Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


”ენერგოუსაფრთხოების ალტერნატიული წყარო” - ასეთია სათური 24 თებერვლის ”კომერსანტის” პუბლიკაციისა,




რომელიც ენერგეტიკული ქარტიის ალტერნატივის შექმნის მცდელობას ეძღვნება. ეს თემა ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურდა რუსულ პრესაში.
,,რუსეთი მზად არის, ენერგეტიკული ქარტიის სანაცვლოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მომზადება დაიწყოს”, - წერს ”კომერსანტი”. პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთი სთავაზობს ევროკავშირს ენერგეტიკული ქარტია შეიცვალოს ახალი დოკუმენტით, რომელიც დაარეგულირებდა ქვეყნების ურთიერთობას ენერგორესურსების მოპოვების, მიწოდებისა და მოხმარების სფეროში. მოსკოვი გამოდის წინადადებით, ამ მიზნით წელსვე შეიკრიბოს საერთაშორისო ფორუმი.

ენერგეტიკული ქარტია 1991 წელს მიიღეს, 1994 წელს კი ხელი მოეწერა მის თანმხლებ შეთანხმებას. რუსეთმა ხელი მოაწერა ქარტიას და შეთანხმებას, თუმცა, როგორც ”კომერსანტი” აღნიშნავს, რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც ენერგეტიკული ქარტიის რატიფიკაცია არ მოახდინა. მიზეზი ის იყო, რომ ქარტია ქვეყნის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, ”გაზპრომის”, ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

საქმე ის არის, რომ, ენერგეტიკული ქარტიის მიხედვით, ”გაზპრომმა” თავის მილებთან უნდა მიუშვას ევროპული კომპანიები, ამის სანაცვლოდ კი მას არავითარი უპირატესობა არ ენიჭება გაზის ევროპულ ბაზარზე. ქარტიის მიხედვით, ”გაზპრომს” შესაძლებლობა არ ეძლევა გაზის საბოლოო მომხმარებელს მისწვდეს ევროპაში.

”კომერსანტი” წერს, რომ გაზთან დაკავშირებული რუსულ-უკრაინული ბოლო დაპირისპირების ყველაზე მწვავე პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვს ენერგოქარტია კი არ სჭირდება, არამედ რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც მომხმარებელთა და მიმწოდებელთა ურთიერთობას დაარეგულირებდა. მანამდე კი, 2008 წლის შემოდგომაზე, მალევე საქართველოში ომის შემდეგ, პრემიერმა პუტინმა განაცხადა, რომ ენერგოქარტია მიმწოდებლებს ხელს არ აძლევს და ის ან უნდა გადაკეთდეს, ან სხვა დოკუმენტით შეიცვალოს.

არადა, ”კომერსანტის” მიხედვით, ენერგეტიკულ სფეროში მოლაპარაკების გარეშე რუსეთი და ევროკავშირი ვერ შეძლებენ შეთანხმებას მიაღწიონ პარტნიორობისა და თანამშრომლობის თაობაზე. პუბლიკაციის მიხედვით, ევროკავშირმა უკვე განაცხადა თანხმობა ენერგეტიკული ქარტიის შემცვლელი დოკუმენტის მომზადებაზე.

თუმცა ”კომერსანტი” ასევე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული ქარტიის სხვა დოკუმენტით შეცვლა რუსეთს იოლად არ გამოუვა. გაზეთს მოჰყავს კომენტარი ენერგეტიკის სფეროს ექსპერტის ვალერია ნესტეროვასი, რომლის აზრითაც, ეს იოლი არ იქნება, რადგან ,,ბოლო წლებში ბევრი ინიციატივა იყო და ვერც ერთი ვერ განხორციელდა. ეს იმიტომ, - ამბობს ექსპერტი, რომ რუსეთის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს ევროპაში ეჭვით უყურებენ....
აზრთა სხვადასხვაობა ენერგეტიკულ საკითხებში უკიდურესად გამძაფრდა. ევროპა ცდილობს დაშორდეს რუსეთს, რუსეთი კი ცდილობს მორიგი პირობები წაუყენოს ევროპას. ამ იდეის ხორცშესხმა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული”, - უთხრა ”კომერსანტს” ვალერია ნესტეროვამ.
XS
SM
MD
LG