Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირველი გამოსვლა კონგრესში


დღეს, თბილისის დროით გვიან ღამით, აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

მისი მოხსენება ძირითადად იმას დაეთმობა, თუ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკის გადარჩენის ეპოქალური პროგრამა, რომლისთვისაც აშშ-მა დაახლოებით 800 მილიარდი დოლარი გამოყო. ობამა პრეზიდენტად ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღეს პირველად მიმართავს.

კონგრესის წინაშე გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტისთვის უმნიშვნელოვანესი აქციაა ნორმალურ ვითარებაშიც კი. პრეზიდენტები პირველ გამოსვლას კანონმდებელთა მობილიზაციის მიზნით იყენებენ, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვონ უახლოესი ოთხი წლის მანძილზე.

მაგრამ დღეს გამოსვლა წარიმართება გაცილებით არანორმალურ ვითარებაში, ვიდრე იყო ობამას წინამორბედების დროს.

კონგრესის წინაშე ობამას მიმართვის მიზანი იქნება მილიონობით ამერიკელისგან ისეთივე ნდობის მოპოვება, როგორსაც პრეზიდენტები საომარი მოქმედების დროს მოითხოვდნენ ხოლმე. ესაა შთაგონება თავგანწირვისთვის, რათა მოხერხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია.

ეს, უპირველეს ყოვლის, საბიუჯეტო საკითხების მოწესრიგებას უკავშირდება. ობამას იმედი აქვს, რომ მისი ადმინისტრაცია ამას შეძლებს.

[ობამა]

”მართალია, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ფინანსური პასუხისმგებლობის მიმართულებით ამ წელს, ამ ბიუჯეტში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს წლებში ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ უფრო მკაცრ ზომებს და უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი გრძელვადიანი ამოცანების გადასაწყვეტად.”

ობამას ადმინისტრაციის წინაშე უამრავი პრობლემა დგას.

ბირჟაზე აშშ-ის აქციების ფასი ყველაზე მცირეა ბოლო 12 წლის მანძილზე. ბანკებს არ შესწევთ უნარი საწარმოებზე კრედიტები გასცენ. ისინი სახელმწიფოსგან კიდევ უფრო მეტ ფულს ითხოვენ საკუთარი თავის გადასარჩენად.

ანალოგიურ ვითარებაშია სადაზღვევო სისტემაც, რომელიც უკვე მიღებული 150 მილიარდიანი დახმარების შემდეგ კიდევ ახალ რამდენიმემიალიარდიან დახმარებას მოითხოვს.

ამერიკის სადაზღვევო გიგანტი, ”ამერიკის საერთაშორისო ჯგუფი”, ამბობს, უფრო მეტი სუბსიდია გახდა საჭირო, რადგან ფინანსური კრიზისის შედეგები გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდითო.

გაწეული ფინანსური დახმარების მეშვეობით ამ კომპანიის 80 პროცენტი უკვე აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა.

სირთულეებს განიცდის ”სითი გრუპიც”. ის ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სახელმწიფოსგან დახმარების მისაღებად კომპანიის 40 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ.

ამასთან ერთად, ამერიკის საავტომობილო საწარმოები ”ჯენერალ მოტორსი” და ”კრაისლერი” პრობლემების დასაძლევად 22 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვენ. მათ სახელმწიფოსგან უკვე მიიღეს 17 მილიარდიანი დახმარება, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკის ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეძლო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის კონგრესში გატანა.

787 მილიარდიანი სტიმულირების პროგრამა მიზნად ისახავს ახალ ფედერალურ ხარჯებს, რათა უმუშევართა და მცირე ბიზნესის დახმარება მოხერხდეს, ანუ მილიონამდე სამუშაო ადგილი შენარჩუნდეს.
XS
SM
MD
LG