Accessibility links

logo-print

ირანი ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას უახლოვდება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახლახან მომზადებულ მოხსენებაში იუწყება, რომ ირანი კვლავაც განაგრძობს ურანის გამდიდრებას,

ოღონდ მოქმედების ტემპი შეანელა. თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ, საერთო ჯამში, ირანმა 1010 კილოგრამი ურანის შეგროვება შეძლო და იმ თეორიულ ზღურბლს გადააბიჯა, რომელიც ბირთვული ბომბის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. ახლა კი, ურანის შემდგომი გამდიდრების გაგრძელების შემთხვევაში, თეირანს საშუალება ეძლევა ერთი ბირთვული ბომბი დაამზადოს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს უკანასკნელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანი განაგრძობს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ბირთვული პროგრამის განვითარებას საერთაშორისო სააგენტოს ინსტრუქციების შესაბამისად.

მაგრამ მოხსენებაში სხვა ცნობების ამოკითხვაც შეიძლება.

გაეროს ბირთვული იარაღის ყოფილი ინსპექტორი, ახლა კი ვაშინგტონში მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ”აი-სი-აი-სის” დირექტორი დევიდ ოლბრაიტი ამბობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება პესიმისტურია:


”აი-სი-აი-სისთვის ეს არის საგაზეთო სათაურის დონეზე, რომ ირანი განაგრძობს მოძრაობას ბირთვული ბომბის შექმნისკენ და მოსალოდნელია, რომ ის ამას მიმდინარე წლის შუაში მიაღწევს.”

გაეროს ატომური უწყების შეფასებით, ირანმა გასული წლის ნოემბერში მოამზადა 839 კილოგრამი ნაკლებად გამდიდრებული ურანი და შემდგომ პერიოდში შეძლო კიდევ 171 კილოგრამის მოპოვება. საერთო ჯამში, იანვრის ბოლოსთვის ირანს 1010 კილოგრამი ურანი დაუგროვდა.

ოლბრაიტი ირწმუნება, რომ ურანის ასეთი მარაგი საკმარისია ერთი ბირთვული ბომბის დასამზადებლად.

მაგრამ გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი ბირთვული ბომბის დამზადებას დაიწყებს, ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელმა ბრიტანულ გამოცემას, ”გარდიანს”, განუცხადა, რომ ირანი ვერ შეძლებს მის ხელთ არსებული ნაკლებად გამდიდრებული ურანი ბომბის დასამზადებლად გამოიყენოს.

ირანის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მათი ქვეყანა ატომს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით იყენებს. მაგრამ თეირანმა საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად ცოტა რამ გააკეთა.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს რომ ირანმა შეანელა ”ცენტრიფუგის” დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის პროცესი, რასაც საკვანძო ადგილი უჭირავს ურანის გამდიდრების საქმეში.

დევიდ ოლბრაიტი ამბობს, რომ მიზეზი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ტექნიკური:


”მათ 6000-ზე მეტი ცენტრიფუგი აქვთ. მათგან მოქმედია დაახლოებით 4000. მაგრამ ისინი განაგრძობენ უფრო მეტის მშენებლობას. ასე რომ, მე არ ვიტყოდი, რომ მათ შეანელეს პროცესი. ისინი ურანს ამდიდრებენ უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე შეუძლიათ, და აღწევენ პროგრესს უფრო გამდიდრებული ურანის მისაღებად.”

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ ვერ მიაღწია პროგრესს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.

მაგალითად დასახელებულია ის, რომ თეირანმა მშენებარე ატომურ რეაქტორზე არ დაუშვა გაეროს ექსპერტები. ირანმა არ შეასრულა შეთანხმების დამატებითი ოქმი, რომელიც გაეროს ექსპერტებს ირანის ატომური ობიექტების ინსპექტირების უფლებას აძლევს.

მოხსენების შინაარსზე აშშ-ის რეაქცია მყისიერი იყო. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ მას მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს.

დევიდ ოლბრაიტის აზრით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება ნათლად მიანიშნებს, რომ აუცილებელია აშშ-ირანის დიალოგის დაწყება.

”ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. არ ველი, რომ აშშ-ის წარმომადგენლები თეირანში ჩაფრინდებიან და მაშინვე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან ირანის უმაღლეს ლიდერებთან ერთად. ვფიქრობ, პროდუქტიული მოლაპარაკებები შესაძლებელია საიდუმლოდ წარიმართოს, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია მათი დაწყება რაც შეიძლება მალე.”

გაეროს რამდენიმე რეზოლუციისა და სანქციების მიუხედავად, თეირანი დღემდე ნებას არ აძლევს გაეროს ექსპერტებს ირანის ატომური პროგრამის სრულფასოვანი ინსპექტირება განახორციელონ









XS
SM
MD
LG