Accessibility links

logo-print

იზღუდება თუ არა ქართულად სწავლება გალის რაიონში


აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს

ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაცია ქართულად სწავლებას კრძალავს. გალის რაიონში მომუშავე პედაგოგების თქმით, ქართულს ნელ-ნელა რუსული ცვლის. შესაბამისად, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებებით სარგებლობას აიძულებენ, თუმცა გალის სეპარატისტულ ადმინისტრაციაში თბილისში გამოთქმულ ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

1992-93 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ გალის რაიონს ორმოცდათვრამეტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან შემორჩა მხოლოდ ოცდათერთმეტი, რომლებშიც ოთხი ათასამდე მოსწავლეს რვაასამდე პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი ემსახურება, თუმცა, როგორც განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, სკოლების რაოდენობის შემცირება უბედურების მხოლოდ ერთი მხარეა:

[ნონა შონის ხმა] „შემოღებული იქნა ეგრეთ წოდებული დაწყებითი რუსული კლასები და, ბუნებრივია, თანდათან მოხდა ამ სკოლების გადაყვანა რუსულენოვან სწავლებაზე, მაშინ როცა ამ 31 სკოლიდან მხოლოდ ორად ორი სკოლა გახლდათ რუსული, დანარჩენი იყო აბსოლუტურად ქართულენოვანი. ქართველ მასწავლებლებს აიძულებენ რუსეთის ფედერაციისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებებით მათთვის გაუგებარ ენაზე ასწავლონ სხვადასხვა საგნები.“(სტილი დაცულია)

ნონა შონიას თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ზეწოლით, გალის ზედა ზონის სკოლებში ქართული როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, ხოლო იმ სკოლებში, რომლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს, ქართულის პედაგოგები სამსახურიდან დაითხოვეს. გარდა ამისა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის გია არსენიშვილის თქმით, ქართული სკოლების ნაწილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმეს და გადააკეთეს:

[გია არსენიშვილის ხმა] „ხდება შევიწროება ქართული სკოლებისა. დღეს ზოგიერთს ჰქვია აფხაზური სკოლა, ზოგიერთს ჰქვია რუსული სკოლა - ასეთია ჩვენი მონაცემები. სრულიად დაუშვებელია ის, რომ სოფელ შეშელეთში სკოლა, სადაც დიდი მათემატიკოსი ილია ვეკუა სწავლობდა, დღეს არის რუსული სკოლა.“

თანაც, ამ ახალ რუსულ სკოლებში მეცადინეობა რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს, ხოლო სკოლადამთავრებულებს, როგორც აფხაზეთის დევნილობაში მყოფი განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი ამბობს, ატესტატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუკი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადებენ თანხმობას:

[ალექსანდრე აპლაკოვის ხმა] „ბუნებრივია, ახლა ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ისინი და საოკუპაციო რეჟიმის პირობებში სრულფასოვანი დახმარების გაწევა მათთვის საკმაოდ ძნელია. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ამასთან დაკავშირებით გაეროს სადამკვირვებლო მისიას ზუგდიდში, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები, რომელიც შეამსუბუქებდა გალელთა ყოფას, მათი მხრიდან არ ჩანს.“

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გალის რაიონი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მაგალითად, ორიოდე კვირის წინ გალის რაიონი მოინახულა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა, რომელიც გალის ერთ-ერთ ქართულ სკოლასაც ესტუმრა.

[თომას ჰამარბერგის ხმა] „ეს გახლდათ სკოლა, რომელიც მე ორი წლის წინაც მოვინახულე. ჩემთვის ცხადია ის, რომ ამ სკოლის მატერიალური სტანდარტი არ გაუმჯობესებულა. ძალიან ცუდი პირობებია. ვგულისხმობ საკლასო ოთახებს, ავეჯს, სახელმძღვანელოებს და ა.შ. განათლების სისტემა იქ არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი. კვლავაც მგრძნობიარე საკითხია სწავლების ენა. მე ვიგრძენი იქ გარკვეული დაძაბულობა ამ საკითხზე აფხაზეთის მხარესა და ეთნიკურ ქართველებს შორის. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც უნდა გადაიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ცალკეული ადამიანები, ბავშვები დაზარალდებიან ამ კონფლიქტის გამო.
როგორც გვითხრეს, სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სისტემაა. არის სკოლები, სადაც ქართულადაც ასწავლიან. თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სწავლების პროცესში დომინანტური ენა რუსულია. ამ საკითხს ღრმად შევისწავლით, რომ პრაქტიკული რეკომენდაციები წარმოვადგინოთ.“

რაც შეეხება გალის სეპარატისტულ ადმინისტრაციას, რუსლან ქიშმარიამ - დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში - რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ინფორმაცია ქართული სკოლების დახურვისა და ქართული ენის სწავლების შეზღუდვის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „არ დაუჯეროთ! საქართველოს განათლების სამინისტრო იტყუება. არაფერი იქ არ ხდება: სწავლობდნენ, სწავლობენ და ისწავლიან ისე, როგორც ადრე. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის.”


ქიშმარია ასევე უარყოფს რუსული პასპორტების იძულებით დარიგების ფაქტს:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „რაში სჭირდება ადგილობრივ ხელისუფლებას ქართველებისთვის რუსული პასპორტების მიცემა? სისულელეა, არ დაიჯეროთ!"
XS
SM
MD
LG