Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ ნელდება ქართული მედიის ინტერესი რუსი პოლიტოლოგის, სამხედრო ექსპერტის

პაველ ფელგენჰაუერის მიერ გამოთქმული პროგნოზების მიმართ. დღეს ”კვირის პალიტრა” მკითხველს მასთან მორიგ ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ექსპერტი კვლავაც იმეორებს რუსეთის მხრიდან ომის განახლებისა და მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ მოსაზრებებს: ”მე ურთიერთობა მაქვს ჩემს ძველ ნაცნობთან - გრიგორი კარასინთან. ასევე ურთიერთობა მაქვს სხვა სამხედრო თუ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაში კარგად იციან და, როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა დონის შეხვედრებზე აცხადებს, რომ ამ აგრესიისთვის მზად არის”, - ასეთი ინფორმაცია აქვს ფელგენჰაუერს. ”კვირის პალიტრაშივე” უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის აგრესიისთვის, მაგრამ ექნება თუ არა ამას ინტერვენციის ფორმა ან რაზე ფიქრობენ და რა გეგმას ამუშავებენ, ვერ გეტყვით”, - ამბობს გაბაშვილი.

”კვირის პალიტრაში” დღეს სრულდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის გენერალ გია ყარყარაშვილის მიერ მომზადებული აგვისტოს მოვლენების აღწერის შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნება. უახლოეს ხანში ნაშრომი, ბროშურის სახით, სრულად გამოქვეყნდება. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დეტალური აღწერის გარდა, ყარყარაშვილი ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებაც წერს. ავტორის თანახმად, ხელისუფლების დაუფიქრებელი განცხადებები საფრთხის ქვეშ აგდებდა გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას. გარდა ამისა, წაიკითხავთ: ”როგორც მოვლენებმა დაგვანახა, ქართულ ჯარში ძირეული პრობლემები ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. სამწუხაროდ, პატრიოტიზმის ნაკლებობაც იგრძნობოდა”, - ეს გახლდათ ნაწყვეტი გია ყარყარაშვილის მიერ მომზადებული ნაშრომიდან, რომლის შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნებასაც ”კვირის პალიტრა” დღეს ასრულებს.

აგვისტოს დღეებს ”მთელი კვირის” კორესპონდენტთან საუბარში იხსენებს ყოფილი სპეცრაზმელი, აფხაზეთის ომის მონაწილე ნუკრი ცუკოშვილი. ”მე კი არა, კაციშვილმა ვერ გაიგო, ეს რა იყო, რა მოვლენა იყო, რა ომი იყო, რა სამხედრო ოპერაცია... ან როგორ შევედით, ან როგორ გამოვედით. ვერავითარ სახელს ვერ დავარქმევ”,- ამბობს ყოფილი სპეცრაზემლი და იხსენებს: ”ჩვენ გამოვედით 13 აგვისტოს. ერთი დღით, მოსაწესრიგებლად, სახლში გაგვიშვეს. როცა მარტო დავრჩი, ყველაფერი გავაანალიზე და მივიღე გადაწყვეტილება: მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და ”სპეცრაზმში” დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა. აგიხსნით რატომაც... მე ვარ მეომარი, ვემზადებოდი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაგრამ სანამ ასეთი სარდლობა გვყავს, ჩვენ ომს ვერასოდეს მოვიგებთ. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე საჭიროდ და წამოვედი. თუმცა კონტრაქტით რომ ვყოფილიყავი, ვერ წამოვიდოდი”, - ამბობს ყოფილი სპეცრაზმელი ნუკრი ცუკოშვილი აგვისტოს დღეების გახსენებისას.


დღეს რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჯოზეფ ქეისთვის ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ”ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს! საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომელიც გაეროს წესების შესაბამისად მოქმედებს და სააკაშვილის მმართველი პარტიის ზეგავლენას არ ექვემდებარება, უკვე შევიტანეთ მთავრობის მხრიდან ექსპროპრიაციისა და შეთქმულების მოწყობის ფაქტების შემცველი სარჩელი ”იმედის” საქმეზე”, - წერია განცხადებაში. რამდენიმე გაზეთი უთმობს ადგილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების მოსაზრებებს.

დღევანდელ პრესაში ქვეყნდება რამდენიმე ინტერვიუ პარიზიდან დაბრუნებულ ეკა ბესელიასთან. ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ”ვერსიას” უმხელს, რომ პარიზში ირაკლი ოქრუაშვილთან მისი საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება იყო. ბესელიას ცნობით, ოქრუაშვილი საქართველოში წელს დაბრუნდება. ”ოქრუაშვილის ამოცანა ალასანიასთან კონკურენცია ნამდვილად არ გახლავთ. მისი მიზანია სააკაშვილთან ბრძოლაში ქვეყნის გამარჯვება. ამიტომაც ახლა ვინ უფრო ძლიერი იქნება, ალასანია თუ სხვა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ყველამ თავისი ამბიცია ქვეყნის ინტერესებს მოარგოს და შემდეგ ვისაუბროთ, ბურჯანაძეს უნდა პრეზიდენტობა, ალასანიას თუ სხვას”, - აცხადებს ბესელია.

