Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარის ღამე და ზეიმი ბომბეიში


ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიამ წუხელ მოულოდნელი გამარჯვებული გამოავლინა: 8 ოსკარი ერგო ფილმს “მილიონერი ჯურღმულიდან”

- თანამედროვე ზღაპარს, რომელიც ასახავს ბომბეის ღატაკთა უბნების მკვიდრთა ბედს, მათს პრობლემებსა და იმედებს. შესაბამისად, ფილმის წარმატებას ზეიმობდნენ არა მარტო ლოს-ანჯელესში - ანუ იქ, სადაც ამერიკის კიონოაკადემიის პრიზებით დაჯილდოვების პომპეზური ცერემონია გაიმართა. ზეიმი ბომბეის ქუჩებსაც მოედო....

[ხმა: ქუჩაში შეკრებილთა შეძახილები]
ეს ჟრიამული მოჰყვა სტივენ სპილბერგის - ცნობილი ამერიკელი რეჟისორის სიტყვებს, რომ საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარი ერგო “მილიონერს ჯურღმულიდან”...

[ხმა: სტივენ სპილბერგი გამარჯვებულ ფილმს აცხადებს]

ოსკარითვე დაჯილდოვდა ფილმის “მილიონერი ჯურღმულიდან” რეჟისორი, ბრიტანელი დენი ბოილი, ასევე საუკეთესოდ აღიარეს სცენარი და ფილმის მუსიკა.

ეს წარმატება მით უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილმში ცნობილი მსახიობებიც კი არ მონაწილეობენ, ვარსკვლავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაზეც პროდუსურმა კრისჩიენ კოლსონმაც მიუთითა ოსკარისთვის მადლობის გადახდისას: [კოლსონის ხმა] “ჩვენ ერთად გავიარეთ გასაოცარი გზა. რომ ვიწყებდით, არც ვარსკვლავები გვაყვდა, არც რაიმე ძალა და გავლენა გაგვაჩნდა და არც საკმარისი ფული გვქონდა იმის გასაკეთებლად, რაც მართლა გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგრამ სამაგიეროდ გვქონდა სცენარი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ვინც კი ის წაიკითხა. რეჟისორად გენიოსი გვყავდა, გვყავდა თავდადებული შემსრულებლები და გადამღები ჯგუფი, რომელთა ნიჭის გამოხატულებაც ეკრანზე შეგილიათ იხილოთ”.

მაგრამ შემსრულებლებს - მსახიობებს რაც შეეხება, ამერიკის კინოაკადემიის წევრებზე, როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს: მთავარი თუ ეპიზოდური როლებისთვის განკუთვნილი ყველა პრიზი ცნობილ მსახიობებს ერგოთ. მათ შორის ბრიტანელ კეიტ უინსლეტს, რომელიც ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. ის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს განასახიერებს ფილმში “მკითხველი”, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის განკუთვნილი ოსკარი კი ამერიკელ შონ პენს მიენიჭა ფილმისთვის “მილკი”. პენის პერსონაჟია ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი სან-ფრანცისკოელი პოლიტიკოსი ჰარვი მილკი - ისტორიული ფიგურა, რომელიც 1978 წელს მოკლეს.

დაბოლოს, ეპიზოდური როლების შემსრულებლებს რაც შეეხება: მშვენიერი პენელოპე კრუსის სახით, პირველად ერგო ესპანელ მსახიობს ოსკარი. კრუსის შემთხვევაში საქმე ეხება ვუდი ალნის კომედიაში “ვიკი კრისტინა ბარსელონა” შესრულებულ ეპიზოდურ როლს. ავსტრალიელ ჰეზერ ლეჯერს კი სამწუხაროდ პოსტუმ მიენიჭეს კინემატოგრაფის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია: მსახიობი შარშან, სულ 29 წლის ასაკში, გარდაიცვალა მედიკამენტების არასწორი დოზის მიღების შედეგად. ასე რომ, ლეჯერის ბოლო როლი აღმოჩნდა (ეპიზოდური როლი) ჯოკერი - აგრესიული ფსიქოპატის მართლაც შთამბეჭდავი განსახიერება ფილმში “ბნელი რაინდი”. განსვენებული მსახიობისთვის განკუთვნილი ოსკარი მის დედ-მამას და დას გადასცეს. მადლობის სიტყვები დედამ, სელი ბელმა წარმოთქვა: [სელი ბელის ხმა] “ჰეზერი თანაგრძნობით სავსე და დიდსულოვანი ადამიანი იყო, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ემოციითა და ეთუზიაზმით ამდიდრებდა. მართლაც აღელვებული ვართ პატივითა და აღიარებით, რომელიც მას ხვდა ამ ჯილდოს მინიჭებით. დღეს საღამოს გვსურს ვიზეიმოთ და ბედნიერი ვიყოთ იმით, რასაც მან მიაღწია”.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარი ერგო იაპონურ ფილმს “გამგზავრება”.
XS
SM
MD
LG