Accessibility links

logo-print

ნინო სალუქვაძემ ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინა მდებარეობს, მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში.

შეჯიბრებაში ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენებიც, რომელთა ლიდერმა, ნინო სალუქვაძემ თავის მდიდარ კოლექციას შაბათს დილით კიდევ ერთი მედალი შემატა - პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრზე სროლაში სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

საკვალიფიკაციო შეჯიბრის შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მეოთხე შედეგი აჩვენა. მას წინ უსწრებდა რამდენიმე ძლიერი მეტოქე. გადამწყვეტი დაპირისპირება 21 თებერვალს პრაღაში ”ოუ-თუ არენაში” გაიმართა.

[სროლის ხმა]

პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრის დისტანციაზე ქალთა შორის ფინალში 8 სპორტსმენი გავიდა. ესენი არიან: უკრაინის, ჩეხეთის, შვეიცარიის, უნგრეთის ბულგარეთის, საქართველოს წარმომადგენლები და ორი სპორტსმენი ბელორუსიიდან.

შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან თითქმის ყველა მონაწილე მაღალ შედეგს აჩვენებდა, განსხვავება მხოლოდ ქულათა მეათედებში იყო და ერთი მცირედი უზუსტობაც კი მოწინააღმდეგეს დიდ უპირატესობას ანიჭებდა. ამ დაპირისპირების შედეგად, ნინო სალუქვაძემ მეორე ადგილი მოიპოვა.

[გამარჯვებულთა გამოცხადება] ”მეორე ადგილი, ვერცხლის მედალოსანი გახდა ნინო სალუქვაძე, საქართველო...”

პირველი ადგილი და ოქროს მედალი ბულგარეთის წარმომადგენელმა მარია გროზდევამ მოიპოვა,ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ჩეხეთის სპორტსმენს ლენკა მარუშკოვას.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პნევმატური პისტოლეტით სროლაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს ნინო სალუქვაძეს სპორტსმენები და გახარებული გულშემატკივრები ულოცავდნენ.

ნინო სალუქვაძეს მეც გავესაუბრე და ვკითხე, თუ როგორ წარიმართა ფინალი.

[ნინო სალუქვაძის ხმა] ”ეს ძალიან დაძაბული და რთული სიტუაცია იყო. თითქმის მეორედან მერვემდე ერთნაირი შედეგი იყო. და ყველას ჰქონდა მოგების შანსი. მე პირველ ადგილზე არ მქონდა პრეტენზია, იმიტომ რომ 4 ქულით წინ იყო მარია გროზდევა, ბულგარელი, თუმცა კი ცუდად დაიწყო. არ ვუყურებდი. ეს ახლა ვნახე, რომ ცუდად დაუწყია. და დანარჩენებიც კარგად მიდიოდნენ. აი, მეშვიდე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჩეხმა სპორტსმენმა. მე ვიყავი მეოთხეზე, ბოლომდე ვიბრძოლე და გავედი მეორე ადგილზე.” (სტილი დაცულია)

ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალი რუსეთის ფედერაციის გუნდის წევრებმაც მიულოცეს. მათ შორის იყო ნატალია პადერინა, რომელიც გასული წლის აგვისტოში, პეკინის ოლიმპიადაზე, ვერცხლის პრიზიორი გახდა. მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა, ნატალია პადერინა დაჯილდოების ცერემონიალზე თავის მეტოქეს, ბრინჯაოს პრიზიორს ნინო სალუქვაძე,ს გადაეხვია და წარმატება მიულოცა. ასე მოხდა ახლაც.

[ნატალია პადერინა] ”ძალიან მიხარია, რომ მას ფინალი ასე წაუვიდა, რომ მან პრიზის მოპოვება შეძლო. ჩვენ მეგობრები ვართ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. მე ძალიან მიხარია მისი წარმატება. ყოჩაღ!”

ნინო სალუქვაძის წარმატების გამო ემოციებს ვერ ფარავდა მისი მამა და პირადი მწვრთნელი, ასევე საქართველოს გუნდის მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე.

[ვახტანგ სალუქვაძე] ”...ამდენი მედალი სად წავიღო?კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა. ძირითად შეჯიბრში ცოტა მეტი ქულა უნდა გაეკეთებინა. ერევანში რომ გვქონდა შეკრება, იქ სხვანაირი განათება და სხვანაირი შეგრძნება იყო და გუშინ რომ ჰქონდა სროლა კი, მითხრა რომ რაღაცა ვერ ვგრძნობ აქ კარგად სროლასო. არ ვიცი განათების ბრალი იყო თუ რისი ბრალი იყო, არ ვიცი. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. გუნდურში, გული მწყდება, რომ გოგონებს გაკეთებული ჰქონდათ ყველაფერი და ბოლო 7 გასროლაში 7 ქულა დავკარგეთ და ამით წავაგეთ ნაღდი მეორე ადგილი. შეგვეძლო პირველ ადგილზე გასვლაც.” (სტილი დაცულია)

გუნდური შეჯიბრის შესახებ, სადაც საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა, ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძესაც გავესაუბრე.

[ნინო სალუქვაძის ხმა] ”გუნდურში ძალიან გული მწყდება, რადგან კარგად გამოვიდა გუნდი და 1 ქულა დაგვაკლდა საპრიზო ადგილამდე. მეც ვერ გავაკეთე ის შედეგი, რაზეც ვიყავი მზად - 384 ქულა. უფრო მეტზე ვიყავი მზად. ამას აჩვენებდა თვითონ მოსამზადებელი პერიოდი. აქ იყო ცოტა შეფერხება. ძალიან ცივა, სხვათა შორი, და ბნელა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია. მე ამას არ ვაბრალებ, - ყველასთვის ერთნაირი პირობებია, - მაგრამ იმედი მქონდა, რომ უფრო მეტს გავაკეთებდი. ერთი-ორი მეტი ქულა რომ გამეკეთებია, გუნდურიც კარგი იქნებოდა.” (სტილი დაცულია)

გუნდური შეჯიბრის კიდევ ერთ მონაწილეს, ნინო უჩაძეს, გავესაუბრე, რომელიც ქართველ სპორტსმენთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებაც საუბრობს:

[ნინო უჩაძის ხმა] ”მე ქუთაისში ვვარჯიშობ და, შეიძლება ითქვას, რომ ფარეხში ვვარჯიშობ. ჩემთვის მოვიწყე პატარა ტირი, სადაც არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება ჩემი ტირი. ანუ ეს შეკრება, ერევანში 10 დღიანი შეკრება და ფაქტი სახეზეა, რომ შედეგი ძალიან მაღალია ჩემთვის. რაც შეეხება გუნდურ საპრიზო ადგილს, მხოლოდ ერთი ქულით წავაგეთ მესამე ადგილთან, ხოლო რუსებთან, რომლებიც მეორე ადგილზე გავიდნენ, 2 ქულით წავაგეთ. ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა დღეს მედლებს დავუფლებოდით, მაგრამ არა უშავს. ეს სტიმულია ჩვენთვის.” (სტილი დაცულია)

პნევმატური პისტოლეტით სროლაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მომდევნო დღეებში შეჯიბრი გაიმართება ვაჟთა შორის. აქ საქართველოს მხოლოდ ერთი სპორტსმენი, ლევან ქადაგიძე, წარმოადგენს, რომელსაც სერიოზული კონკურენტები ჰყავს, სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე წარმომადგენლის სახით.
XS
SM
MD
LG