Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა დოიჯაშვილი - პიანისტი


15 თებერვალი, კვირა
ჯერ კიდევ ბნელოდა კუს ტბაზე რომ ავედი. ბატონი ჯანო და ბატონი გურამი უკვე ასულები დამხვდნენ. რამოდენიმე წრე შემოვუარეთ ტბას. ყველა პოლიტიკური სიახლე და ქალაქის ახალი ამბები საგულდაგულოდ ირჩევა ამ ვითარების დროს. ჩემი კუთვნილი 5 კილომეტრი გავიარე. ამასობაში გათენდა კიდეც.
დილის ყავა ტელევიზორთან – რიტუალია. მივირთმევ ნელა. ბავშვობის ჩვევაა. ეს იყო ერთადერთი დრო, როდესაც დასვენება შემეძლო. დისნეის მულტიკებს ვუყურებ. არასოდეს მბეზრდება. ვტკბები დისნეის ფანტაზიით.
დღეს არსად არ მეჩქარება. მთელი დღე სახლში ვიქნები. მხოლოდ საღამოს გავალ “ბასიანის” კონცერტზე. ესეთი დღეები დიდი იშვიათობაა. სულ ვჩქარობ და წუთებს ვითვლი.
საუზმის შემდეგ სამზარეულოში გადავინაცვლე. “მუზას” ვუსმენ და თან გოგისთვის დაპირებულ ნამცხვარს ვამზადებ. ლევანიკო გუდაურშია. ჩემი მოუცლელობის გამო სულ მენატრება. ძალიან ვნანობ, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყავს.
დედას ყვავილმა ახალი ყლორტი ამოიყარა. ეს მცენარე 40 წელზე მეტია იმ ქოთანში ხარობს, რომელშიც დედამ ჩარგო. 2 წლის წინ გადარგვა მოვინდომე უფრო დიდ და ლამაზ ქოთანში, მაგრამ მან ახალ სახლში ყოფნა არ მოინდომა. ქოთანი უმიზეზოდ გასკდა და ისევ ძველში მომიწია დაბრუნება. ამ მცენარეს რომ ვუყურებ, მგონია, რომ დედა ისევ ჩემთანაა.
11 საათზე ინსტრუმენტთან ვჯდები. დვორჟაკის კვინტეტს ვსწავლობ. ჩეხეთის ელჩთან შევთანხმდით, რომ მათი ევროკავშირში თავმჯდომარეობის გამოსამშვიდობებელ საღამოს დიდ დარბაზში საზეიმოდ აღვნიშნავთ ჩეხური მუსიკის კონცერტით. ჩვენც გვმართებს, რითაც შეგვიძლია, პატივი მივაგოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს.
როდესაც ვმეცადინეობ სულ ის აზრი მეუფლება, რომ მუსიკის ფასი არაფერია და თითოეული დღე ინსტრუმენტის გარეშე დაკარგულია. არა და რამდენი დრო მაქვს დაკარგული.
კონცერტზე წასვლამდე ჩემოდანს ვალაგებ. ღამე კრაკოვში მივფრინავ. საფორტეპიანო კათედრის სამი სტუდენტი მიმყავს. ეს საპასუხო ვიზიტია. შარშან პოლონელები იყვნენ ჩამოსულები. ეხლა ჩვენი ჯერია. ერთობლივი კონცერტი გვექნება და თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გავაფორმებთ. კრაკოვი, პოლონეთის მესამე ქალაქია, პოზნანის და ვარშავის შემდეგ, რომელთანაც ხელშეკრულებას ვდებთ.
დიდი დარბაზი ხალხითაა გადაჭედილი. საღამო ეძღვნება 1901-1914 წლებში ჩაწერილ ქართულ სიმღერებს, რომლებიც ანზორმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებში მოიძია და გამოსცა. ამ ძველი ჩანაწერებიდან ნასწავლ სიმღერებს “ბასიანი” ახმოვანებს. ანზორი ტკბილად და საინტერესოდ უყვება აუდიტორიას თითოეული ამ მარგალიტის და შესრულების ისტორიას. თუ კი ვინმეს შეუძლია დღევანდელ დღეს სთქვას, რომ ქართული კულტურისათვის იღვაწა, ანზორ ერქომაიშვილი მათ შორის პირველია.
აეროპორტში ლევანიკო მაცილებს. ჩვენი აეროპორტი დღე მკვდარია, ღამე კი ხალხით სავსე. თითქმის ყველა საერთაშორისო რეისები ღამე მოძრაობენ. ღამის თევას ვერ ვიტან. ნეტავ როდის გვეღირსება ადმიანური მგზავრობა.

