Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”მოსალოდნელია თუ არა რუსეთისგან ომის განახლება მარტში?” – ”რეზონანსი” ცდილობს ამის გარკვევას და შეკითხვით პარლამენტის წევრ შოთა მალაშხიას,

რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილსა და სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს მიმართავს. შოთა მალაშხია: ”როგორც წინა აგრესიის შემთხვევაში იყო, 4-5 ტყვიის დალოდება არ მოგვიწევს, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მორიგ აგრესიას თავიდან ავიცილებთ”; ლევან ბერძენიშვილი: ”ყველა ეს ლაპარაკი ომის შესახებ არის პოლიტიკური სპეკულაცია. ხელისუფლებას უნდა ხალხი შეაშინოს. ოპოზიციას უკვე გადაწყვეტილი აქვს ერთი რამ: ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რისთვისაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ კონსტიტუციურ საშუალებებს სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს ახალი ომი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, არ იყოს განუკითხაობა და ა.შ. იმედი მაქვს, ომს არც ჩვენ და არც მსოფლიო არ დაუშვებს”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. ირაკლი სესიაშვილი კი ფიქრობს, რომ, მიუხედავად ლოგიკური მიზეზისა, ომის საშიშროება რეალურად არ დგას. ”ომის დაწყება მარტში არ მიმაჩნია რეალურად იმ ლოგიკური მიზეზის გამო, რომ რუსეთი ამისთვის მზად არ არის. ისედაც, აპრილში დაგეგმილია ობამასა და მედვედევის შეხვედრა. ამდენად, არ მგონია, რუსეთმა სულელური, ასე ვთქვათ, გიჟური ნაბიჯი გადადგას”, - ამბობს სესიაშვილი. ”რეზონანსი” დაინტერესდა რუსეთის მხრიდან ომის განახლების შესაძლებლობის საკითხით.

”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში არსებულ მღელვარებაზე საუბრობს: ”იქ, შიგნით, უკვე ლაპარაკობენ, შეიძლება მარტშიც აღარ ვიყოთო. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ: მათ სისუსტეზე წვეთ-წვეთად უნდა ვაძლიერებდეთ ზეწოლას”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

”ყველა სიახლე” თავდაცვის ყოფილ მინისტრს გია ყარყარაშვილს ირაკლი ალასანიას გუნდისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზეზზე ეკითხება. ყარყარაშვილი ალასანიას მიერ აფხაზებთან მოლაპარაკებების წარმართვის პროცესს იხსენებს და ამბობს: ”ვიცი, რის ფასად დაუჯდა ირაკლის ეს ყველაფერი. ასე მხოლოდ მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნების მქონე ადამიანები იქცევიან. დღეს ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანის შანსი მხოლოდ ირაკლი ალასანიას გუნდსა და იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, რომლებიც მასთან ითანამშრომლებენ”, - აცხადებს ყარყარაშვილი.

”ალია” ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მელაშვილს, ესაუბრა. მელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელებას აპირებს. ”გვაქვს ინფორმაცია, რომ მიშას ჩაფრები ”ეროვნული ფორუმის” რომელიღაც ოფისში აპირებენ იარაღის პოვნას. ვაფრთხილებთ მათ: ბიჭებო, არაფერი ამ საქმიდან არ გამოგივათ, თქვე საცოდავებო. სააკაშვილს ვერავინ ვერ უშველის, რადგან ეს კაცი არის აბსოლუტურად დისკრედიტებული.”

”ეროვნული ფორუმის” კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნიკო ორველაშვილს, ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ეკითხება:”ვთქვათ და, სააკაშვილის გადაყენების საკითხში ნოღაიდელი თქვენთან მოვიდა და ფორუმს გვერდით დაუდგა...” - ორველაშვილის პასუხი: ”ნოღაიდელმა თვითონ იცის, რომ ჩვენთან ვერ მოვა. სხვა თუ არაფერი, აქ ნიკო დახვდება ორველაშვილი, რომელიც ნოღაიდელს მოხარშულს იცნობს. ცუდად დამთავრდება მათი შეხვედრა”, - ამბობს ორველაშვილი.

თავად ნოღაიდელი კი ”ყველა სიახლეს” ეუბნება: ”საკითხი, რომელზეც ჩვენი ორგანიზაცია ოპოზიციასთან ითანამშრომლებდა, შეიძლება იყოს ის, თუ რას ვაპირებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის გადადგომა საზოგადოების შეკვეთად იქცეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG