Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის “სხვაგვარად მოაზროვნე” პრეზიდენტის კრიტიკული ნოტაციები


ჩეხეთის პრეზიდენტს ევკავშირში “ევროსკეპტიკოსის” სახელი გაუვარდა.

გასულ კვირაში ვაცლავ კლაუსის გამოსვლამ ბრიუსელში კიდევ ერთხელ გააღიზიანა მისი კოლეგები, როცა მან ორგანიზაციას პირდაპირ მიახალა, რასაც ფიქრობს მის შესახებ - კერძოდ, რომ უნარი არა აქვს გაატაროს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. კლაუსის ეს შეტევა ირონიულად გაჟღერდა, რადგან სწორედ მისი ქვეყანაა, პოსტსოციალისტური მეორე სახელმწიფო, პოლონეთის შემდეგ, ამ ეტაპზე ნახევარი წლით ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე, რომელსაც დროებით ანდეს ბრიუსელის საჭე. რა თქვა ზუსტად კლაუსმა ევროპის პარლამენტში და რა რეაქცია მოჰყვა მის კრიტიკას?

ჩეხეთის პრეზიდენტმა ის გააკეთა, რასაც მისგან მოელოდნენ ბრიუსელში. მისი სიტყვა დაუნდობელი კრიტიკა იყო კავშირის, მისი უწყებების, მისი პოლიტიკის და ფილოსოფიური საყრდენებისა. მისი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ვინც ადრე უფრო ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო, მას ახლა ევროკავშირი მძევლად ჰყავს. კლაუსისვე თქმით, სამომავლო ინტეგრაციის მომხრეებმა ახლა თავიანთი თვალსაზრისი“ხელშეუხებელ დოგმად” აქციეს, რომელიც კავშირის ყველა ინსტიტუციას განაგებს. თვით ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის პირდაპირი გზით არჩეული საკანონმდებლო ორგანო, ამ დოგმას დაუპყრიაო, გამოაცხადა ვაცლავ კლაუსმა 19 თებერვალს ბრიუსელში. თავის აუდიტორიას კლაუსმა უთხრა, აქ ერთადერთი თვალსაზრისი არსებობს და თუკი ვინმე სხვა აზრს გაივლებს თავში, ევროკავშირის გაფართოების მტრად წარმოსახავენო.
ეს მიუღებელიაო, თქვა კლაუსმა და ჩეხი მწერლის, მილან კუნდერა, სიტყვები მოიშველია:

(კლაუსის ხმა)
“ამ შეხედულებების განხორციელება მათ მიერ, ვისაც, ცნობილი ჩეხი მწერლის მილან კუნდერას გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “ხელთ უპყრია ევროპული ინტეგრაციის გასაღები, მიუღებელია.”

კლაუსის გამოსვლისას პროტესტის ნიშნად დეპუტატების მცირე ჯგუფმა დარბაზი დატოვა, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ჰანსიორგ პოტერინგმა კი თქვა: ჩეხეთის პრეზიდენტს აქვს სიტყვის თავისუფლება და შეუძლია ილაპარაკოს, რაც სურს, ვინაიდან ჩვენ ევროპულ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, სადაც ყველას აქვს თავისი საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაო.
პოტერინგის ეს აზრი ისეც შეიძლებოდა ყოფილიყო გაგებული კლაუსის სიტყვასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიაში მხოლოდ უმრავლესობის შეხედულებას აქვს ძალა. თუმცა პოტერინგმა იქვე შეარბილა ნათქვამი და განმარტა, ევროპის პარლამენტის გარეშე ბიუროკრატების ხელში ვიქნებოდითო. აღსანიშნავია, რომ პოტერინგი 30 წელიწადია წევრია ევროპარლამენტის,რომლის უფლებამოსილება ევროკავშირის საშინაო ბაზარზე ერთობ შეზღუდულია, რადგან იქ რეალური ძალაუფლება წევრი ქვეყნების ხელშია.
ევროკავშირის რეალობა კი ისეთია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იკისრებს უპასუხოს ან შეედავოს კლაუსს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ვერ იქნებოდა დიპლომატიურად ლამაზი, ერთი ქვეყნის მთავრობამ გააკრიტიკოს მეორის მეთაური; უფრო მეტად კი, ალბათ, ის, რომ კლაუსი ევროპის პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებების მქონეა. კლაუსის იდეები ეწინააღმდეგება თვით ევროპის კავშირის ბირთვს იმდენად, რომ ეს იდეები მისი პოტენციური თანამოსაუბრეებისთვის შეიძლება უმართებულოდაც კი ჩანდეს. მაგალითად, კლაუსმა თქვა, რომ მანძილი უბრალო ამომრჩეველსა და მის წარმომადგენელს შორის ბრიუსელში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საკუთრივ წევრი ქვენებს შიგნით, რის გამოც ის დაასკვნის, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიის დეფიციტთან, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკოსების ნაწილსა და ბიუროკრატებს შორის ანგარიშვალდებულება არ არსებობს. ამ წანამძღვრიდან გამომდინარე, კლაუსი აცხადებს, რომ არ არსებობს “ევროპული დემოსი”, ხალხი, ასე რომ, მცდელობა ევროპის კავშირის დონეზე წარმომადგენლობის ყოლისა მცდარი და კონტრპროდუქტიულია.