16 თებერვალი, ორშაბათი
თბილისიდან საათნახევრის დაგვიანებით გავფრინდით. მიუნჰენში კრაკოვის რეისზე 1 საათში უნდა გადავმჯდარიყავით, ცხადია დავიგვიანეთ. შემდეგი რეისის ცდამ 5 საათი მოგვიწია. კარგი კიდევ, რომ კრაკოვზე მეორე რეისიც არსებობდა, თორემ ღამესაც იქ გავათენებდით.
კრაკოვში დიდი სითბოთი და სტუმარმოყვარეობით დაგვხვდნენ. აქ შუა ზამთარია, დიდი თოვლით და ყინვებით. ვერ მოვასწარი ნომერში შესვლა, რომ ვესტიბიულიდან პანი ირენიმ დამირეკა. ვარშავიდან ჩამოვიდა ჩვენთან შესახვედრად. პანი ირენი სიჟალოვა პოლონეთში გავლენიანი მუსიკოსია. დღეს იგი პენსიაზეა, მაგრამ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ ცხოვრებაში. არაჩვეულებრივად ენერგიული პიროვნებაა საქართველოზე შეყვარებული. გენრიჰ ნეიჰაუზის მოსწავლე იყო და ამბობენ ახალგაზრდობაში ძალიან კარგი პიანისტი. კრაკოვის მუსიკალურ აკადემიასთან დამეგობრება სწორედ მისი ინიციატივაა. რამოდენიმე წლის წინ ბრძანდებოდა თბილისში და როგორც თვითონ ამბობს “თბილისის კონსერვატორიამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზეო, რომ დიდი სურვილი გამიჩნდა კრაკოვის მუსიკალურ აკადემიას შემოქმედებითი კავშირები დაემყარებინა თქვენთანო”. ესეც მოხდა. როცა რემე ძალიან გინდა, აუცილებლად გამოვა.

17 თებერვალი, სამშაბათი
დილის 5 საათია, თბილისის დროით 8. მეტი ძილი აღარ შემიძლია. გუშინ დაღლილი ვიყავი და ადრე დავწექი. საკითხავი სპეციალურად არ წამოვიღე დღიური რომ დამეწერა. ჩემი თავის მიკვირს, რატომ დავთანხმდი ქალბატონ მარინას ამის გაკეთებას. ფორმალურად და სანახევროდ არაფრის კეთება არ შემიძლია. დღიური ფორმა კი ძალიან პრეტენზიული და ინტიმური... ეხლა გვიანაა ამაზე მსჯელობა. ადრე უნდა მეფიქრა. Дурная голова ногам покоя не дает.
10 საათზე ბავშვებს უნდა შევხვდე. რეპეტიციაზე მივდივართ დარბაზში. კონცერტი დღეს 7 საათზეა “ფლორიანკაში” - კრაკოვის ერთ-ერთ ულამაზეს საკონცერტო დარბაზში. ანა ღლიღვაშვილი, გვანცა ბუნიათიშვილი და გიორგი აბულაძე რეზო თავაძის, გიზი ამირეჯიბის და ედიკო რუსიშვილის სტუდენტები არიან. ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები, ნიჭიერები, ზრდილები, თავმდაბლები. მათთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა.
რეპეტიციამ კარგად ჩაიარა. როიალი ძალიან კარგია. აკუსტიკა დარბაზში მშვენიერი, მაგრამ ყველა მაინც ვღელავთ.
საღამოს კონცერტზე 1 საათით ადრე მივდივართ. ბატონი ვოვა სადოვსკი – ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი პოლონეთში, უკვე იქ გვხვდება. ვარშავიდან სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენს პატივსაცემად. ნიკა რურუას დაურეკია ბატონი ელჩისთვის და შეუტყობინებია ჩვენი კონცერტის შესახებ. ბატონ ვოვას ახალგაზრდობიდავ ვიცნობ. ინგლისური ენის გაკვეთილებსაც ვღებულობდი მასთან. ვერ ვიხსენებ, რამდენი ათეული წელია რაც არ მინახავს. ძალიან განათლებული პიროვნებაა. გულწრფელად გამეხარდა მასთან შეხვედრა.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. პოლონელების მხრიდან ორი ძალიან ნიჭიერი ბიჭი უკრავდა. კონცერტის დაწყებამდე აკადემიის რექტორი სიტყვით გამოვიდა და გულთბილად მოგვესალმა. საპასუხო სიტყვაში დიდი მადლობა გადავუხადე პოლონელ ხალხს და მის მთავრობას იმ მხარდაჭერისათვის, რაც მათ აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოიჩინეს. მადლიერების ამ გამოხატულებას დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. ასე იყო პოზნანში და მანჩესტერშიც.
კონცერტის შემდეგ დიდ ხანს გაგრძელდა მილოცვები, საუბრები ჩვენს კონსერვატორიაზე და ზოგადად საქართველოში დღევანდელი მდგომარეობაზე.

