Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგნალები და ინიციატივები კრაკოვიდან


ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური სამიტი კრაკოვში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომით დასრულდა.

შეხვედრას, რომელსაც, ფაქტობრივად, უნდა განესაზღვრა ალიანსის საიუბილეო მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის დღის წესრიგი, საქართველოში განსაკუთრებულ მოლოდინს უკავშირებდნენ. საქართველოში ასევე ბევრს მსჯელობენ იმაზე, ღირს თუ არა სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში იმ დროს, როცა თავად საქართველო მორიგი აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება.

ნატო-საქართველოს კომისიამ, რომელიც გასული წლის 16 სექტემბერს თბილისში შეიქმნა, კრაკოვში უკვე მეორედ განიხილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები. სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმების გარდა, ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ალიანსმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერი] ” ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანოს საკითხში. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ მოსკოვი აგრძელებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. ვხედავთ განზრახვას იქ აშენდეს სამხედრო ბაზები. სხვათა შორის, ჩვენ კვლავ ვაწყდებით საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - მეთვალყურეთა დაშვების პრობლემას. ნება მიბოძეთ გავიმეორო, რომ ეს პრინციპები უცვლელია და თვალნათლივ ცხადია, რომ არ ვეთანხმებით რუსეთის იქ ყოფნას. ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით.”

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა კი განაცხადა, რომ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გააფართოებენ თანამშრომლობას საქართველოსთან.


თუმცა კრაკოვში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, კონკრეტულად არაფერი უთქვამთ საქართველოს ყოველწლიურ გეგმაზე, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა შემუშავებულიყო, მაგრამ ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის თქმით, ამ გეგმის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ასევე, უკვე ცნობილია ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც საქართველოს 2009 წელს მოუწევს:

[გიორგი ბარამიძე] ”აქცენტი კეთდება, პირველ ყოვლისა, იმაზე, რაც ნატოსთვის არის მნიშვნელოვანი მიმართულებები. და აქ არის ბალანსი, ადეკვატური, დაცული. იქ არის თავდაცვაც, იქ არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც... იმიტომ რომ ეს გეგმა რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენ ახლა ნატოსთან კი არ ვთანამშრომლობთ, არამედ ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მომზადებას ნატოში გასაწევრიანებლად. ”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ფრანც იოზეფ იუნგმა გამოთქვა სკეპტიციზმი დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის მზადყოფნასთან, გაწევრიანდნენ ნატოში. თუმცა დავუბრუნდეთ საქართველოს ყოველწლიურ პროგრამას.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მიღებისთანავე კლასიფიცირებული იქნება. თუმცა, ნატოს წინა მემორანდუმების კვალობაზე, ქართველი ექსპერტები ასკვნიან, რომ ყოველწლიურ პროგრამაში ყურადღება უფრო მეტად დემოკრატიულ რეფორმებზე გამახვილდება. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სამხედრო ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა.

[ანდრო ბარნოვი] ”მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ თითონ ნატოს გაწევრიანების პერსპექტივა, ალბათ, კაი ხნით არის გადადებული, ძირითადი რეკომენდაციები იქნება დემოკრატიზაციაზე, ანუ იმ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული, რაც ზოგადად ნატოს წევრ ქვეყანას წარედგინება- ინსტიტუციური მოწყობის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით.” (სტილი დაცულია)

ნატოს თავდაცვის მინისტრთა არაფორმალური სამიტი კრაკოვში, ძირითადად, ავღანეთში მიმდინარე ალიანსის უსაფრთხოების ოპერაციას დაეთმო. ალიანსის სამხედრო სარდლობა მესამე წელია ამაოდ ითხოვს დამატებით ძალებს. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 ათასი ჯარისკაცით გაზარდოს ამერიკული კონტინგენტი ერაყში. თუმცა ნატოს წევრი რიგი ქვეყნების შიგნით ჯერჯერობით ვერ ხერხდება თანხმობის მიღწევა დამატებითი ძალების გადასროლის თაობაზე. ამ ფონზე კრაკოვში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ გაიმეორა, რომ საქართველო მზად არის ნატოს კოალიციის დასახმარებლად ავღანეთში ასეულის ზომის ქვედანაყოფი გაგზავნოს. საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას ექსპერტებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ირაკლი სესიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი, ფიქრობს,რომ ასეთი ინიციატივა საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებთან შეუსაბამობაში მოდის:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ფორსმაჟორული სიტუაცია. სულ რამდენიმე თვე გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, რაც კრემლმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ამას დავამატებ, რომ თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა,რომ გაზაფხულზე შეიძლება აგრესია განმეორდეს[რუსეთის მხრიდან]. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ერთ ჯარისკაცსაც კი(არა ასეულს) შეუძლია მშვიდობიანი ერთი მოსახლის დაცვა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა რადიკალურად და უტოპიურად გამოდის, მაგრამ ნატომ უნდა მოგვცეს იმის პოლიტიკური გარანტია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელდება კიდევ ერთი აგრესია.”

საქართველოს ხელისუფლება ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნას შარშან ზაფხულში გეგმავდა. თუმცა აგვისტოს ომმა რუსეთთან ამ განზრახვის განხორციელება შეაფერხა. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება ქართული კონტინგენტი ავღანეთში, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ავღანეთში ”ქართული კონტინგენტის ყოფნა, უფრო გაზრდის საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს მხრიდან.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG