Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი საფინანსო ბაზრების უფრო მკაცრი რეგულირების ინიციატივით გამოვიდა


მსოფლიოს ლიდერები და, მათ შორის, ევროპის კავშირში შემავალ სახელმწიფოთა მეთაურები ეკონომიკური კრიზისიდან

გამოსავლის ძიებას განაგრძობენ. ამ მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით, ბერლინში 22 თებერვალს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და კავშირის ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ. ფინანსურ-ეკონომიკური რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა უფრო მეტი კონტროლი - ასეთია ევროკავშირის გადაწყვეტილება.

ბერლინში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ წინადადებებზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი ერთიანი პოზიციით აპრილში დაგეგმილ ”ოცეულის სამიტზე” წარდგება. ბერლინის გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო მასპინძლის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, წინადადებები საფინანსო ბაზრების კონტროლის გამკაცრების შესახებ. მერკელის განცხადებით, ყველა საფინანსო ბაზარი და მათი ოპერატორები, ასევე საფინანსო პროდუქტები, ყოვლის მომცველ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდნენ:

[ანგელა მერკელი] ”ჩვენ ვალდებულნი ვართ განვავითაროთ სანქციების მექანიზმები მათ წინააღმდეგ, ვინც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ეგრეთ წოდებული ”საგადასახადო ოაზისის” მქონე ქვეყნებისა ან იმ ადგილებისადმი, სადაც ბიზნესი სათანადოდ გამჭვირვალედ არ წარიმართება.”

სამიტის დაწყებამდე გერმანიის წინადადებებს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა. მან პრესის მეშვეობით ფინანსისტებს მოუწოდა, საქმიანობის ფრთხილ მეთოდებს დაუბრუნდნენ და, ასევე, განვითარებადი ქვეყნებისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა:

[გორდონ ბრაუნი] ”საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გამოყონ, სულ მცირე, 500 მილიარდი დოლარი არა მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად, არამედ იმ ზომებისთვისაც, რომლებიც მომავალში მის განმეორებას აღარ დაუშვებს.”

ჯერჯერობით ეს სიტყვები მხოლოდ მოწოდებად რჩება.

საფინანსო ბაზრებზე კონტროლის გამკაცრების გარდა, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს კრიზისის დროს სხვადასხვა წევრის მიერ პროტექციონისტული პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯები აწუხებს.


კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებას, ფრანგული ავტომობილების ყველა წარმოება საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს. ამ საკითხზე დაგეგმილი შეხვედრა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზს შორის აღარ გაიმართა ამ უკანასკნელის გამო: სარკოზიმ დროის უკმარისობა მოიმიზეზა.

შეუთანხმებელი საკითხების მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ოცი განვითარებული სახელმწიფოს აპრილის სამიტზე ერთიანი პოზიციით წარდგებიან და ეკონომიკურ კრიზისსაც დაძლევენ. ესპანეთის პრემიერის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს კომენტარი:

[ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო] ”ჩვენ აუცილებლად წინ წავალთ. ჩვენ წარმატებით გამოვალთ ამ კრიზისიდან და ჩამოვაყალიბებთ ახალ საფინანსო სისტემას - მდგრად, გამჭვირვალეს და ეთიკის ჩარჩოებში მოქცეულს.”

თავისუფალი ბაზრის მომხრეები არ იზიარებენ ევროკავშირის სწრაფვას კიდევ უფრო გაამკაცროს საფინანსო ბაზრების კონტროლი. მათი აზრით, კრიზისის დაძლევა უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლებითაა შესაძლებელი და არა მარწუხების მოჭერის პოლიტიკით.

XS
SM
MD
LG