18 თებერვალი, ოთხშაბათი
თოვს. ქარია. ექსკურსიებისათვის არც თუ სანატრელი ამინდი. არა და კრაკოვში რამდენი რამ არის სანახავი. უმშვენიერესი ქალაქია. დილით, საუზმის შემდეგ წმინდა მარიამის ბაზილიკის სანახავად წავედი.. ძალიან შთამბეჭდავი ძეგლია.
12 საათზე რექტორის კაბინეტში, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში, შედგა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ტერმინალი. თავი გაეროში მეგონა. ეს მოვლენა ბატონი ვოვას მიერ საგანგებოდ ჩამოტანილი ქართული ღვინით აღინიშნა, რის შემდეგაც რესტორანში სადილზე მიგვიწვიეს. პროფესიულ თემებთან ერთად აქტუალური ისევ რუსული პოლიტიკა იყო. საკვირველია, როგორ “უყვართ” ყველგან.
სადილის შემდეგ ბავშვებთან ერთად კრაკოვის ნაციონალურ მუზეუმში წავედით. უმდიდრესი ექსპოზიციაა. მხოლოდ ლეონარდოს “Дама с горностаем” (არ ვიცი როგორ ითარგმნება) რად ღირს. ამის გარდა რემბრანდტი, კრანახი, ბრეიგელი... ნამდვილად არ ვიცოდი, რომ კრაკოვს ასეთი მდიდარი მუზეუმი ჰქონია.
საღამოს პანი ირენასთან ერთად ფილარმონიაში წავედით. კრაკოვის სიმფონიური ორკესტრი აძლევდა კონცერტს ვენის “მუსიკფერაიენში” გასტროლების წინ. პროგრამაში ვაგნერის, მოცარტის და ბერლიოზის ნაწარმოებები იყო. დირიჟორი ახალგაზრდა პოლონელი მუსიკოსი. სოლისტი ჩინელი პიანისტკა. გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. ვერ ვიტყვი, რომ კონცერტმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ორკესტრი თავისი კლასით ნამდვილად კარგია. დირიჟორი ძალიან მონდომებული, მაგრამ ცრუ არტისტიზმით შენიღბული. რაც შეეხება სოლისტს – ჩინელ პიანისტკას – ეს იყო სრული გაუგებრობა. ესეთი უსუსური, უსახო, უნიჭო და არაფრისმთქმელი მოცარტის B-დურ კონცერტი არ მომისმენია. საკვირველია, როგორ ხვდებიან ამ ტიპის “მუსიკოსები” დიდ საკონცერტო სცენებზე. სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ალბათ, ძალიან მდიდარია, ან ძალიან ლამაზი, ან ორივე ერთად.

