Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხი ბელორუსიას ევროკავშირთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა - ჩეხეთის რესპუბლიკა - ბელორუსიას მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩენას უწინასწარმეტყველებს

იმ შემთხვევაში, თუკი მინსკი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ შინაარსის განცხადება 23 თებერვალს ბრიუსელში გაკეთდა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელზეც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის პერსპექტივები იხილებოდა. ბელორუსია ერთ-ერთია 6 ქვეყანას შორის, რომლებსაც, პროგრამის ფარგლებში, სამომავლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების პერსპექტივა აქვს. დანარჩენი ქვეყნებია: უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. როგორც ვთქვით, ბელორუსიის საკითხი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მინსკის არჩევანზეა დამოკიდებული.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს ბელორუსიის პარლამენტი, სავარაუდოდ, აპრილში განიხილავს და სწორედ შედეგით გაირკვევა რომელ გზას დაადგა მინსკი - გზას რუსეთისკენ თუ ევროკავშირისკენ. შესაბამისად, სწორედ არჩეულ მარშრუტზე იქნება დამოკიდებული ბელორუსიის პერსპექტივები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რასაც ევროკავშირი განიხილავს პასუხად რუსეთის მზარდ აგრესიულ პოლიტიკაზე. პროგრამის პერსპექტივები კი, სხვა არაერთ მიმზიდველ საკითხთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებას გულისხმობს. არჩევანის გაკეთება რომ აუცილებლად მოუწევს, ეს მინსკს 23 თებერვალს კიდევ ერთხელ შეახსენა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის - საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ შვარცენბერგმა, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ:
(შვარცენბერგის ხმა): "ბუნებრივია, ბელორუსიას სუვერენული პარლამენტი აქვს და ბელორუსიის პარლამენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ თუ ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღიარებს, მაშინ ბელორუსია ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება."
ძალიან, ძალიან რთულია ასევე ბელორუსიის მიერ გასაკეთებელი არჩევანი, რადგანაც, პოლიტოლოგების აზრით, ის რუსეთის ინტერესებს იოლად ვერ აუვლის გვერდს. ის კი არადა, რუსეთისა და ბელორუსიის მასმედიაში გამოხატული მოლოდინის მიხედვით, მინსკს მოსკოვისთვის უფრო სწრაფად უნდა აება მხარი და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მეორე თუ არა, მესამე დღეს (ანუ 27-28 აგვისტოს) მაინც უნდა ეღიარებინა. ამასობაში კი, 6 თვე გავიდა. ბელორუსიის თავშეკავების უკან ვაჭრობის პროცესს ხედავს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე:

(გეგეშიძის ხმა) ”თითონ ფაქტი, რომ ამდენი ხანი მინსკმა არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით ის ანგარიშს უწევს დასავლეთის ფაქტორს, ზოგადად, და, შესაძლოა, იმ მოლოდინს, რომელიც მას აქვს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში. ჯერჯერობით ფაქტია, რომ მინსკი ცდილობს ბალანსირებას, ერთგვარად ვაჭრობს და ცდილობს, რომ მაქსიმალური დივიდენდები მიიღოს ამ შექმნილი ვითარებიდან.” (სტილი დაცულია)

არჩილ გეგეშიძე თავს იკავებს პროგნოზის გაკეთებისგან - თუ რა გზას დაადგება მინსკი. თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკას ქვეყანა დასავლეთთან საქმეს არ გაიფუჭებს. მათ შორისაა პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვიც:

(ბარნოვის ხმა) ”არ მოიჭრის გზას ევროპისკენ არანაირად... იმიტომ რომ აღმოჩნდება მთლიანად რუსეთის ხელში და მერე უკვე თითონაც აღარ უწერია დიდი დღე... ამიტომ ბოლო ხავსს მოეჭიდება, ოღონდაც ეს არ დაუშვას, მე ასე ვფიქრობ.” (სტილი დაცულია)

და მაინც, რა შეიცვლება მაშინ, თუკი ბელორუსია აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას? პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხებს:

(გეგეშიძის ხმა) ”რა შეცვალა, ვთქვათ, ნიკარაგუას მხრიდან აღიარებამ?... ან, იგივე, თუ გნებავთ, რუსეთის მხრიდან აღიარებამ?.. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გამხდარან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, ისინი არ გამხდარან გაეროს წევრები, ისინი არ გამხდარან საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მონაწილე მხარეები.... ასევე ვერ გახდებიან ისინი ბელორუსიის მხრიდან აღიარების შემთხვევაშიც. განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, ამას შეიძლება დროებითი მორალურ-ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდეს დსთ-ის სივრცეში. მეტი არაფერი.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგთა ანგარიშით, რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხში მსოფლიოს მასშტაბით მაქსიმუმ მხოლოდ 6-7 მხარდამჭერის პოვნას შეძლებს და ისიც - ძლიერი წნეხის პირობებში. ბელორუსიის გარდა, ნიკარაგუას სავარაუდო მიმბაძველებად აგვისტოში სახელდებოდა: კუბა, ვენესუელა, სირია, ჩრდილოეთ კორეა და სუდანი. თუმცა აქტიურობა ჯერჯერობით არც ამ ქვეყნების მხრიდან შეიმჩნევა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG