Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა,


ასეთი ამოსაცნობი მელოდია უძღოდა წინ ბერლინის 59-ე

საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამებში ჩართულ ფილმებს - ფესტივალისა, რომლის დასრულებიდან ერთი კვირა გავიდა, მაგრამ 59-ე „ბერლინალე“ კვლავ აქტუალური რჩება... ბერლინის კინოფორუმზე ხომ შედგა ამერიკულ „ოსკარზე“ წარდგენილი, ფაქტობრივად, ყველა სურათის ევროპული პრემიერა - კინოაკადემიის ლაურეატების სახელებს კი დღეს იგებს მსოფლიო, „ბერლინალეს“ დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ... ანუ გამარჯვებულების გამოსავლენად ამერიკელი კინემატოგრაფისტები იმასაც ითვალისწინებენ, თუ რამდენად წარმატებით უჩვენეს „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმები ბერლინში... გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალი წელს სენსაციით დასრულდა: ჟურნალისტებს და, მით უფრო, კინოკრიტიკოსებს კი უყვართ, ასე ვთქვათ, „სენსაციის ანალიზი“... აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ „ბერლინალეს“ საკონკურსო პროგრამაში ჩართულ 18 ფილმს შორის გაიმარჯვებდა არა თანამედროვე კინოს ცოცხალი კლასიკოსების - სტივენ ფრირზის, ბერტრან ტავერნიეს, ფრანსუა ოზონის, ჩან კაიგეს ახალი სურათი...არამედ ყველასთვის უცნობი კინემატოგრაფისტების ფილმები - „გრან-პრით“ არგენტინული სურათი „გიგანტი“ და „ოქროს დათვით“ ფილმი, გადაღებული პერუში,33 წლის რეჟისორის კლაუდია ლოსას „სევდის რძე“... როცა ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა მსახიობმა ტილდა სვინტონმა, გამარჯვებული გამოაცხადა, ბერლინალე პალასის 3000კაციან დარბაზში დიდი ჩოჩქოლი ატყდა - აღმოჩნდა, რომ ფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა აბსოლუტურ უმრავლესობას დილის 9 საათზე ნაჩვენები ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდა.

[ტილდა სვინტონი გადასცემს „ოქროს დათვს“]

ამბავი ახალგაზრდა ქალზე, ფაუსტაზე, რომელიც ჯერ კიდევ დედის საშოში „იმყოფებოდა“, როცა დედამისი ძალადობის მსხვერპლი გახდა...ფაუსტაზე, რომელსაც დაბადებიდან ეშინია მამაკაცების და, თავის დაცვის მიზნით, საშო კარტოფილით აქვს დაცული...ბერტოლდ ბრეხტის სტილში გადაღებული ეს სურათი ბერლინში აღიქვეს როგორც პოლიტიკური იგავი. საქმე ისაა, რომ ფაუსტას დედა ძალადობის მსხვერპლი გახდა დიქტატორული რეჟიმის დროს...ამიტომ ფილმში მამაკაცის ძალადობა ქალზე, პატრიარქალური სისტემა და დიქტატურა, ფაქტობრივად, გაიგივებულია. კონფლიქტს ისიც ამძაფრებს, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მაგალი სოლიერი ინდიელთა უძველესი ტომის, კეჩუას, წარმომადგენელია... ძალადობა ქალზე და ძალადობა უმცირესობაზე გაიგივებულია - უმცირესობის უფლებების დაცვა კი ყოველთვის იყო ბერლინის კინოფესტივალის პრიორიტეტი. სხვათა შორის, ბერლინის ფესტივალის დახურვაზე მაგალი სოლიერმა თავის მშობლიურ ენაზე შეასრულა სიმღერა „ოქროს დათვით“ აღნიშნული ფილმიდან

[„სევდის რძის“ სიმღერა]

უმცირესობის უფლებების დაცვა ”ბერლინალესთვის” აკვიატებული აზრი არ არის... ის ხალხი, ვინც ფესტივალს გადაჭარბებულ პოლიტკორექტულობაში სდებს ბრალს, არ ითვალისწინებს პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტს, რომელიც წინ უძღოდა ბერლინის ფესტივალის გახსნას ჯერ კიდევ 59 წლის წინ - მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში „კუდიანებზე ნადირობა“ გამოცხადდა და როცა საბჭოთა კავშირში სტალინის რეჟიმი ბობოქრობდა...როცა ფაშიზმი ახლად დამარცხებული იყო, მაგრამ ფაშიზმის გავრცელების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა. სხვათა შორის, ამ საფრთხეზე წლევანდელი ფესტივალის დღეებშიც საუბრობდნენ - საკონკურსო ჩვენებების წინ ბერლინალე პალასთან იდგნენ ახალგაზრდები, რომლებიც ევროპაში პრონაცისტური ჯგუფების გააქტიურებას აპროტესტებდნენ.

[ნაციზმის წინააღმდეგ მანიფესტაცია]

თუმცა ძალადობას არა აქვს მხოლოდ პოლიტიკური ელფერი...არსებობს ეგრეთ წოდებული „ყოფითი ძალადობაც“, გამოხატული მორალური ტაბუს სახით - ის, რასაც მუდმივად ებრძოდნენ ბერლინის ფესტივალზე და რასაც წლევანდელ კინოფორუმზეც გამოუცხადეს ბრძოლა - შემთხვევითი არაა, რომ კონკურსში მოხვდა ბრიტანელი რეჟისორის სტივენ ფრირზის კოსტიუმირებული დრამა „შერი“ (კოლეტის რომანის მიხედვით)...ფილმი, რომელსაც თავად რეჟისორმა, „უბრალოდ, თავშესაქცევი ისტორია“ უწოდა...თუმცა ბერლინის ფესტივალის იმიჯს თუ გავიხსენებთ, ასაკში შესული კურტიზანელი ქალის და 21 წლის ყმაწვილის სასიყვარულო ისტორია, უფრო აქტუალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ეს ისტორია საზოგადოების გამოცდაცაა...რატომ არ იღებს საზოგადოება ასეთ სიყვარულს, რატომ მიიჩნევს გარყვნილებად? მიშელ ფაიფერი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა წლევანდელი „ბერლინალეს“ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში, ამ კითხვას ასე უპასუხებს:


[მიშელ ფაიფერის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ეს ჯერაც გარკვეული ტაბუა, ამიტომაც იქმნება ფილმები ამ თემაზე... თუმცა საზოგადოება სულ უფრო მზად ხდება ამის მისაღებად... სიყვარული არ ექვემდებარება ასაკს, ან სქესს, ან იმ კანონებს, რომელსაც საზოგადოება აწესებს.“


სტივენ ფრირზის ეს ფილმი „ბერლინალეს“ დათვის გარეშე დარჩა. ისევე როგორც ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“...სურათი, რომელიც ძირითად კონკურსში ვერ მოხვდა, მაგრამ უჩვენეს პროგრამით „ახალი თაობები“...სურათი, რომლის პრემიერა ბერლინში იმდენად წარმატებული იყო, რომ პრიზს საუკეთესო დებიუტისთვის გიორგი ოვაშვილს არაერთი კრიტიკოსი უწინასწარმეტყველებდა. ფილმის დასრულების შემდეგ გიორგის არაერთ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა - აღმოჩნდა, რომ პრემიერაზე მოვიდა ხალხი, რომელმაც მაინცდამაინც არაფერი იცოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ.

[გიორგი ოვაშვილის ხმა] „კი, ეს ფილმი უნდა გადაგვეღო აფხაზეთშიც, მაგრამ ვერ შევძელით გადასვლა.“

გიორგი ოვაშვილთან ინტერვიუს რადიო ”თავისუფლება“ ამ კვირაში შემოგთავაზებთ, როცა „გაღმა ნაპირს“ ქართველი მაყურებელიც ნახავს.. ფილმის თბილისური პრემიერა ამ დღეებში უნდა მოეწყოს.


XS
SM
MD
LG