19 თებერვალი, ხუთშაბათი
დილით, პროფესორ მიროსლავის თხოვნით მის სტუდენტს მოვუსმინე. თბილისის საერთაშორისო კონკურსზე აპირებს მონაწილეობის მიღებას. ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდაა.
სამწუხაროდ, ვაველის სასახლის დათვალიერება ვერ მოვასწარით. მხოლოდ ქალაქის ცენტრს და მუსიკალურ აკადემიას გამოვემშვიდობეთ და აეროპორტისაკენ დავიძარით. ბატონი ვოვა საპასპორტო კონტროლის გასასვლელამდე არ მოგვცილებია. უკანა გზაზე მშვიდობიანად ვიმგზავრეთ.

20 თებერვალი, პარასკევი
დილის 4 საათზე ჩამოვედით. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. როგორც ყოველთვის გოგი მხვდება. 30 წლის წინ ჩემმა მეუღლემ ჩემდა საბედნიეროდ, ქართველი მამაკაცისთვის არც თუ კომფორტული არჩევანი გააკეთა.
რამდენიმე საათი მეძინა და 1 საათზე კონსერვატორიაში გავიქეცი. მაგიდაზე დაგროვებული ფოსტა დამხვდა. ხვალ მინისტრთან მაქვს შეხვედრა. სამუსიკო განათლებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეზე უკვე მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით. ეხლა მოქმედებაა საჭირო. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელ წლებში საგანმანათლებლო სფეროში ჩატარებულმა რეფორმამ ჩვენს დარგს დიდი ზიანი მიაყენა. რეფორმა გაუმჯობესებას ნიშნავს და არა ნგრევას. ის რომ განათლების სფეროს რეფორმა საჭიროებდა – უდაოა, მაგრამ რეფორმას გონივრულს, ყველა საუკეთესო ტრადიციების და თანამედროვე სიახლეების შეჯერებას. კლასიკური მუსიკა უფაქიზესი დარგია და ყველა ცვლილებები დიდი სიფრთხილით არის ჩასატარებელი და ამას, უპირველეს ყოვლისა, თვითონ პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ. მუსიკალური ხელოვნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარგია. ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში, პროფესიულ მუსიკაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები შეიქმნა. ამ საუკეთესო ტრადიციების უგულებელყოფა უდიდესი დანაშაულია. დღეს დღეობით კი მუსიკალური განათლების სფეროში აბსოლუტური ქაოსია. დაწყებითი სამუსიკო სკოლები თვითდაფინანსებაზე გადაიყვანეს და სახელოვნებო სკოლებად გადააკეთეს, სადაც მუსიკას ერთ-ერთი რიგითი ადგილი უკავია ჭრა-კერვასთან, აერობიკასთან და ა.შ.. ერთად. საშუალო პროფესიული სასწავლებლები მილევად რეჟიმში ამთავრებენ წელს თავიანთ არსებობას. კონსერვატორიას თავს მოახვიეს ჩვენი სპეციფიკისათვის მიუღებელი არა ერთი კანონი. თუ ესე გაგრძელდა სულ ახლო მომავალში აღარც ორკესტრები, აღარც საოპერი თეატრი და აღარც ჩვენი სახელგანთქმული მუსიკოსები, დღეს რომ ესე ვიწონებთ მათი სახელებით თავს, აღარ გვეყოლება. კონსერვატორიაში დიდი ხანია მომზადდა უწყვეტი სამუსიკო განათლების პროგრამა – კონცეფცია, მაგრამ მის განხორციელებას, მიუხედავად პრეზიდენტის მხარდაჭერისა არა და არ დაადგა საშველი. სამინისტროში ნიკა რურუას მოსვლით იმედი გამიჩნდა, რომ სასიკეთო ცვლილებები შეიძლება დაიწყოს. ეხლა მთელი ჩემი გონება, ენერგია და ფიქრი ამაზეა მომართული. თუ რამე ძალიან გინდა, აუცილებლად გამოვა.

21 თებერვალი, შაბათი
სულ 4 საათი მეძინა. ფიქრები ახალ გეგმებზე არ მასვენებენ. დღეს ბევრი შეხვედრები მაქვს. ამ სასწავლო წლის ბოლომდე უამრავი საქმეა მოსასწრები. დრო უმოწყალოდ გარბის და მეც თავქუდმოგლეჯილი მივსდევ მას, თუ რამე ძალიან გინდა, აუცილებლად გამოვა.
XS
SM
MD
LG