Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის


შესაძლებელია თუ არა ქართველ და ოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენა და რა უნდა გაკეთდეს მათი მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველსაყოფად?

ამ კითხვებზე პასუხი „ქალთა კავშირში“ - იმავე „საქართველოს ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირში” - აქვთ და სპონსორების დახმარებით თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან შეთავსებასაც ცდილობენ. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიცვალა როგორც სამოქმედო არეალი, ისე ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებიც. ეს ცვლილებები აისახა პროექტშიც “ ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

2007–2008 წლებში, პროექტ „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისა“ და შვედური ორგანიზაცია ”კვინა ტილ კვინას” ფარგლებში, თბილისსა და ცხინვალში სამოქალაქო აქტივობით გამორჩეულ ქალთა პარალელური საქმიანობა მიმდინარეობდა. თბილისში, გორსა და ცხინვალში ერთობლივად შეიქმნა ქალთა სამშვიდობო კლუბები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებათა პროცესში გადაწყვეტილების მიღების დონეზე ჩართულობის მიღწევა იყო. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველა მიღწეული შედეგი დაინგრა და პროექტმაც სახეცვლილება განიცადა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, - გვითხრა „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ ხელმძღვანელმა მანანა მებუკემ:

[მანანა მებუკის ხმა]“ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პროექტში ჩართული გვყავს ის ქალბატონები, რომლებიც არიან ხეობებიდან - დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან - და მათი ჩართვა ამ პროცესებში მიგვაჩნია აქტუალურად, იმიტომ რომ ესენი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მიწა–წყალზე და იცხოვრონ იქ. ამიტომ მათთვის ეს ტოლერანტობა, მშვიდობის მშენებლობა არის აქტუალური.“(სტილი დაცულია)

პროექტში ჩართულები არიან ასევე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების ქალბატონები, რომელთაც პირველ რიგში ევალებათ მხარეთა შორის მედიატორობის როლის შესრულება. ერთ-ერთი მათგანია იზოლდა ტიგიევა, ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი:

[იზოლდა ტიგიევას ხმა]“მარტო თქვენ არა, მეგობრებო. ჩვენ, აქეთ დარჩენილი ოსებიც, ძალიან ცუდ დღეში ვართ. სამ ნაწილად ვართ გახლეჩილები: ეს - ჩრდილო ოსეთი, სამხრეთ ოსეთი და აქეთ დარჩენილი ოსები. ჩვენ დაკარგულები გვყავს ნათესავები, აღარავითარი ურთიერთობები აღარა გვაქვს მათთან. ჩვენ ყველაზე უფრო გამწარებულები ვეძებთ, რომ კონტაქტები დავამყაროთ, აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ნათესავებთან, ჩვენს ნათესავებთან, ჩვენს მეგობრებთან და, საერთოდ.“ (სტილი დაცულია)

მაშინ, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ მხარეთა შორის - კერძოდ კი, ოს და ქართველ ხალხებს შორის - დიალოგის დაწყება სახალხო დიპლომატიის მიმართულებითაც ჭირს, ”ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი” მშვიდობიან ქალთა მოძრაობის შექმნას ცდილობს. იგეგმება ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ქართველი და ოსი ქალების განათლების დონის ამაღლება უფლებების, მშვიდობის მშენებლობისა და ტოლერანტობის საკითხებში, ცნობიერების ამაღლების საკითხებში, მათ შორის, ქალის როლის პოპულარიზაციის საკითხებში და ასე შემდეგ, რაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, იოლი არ არის.

[ნაზი ბერუაშვილის ხმა]“ ეხლა კიდევ ტრენინგები გაიმართება გორში და 25 ქალს მივიყვან. ისეთი ქალები მიმყავს, რომლებიც ჯერ არ ყოფილან. მაგრამ მე რომ ვეუბნები, რომ ამ საკითხზე უნდა გვქონდეს, ადამიანის უფლებებზე უნდა გვქონდეს, რომ შენი უფლებაა, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობ და უნდა დაელაპარაკო, უნდა შევრიგდეთ, უნდა დავივიწყოთ. გვტკივა გული, მართალია, მაგრამ სულ რომ ეს ვიძახოთ, მე რომ ეს გაგიკეთე, შენ რომ ეს გამიკეთე, არაფერი აღარ მოგვარდება მერე, კაცო. ერთმანეთს ხომ უნდა შემოვუძახოთ, ხომ უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, ვუთხრათ ორიოდე სიტყვა რამე, რომ არა, ესე კი არ არის კარგი, ესეა. იქნებ დაიჯეროს, კაცო.“ (სტილი დაცულია)

გვითხრა პროექტის „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ დიდი ლიახვის ხეობის კოორდინატორმა, კეხვიდან დევნილმა ნაზი ბერუაშვილმა. როგორ მუშაობს ამ დროისათვის ქალთა კავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ცხინვალში და არის თუ არა რაიმე კონტაქტი მასთან აგვისტოს ომის შემდეგ? ამ შეკითხვით პროექტის „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ პატარა ლიახვის ხეობის კოორდინატორს თამარ ნიკორაშვილს მივმართეთ.

[თამარ ნიკორაშვილის ხმა]“ ჩვენ გვქონდა მათთან კონტაქტები, სანამ აგვისტოს მოვლენები დაიწყებოდა, და ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ერთად. ქართველებთანაც, ოსებთანაც იყვნენ მომხრეები, რომ ჩვენ მართლა შევრიგებულიყავით ერთმანეთთან, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა მთლიანად დაამსხვრია და ახლიდან დავიწყეთ. აგვისტოს მერე ერთხელ გვქონდა ბაქოში შეხვედრა და ისინიც მოსურნეები არიან, მუშაობენ ისევ. რა თქმა უნდა, თბილისში ვერ გამოვიდნენ და მოსურნეები არიან, რომ გავაგრძელოთ ეს მუშაობა ისევ.“(სტილი დაცულია)

ქართველი და ოსი ქალების ბაქოში გამართული შეხვედრის შედეგებზე კომენტარი ფრონეს ხეობის კოორდინატორს მაყვალა ბერიშვილსაც ვთხოვეთ.

[მაყვალა ბერიშვილის ხმა]“ თქვენ წარმოიდგინეთ, იყო იქ რაღაც თავისებური აგრესია, გვიწევს მოთმენა, მოფერება და ტოლერანტული ხაზით გავდივართ შეხვედრებს. ეხლა იმედია, უკეთესი შეხვედრა იქნება, იმიტომ რომ იქაც აქტიურად მიდის მუშაობა, მომზადება იმ ქალების, ოსი ქალების, და ღმერთმა ინებოს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს.“(სტილი დაცულია)

მშვიდობის მშენებელ ქალთა მოძრაობა მომავლის საქმეა, თუმცა „საქართველოს ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი“ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ისინი პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ მაინც შენიშნავენ, რომ დღეს ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას უდიდესი ძალისხმევა მართებთ, რათა კონტროლიდან პრაქტიკულად გამოსული მდგომარეობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გადავიდეს და პროგრესზე იყოს ორიენტირებული.


XS
SM
MD
LG