”ვერსიას” ეროვნული ფორუმის წევრი ნიკო ორველაშვილი ესაუბრა. ”ვიდრე სახელმწიფო აპარატი არ გაიცნობიერებს, რომ ისინი სახელმწიფოს და არა მიშას მსახურები არიან, მათ გარჯასაც ვერ დავარქმევ მუშაობას. 5 წელია, სახელმწიფო აპარატი მიშაობს, კი არ მუშაობს. სასამართლო მიშაობს, პატრული მიშაობს, დიდი ბოდიშის მოხდით, ჯარმაც იმიშავა და საქართველოს ნაცვლად მივიღეთ მიშასტანი, კიდურებწაჭრილი საქართველოს რუკა, რომელიც საქართველო აღარ არის”, - აცხადებს ნიკო ორველაშვილი.


”ჩვენ რამდენჯერაც ვთხოვეთ, გამოგვყევითო, არ გამოგვყვნენ, წავიდნენ და კისერი მოიტეხეს. ღმერთმა ქნას, ისეთს გაჰყვნენ, აღარ მოიტეხონ კისერი. თუმცა ძალიან მეეჭვება, ჩვენს გარდა, ასეთი პოლიტიკური ძალა ნახონ”, - ეს შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუდან ნაწყვეტი გახლავთ. მას ”ვერსია” ესაუბრა.

”ალიაში” ტრადიციონალისტთა ლიდერ აკაკი ასათიანთან ვრცელი ინტერვუ ქვეყნდება: ”გულწრფელად გეუბნებით, რომელი კანდიდატიც იტყვის, რომ ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მომხრე ვარო, იმას დავუჭერ მხარს და ხმას მივცემ, მაგრამ თუ არც ერთი კანდიდატის მხრიდან ასეთი მოსაზრება არ წამოვა, მაშინ მე, აკაკი ასათიანი, ჩემს კანდიდატურას დავაყენებ და ვიბრძოლებ, რომ საპარლამენტო მოწყობის ქვეყნად იქცეს საქართველო”, - აცხადებს ასათიანი.

”ვადამდელი” - ასეთი სათაურით აქვეყნებს წერილს პოლიტოლოგი დავით აფრასიძე ”24 საათში”. ის არაერთ კითხვას სვამს ვადამდელი არჩევნების ალბათობასა და შესაძლო შედეგზე. ნაწილობრივ თავადაც ცდილობს პასუხის გაცემას: ”სათუოა, ვადამდელმა არჩევნებმა შიდაპოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეუწყოს ხელი. მეტიც, თავად ვადამდელი არჩევნების თემამ შეიძლება შექმნას პოლიტიკური კრიზისი, რადგან არჩევნები მხოლოდ პასუხია კითხვაზე ”ვინ მართოს” და არა იმ პრობლემებზე, რომელიც არჩევნებამდეც არსებობს და მის მერეც იარსებებს”, - წერს ”24 საათში” დავით აფრასიძე. წერილი შეკითხვით მთავრდება: ”რა მოხდება თუ ისინი [ნაციონალური მოძრაობის წევრები] არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გაიმარჯვებენ? ეს შედეგი ვაღიაროთ, თუ ისევ ვადამდე დავიწყოთ ყველაფერი?”.

”ასავალ-დასავალში” ეროვნული ფორუმის წევრ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო პრინციპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ”ეროვნული ფორუმი” სახელმწიფო დაწესებულებებში მომჲშავე ადამიანებს მოვუწოდებთ წავიდნენ უკანონო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და კაციშვილი ვერ დაგვიშლის”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

”ახალი თაობა” ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციების ხანგრძლივ ხასიათზე წერს: ”ოფისიდან ოფისში მოსიარულე პოლიტიკოსები ხანდახან იმდენ ხანს მართავდნენ კონსულტაციებს, რომ ამასობაში არჩევნების დღე კარზე მიადგებოდათ ხოლმე. განსაკუთრებით რთული იყო სიების შედგენის პროცესი და გამსვლელ სიაში ადგილების მოპოვების საკითხი. ეს საკითხი ახლა აქტუალური არ არის, თუმცა, დაბლოკების დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მათ შორის, საარჩევნო სიების საკითხიც”, - წერს ”ახალი თაობა”.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG