Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაზე მსჯელობენ


ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კავშირის აღმოსავლელ მეზობლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბნენ.

მოსალოდნელია, რომ 19-20 მარტს ევროკავშირის სამიტზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მოდერნიზაცია იქნეს განხილული ექვს სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ესენია: უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბოლორუსია. ამ ქვეყნებისთვის პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებაში გადაიზრდება.

ევროკავშირი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას, როგორც პასუხს რუსეთის მზარდ აგრესიულ პოლიტიკაზე.

ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრის დაწყების წინ კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ჟურნალისტებს განუცხადა:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა]: "ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთ-უკრაინის გაზის კრიზისის შემდეგ სრულიად აშკარა შეიქნა, რომ აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა აღმოსავლეთის მეზობლობის ფარგლებში და ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს უპასუხებს ამ რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა."

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, გაააქტიუროს მუშაობა რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. ვალდნერის სიტყვებით, ”აღმოსავლეთ პარტნიორობა” ექვს ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ბელორუსიაც.

პარტნიორობის საბოლოო დოკუმენტი ევროკავშირის 19-20 მარტის სამიტზე გამოქვეყნდება. უკვე ამ ეტაპზე ცხადია, რომ პარტნიორობა არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ექვს ქვეყანას შესთავაზებენ თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო მიმოსვლას და თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, თუ ისინი მოახდენენ საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონებთან, განახორციელებენ ეკონომიკურ რეფორმებს და, ასევე, აჩვენებენ პროგრესს დემოკრატიის განვითარებაში.

ბენიტა ფერერო-ვალდნერმა დასძინა, რაც უფრო მეტს გააკეთებენ მეზობლები, ჩვენ მით უფრო მეტად დავეხმარებითო.

ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს 2010 წლიდან 2013 წლამდე 600 მილიონი ევრო დახარჯოს აღმოსავლელი მეზობლებისთვის. კავშირის მიერ 2007 წლიდან 2013 წლამდე სამეზობლო პოლიტიკისთვის განკუთვნილი თანხის საერთო მოცულობა 11 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხის ორი მესამედი სამხრეთ მეზობლებისთვისაა, ხოლო დანარჩენი აღმოსავლეთისთვის.

დახმარების განაწილება წევრ ქვეყნებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია, რომელზეც დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ასევე უთანხმოებას იწვევს უვიზო მიმოსვლის დაწესებაც. საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტის პროექტში წერია, რომ ევროკავშირი წინ აღუდგება პარტნიორი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის ზომაზე მეტ თავისუფალ მიგრაციას. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ. ბენიტა ფერერო-ვალდნერის კომენტარი:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა]: ”ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხოლოდ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ დაცული სამოგზაურო დოკუმენტები, დაცული საზღვრები და რეპატრიანტთა სამშობლოში დაბრუნების სისტემა.”

ევროკავშირის კიდევ ერთი სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არ შეიქმნება სპეციალური დაწესებულება თანამშრომლებითა და სპეციალური ბიუჯეტით.

საკამათო საკითხს წარმოადგენს ისიც, ჩართული იქნება თუ არა ბელორუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. ევროკავშირი მხედველობაში იღებს ბოლო დროს ამ ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ ბევრი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის პარტნიორობაში ჩართვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა მინსკი. კერძოდ, დაჰყვება თუ არა ის რუსეთის მოთხოვნას, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ბელორუსიის ჩართვას იმ შემთხვევაშიც დასაშვებად მიიჩნევს, თუ ის საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობიდან საქართველოს გასვლა გამოიწვიოს.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა განაცხადა, რომ ვერავინ ჩაერევა ბელორუსიის საშინაო საქმეებში, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მინსკს პრობლემებს შეუქმნიდა:

[კარელ შვარცენბერგის ხმა]: "ბუნებრივია, ბელორუსიას სუვერენული პარლამენტი აქვს და ბელორუსიის პარლამენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ თუ ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღიარებს, მაშინ ბელორუსია ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება."
XS
SM
MD
LG