსებული კონსტიტუციური მექანიზმით ხელისუფლების შესაცვლელად და მოვუწოდებთ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ.”

ნინო ბურჯანაძემ 17 თებერვალს მთელი ოპოზიციური სპექტრი გააფრთხილა. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გადადგომის მისაღწევად ერთადერთი გზა საზოგადოების ცოცხალი ძალის დემონსტრირებაა. პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დროის მოგებას, რისი წინასწარ დამუშავებული სცენარიც შეიძლება იყოს სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან რეფერენდუმი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე,

პროგნოზი პირველი: ხელისუფლება კონტროლირებადი მედიითა და არსებული ადმინისტრაციული რესურსებით უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიების ჯამურ გამარჯვებას და მსოფლიოს ე.წ. დემოკრატიული არჩევანის თაობაზე ამცნობს, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება პრეზიდენტის ოპოზიცია.

პროგნოზი მეორე: საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმის შემთხვევაშიც ხელისუფლება მოიგებს ოდნავი უპირატესობით და სურათი არ შეიცვლება. გამოსავალი: ცოცხალი ხელის აწევით ხალხმა უნდა დაადასტუროს თავისი ნება რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით მოუწოდებს ბურჯანაძე ყველა რაციონალურ ძალას კოორდინაციისაკენ.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად ხალხის ქუჩაში გამოყვანის წინააღმდეგ გამოდის ლეიბორისტული პარტია. მისი ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს:

[გიორგი გუგავა] ”მიტინგების გზით ხელისუფლების წაყვანა- მოყვანამ ამ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა და, ხშირ შემთხვევაში, ამ ქუჩის მიტინგებმა აღაზევა ისეთი პერსონები, რომლებმაც დაანგრიეს და დააქციეს ეს ქვეყანა. ამიტომ ეს პანაცეა არ არის, რომ ქუჩაში გავვარდეთ.”


ახალი მემარჯვენეები ამბობენ, რომ ისინი კონსულტაციებზე არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ რესპუბლიკურ პარტიასთან ალიანსიც შექმნეს და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ამ ალიანსის გაფართოების შესახებაც ამცნობენ. ნინო ბურჯანაძის მოწოდებას კი კოორდინაციის შესახებ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ასე ეხმიანება:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”ზოგადი კოორდინაციის მომხრე, ალიანსის სახელით ვლაპარაკობ, ჩვენ ვართ კარდინალურ საკითხებზე. ჩვენ ვმუშაობთ სააკაშვილის ხელისუფლების ძლიერი, დემოკრატიული ალტერნატივის ჩამოყალიბებაზე, თავისი ყველა ატრიბუტით. ვის ცენტრალური ადგილის დაკავება სურს და ვის პერიფერიულის, - ოპოზიციის ბრძოლას ვგულისხმობ, - ამაზე გამიჭირდება რამის თქმა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ არ ვართ გულუბრყვილოები და არც გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად იგრძნობს პასუხისმგებლობას და წავა თანამდებობიდან და, ბუნებრივია, არანაირად არ გამოვრიცხავთ ქუჩაში დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობასაც.”


რადიო ”თავისუფლება” დაუკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრს, ეკა ბესელიასაც, რომელმაც გვითხრა, რომ პარიზში იმყოფება და კვირის ბოლომდე, სანამ თავად ოქრუაშვილთან კონსულტაციები არ დასრულდება, ოპოზიციის და კონკრეტულად მისი პარტიის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
ასე რომ, კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს - მოახერხებს თუ არა ოპოზიცია იყოს ერთიანი არა მხოლოდ იდეების გარშემო, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში, საპროტესტო აქციების გზას აირჩევს, როგორც ეს გაზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუ სამოქალაქო კომიტეტების შექმნის გზით შეეცდება მოქალაქეების გააქტიურებას, როგორც ეს, მაგალითად, ეროვნულმა ფორუმმა გააკეთა, კვლავ პასუხის გარეშეა დარჩენილი.














  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG