Accessibility links

logo-print

საქართველო და სომხეთის ალერსიანი ”თვალების ბრიალი”


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა.

დავით ბაქრაძემდე ერევანში უკვე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. თუმცა პოლიტოლოგები - როგორც ერევანში, ისე თბილისში - ფიქრობენ, რომ დიპლომატიური ფერუმარილი ვერ მალავს მთელ რიგ პრინციპულ უთანხმოებებს ორი მეზობელი ერის ურთიერთობაში, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

2008 წლის ბოლოს საქართველოს ჯერ სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი ეწვია. ვიზიტები, ოფიციალური ინფორმაციით, წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა საზეიმო წითელ ხალიჩაზე ლაქებიც ჩანდა. რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომის დღეებში ქართულ პრესაში გაჩნდა ინფორმაციები, თითქოს მარნეულისა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომებს რუსეთის ავიაცია სომხეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, გიუმრის 102-ე ბაზიდან გეგმავდა. მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს, ამას დაემატა არანაკლებ საგანგაშო ინფორმაცია სომხეთში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ მალავდა, რომ უშუალოდ კოლეგისაგან სურდა მოესმინა, თუ რა ხდებოდა სომხეთის მიმართულებაზე:

[დავით კეზერაშვილი] ”მოგეხსენებათ, რომ იქ[სომხეთში] იმყოფება რუსული ბაზები. მოგეხსენებათ, იყო საუბარი, თითქოს რუსეთი აპირებს იქ გაზარდოს თავისი სამხედრო ბაზების რაოდენობა. მივიღეთ პასუხი, რომ მსგავსი საუბრები არ ყოფილა.” (სტილი დაცულია)

სომხეთის თავდაცვის მინისტრი შეეცადა დაერწმუნებინა ქართველი კოლეგები, რომ სომხეთის საჰაერო სივრცე მკაცრ კონტროლზეა აყვანილი:

[სეირან ოჰანიანი] ”სომხეთის საჰაერო თავდაცვა ყურადღებით ადევნებდა თვალს და ასეთი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ რუს მეგობრებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს. 102-ე ბაზას, რომელიც აქ იმყოფება, აქვს გარკვეული ამოცანა ძალთა გაერთიანებული დაჯგუფების ფარგლებში და ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედებაში და, ყველა შეთანხმებით, მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საზღვრების დასაცავად და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი რამე კი არ ყოფილა.”

თუ რას ნიშნავს დღევანდელ რეალობაში საბჭოთა კავშირის საგარეო საზღვრები, ცოტა გაურკვეველი დარჩა, მაგრამ რაკი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გაირკვა, ქართველ სამხედროებს ამ თემაზე სიტყვა აღარ დასცდენიათ. თუმცა მოგვიანებით არასასიამოვნო განმარტებების მოსმენა სომეხი კოლეგებისაგან უკვე საქართველოს ხელისუფლებას მოუხდა. თავდაპირველად სომხეთის საზოგადოება აღაშფოთა თბილისის ცენტრში ნორაშენის ეკლესიასთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ - კერძოდ, ნორაშენის ეკლესიის ეზოში არსებული სომხური საფლავების ხელყოფამ ერთ-ერთი მართლმადიდებელი მღვდლის უშუალო ბრძანებით. ამ ფაქტმა ქართველებიც არანაკლებ აღაშფოთა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, მსგავის მშენებლობა შეუთავსებელია ქართულ ტოლერანტობასთან:

[ალექსანდრე ელისაშვილი] ”ზოგადადაც ასეთი დავები ეკლესიებს შორის უნდა წყდებოდეს, ჩემი აზრით, მეცნიერების დონეზე, ისტორიკოსების დონეზე და არა, ვთქვათ, იქ ამწეკრანების გამოყენებით და საფლავების დანგრევით. 21-ე საუკუნეში თბილისში, რომელიც თავს იწონებს თავისი ტოლერანტობით, და სავსებით სამართლიანადაც, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. არადა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, როცა ერთ-ერთმა ქართველმა მამაომ ბულდოზერი მიაყენა და იქ ერთი საფლავის ქვა დაზიანდა. ამან აღაშფოთა სომხური თემი თბილისში და არამხოლოდ თბილისში, სხვათა შორის.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით სომხური საზოგადოება ასევე აღაშფოთა ახალქალაქში მცხოვრები ორი სომეხი ეროვნების მოქალაქის დაპატიმრებამ. ქართველმა სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები გრიგორ მინასიანი და სარქის აკობჯანიანი 21 იანვარს დააკავეს. ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ ისინი ”უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მომზადებისა და ჯაშუშობის ფაქტზე დააკავეს.” დაბოლოს, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი საფიქრალი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ცნობილმა რუსმა ექსპერტმა პაველ ფელჰენგაუერმა გაზაფხულზე რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ომის განახლება იწინასწარმეტყველა. რუსი ექსპერტის თქმით, იმისათვის, რომ ”სომხეთთან რუსეთმა სახმელეთო სატრანზიტო გზა გახსნას, აუცილებელია თბილისში სააკაშვილის რეჟიმი შეივალოს.”
XS
SM
MD
LG