(კლაუსის ხმა)
“ამ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია ევროპის პარლამენტის გაძლიერებით. პირიქით, ეს პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს და მიგვიყვანს ევროპის კავშირის მოქალაქეთა და კავშირის უწყებებს შორის მეტ გაუცხოებამდე”.

ეს პოზიცია გამოწვევაა პოლიტიკური საღი აზრისთვის კავშირის შიგნით. იქ მიაჩიათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის ბლოკში თანამშრომლობას თან უნდა ახლდეს პირდაპირი წარმომადგენლობა და არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ის სრულყოფილი. ამასთან, კავშირის არაერთი წევრი ფიქრობს, რომ ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი განსხვავებები უნდა გადაილახოს და ესწრაფვონ საერთო ევროპულ იდენტურობას. ეს კი ზოგ წევრს ახსენებს ორ მსოფლიო ომს, განსკუთრებით საფრანგეთისა და გერმანიის შემთხვევებს.
კლაუსმა ასევე შეუტია ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპს, რომელიც კავშირის შიგნით სიმდიდრის თანაბარ განაწილებას გულისხმობს, იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ მოქალაქეთათვის სოციო-ეკონომიკური რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ბრიუსელში კლაუსმა, სხვათა შორის, თქვა ასევე, რომ ახლანდელი ეკონომიკური სისტემა ევროპის კავშირში არის შეზღუდული ბაზრების სისტემა, რომელიც ცენტრალურ მმარაველობას ექვემდებარება. ესეც იმ მოსაზრებათა რიგს განეკუთვნება, რომელთაც ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში მომხრეები არ ჰყავს.
ზოგადად, ჩეხეთის პრეზიდენტს სურს ევროკავშირის არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტის გაუქმება - ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ფორმით. მაგრამ მისი შეხედულებები - მაგალითად, სრული მოხსნა სამგზავრო და სავაჭრო ზღუდეებისა და სხვ. - არ არის პოპულარული ევროპაში, რომელიც თავისი სოციალ-დემოკრატიული მიღწევებით ამაყობს.
ჩეხეთის პრეზიდენტის სტილიც არაა ისეთი, რომ კეთილად განაწყოს დასავლეთ ევროპის პუბლიკა. მას პრეტენზია აქვს განმარტოს ევროპული ცივილიზაციის ელემენტარული პრინციპები, რაციონალური აზროვნება და სხვ. კლაუსი ასევე შეფერხებაა თავისი საკუთარი მთავრობისთვისაც, თუმცა პრემიერ-მინისტრი მიროსლავ ტოპოლანეკი დემოკრატიის ერთგულია.

(ტოპოლანეკის ხმა) “თქვენ იცით, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ანგარიშვალდებული მთავრობის მიმართ უცხოეთში წარმოთქმულ სიტყვებზე. პრეზიდენტ კლაუსს, საპარლამენტო დონეზე, აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას. და ყველას, ვინც უარს ეტყვის მას ამ უფლებაზე, მე, რომელიც არ ვეთანხმები კლაუსის მოსაზრებებს, და ამ ქვეყნის ყველა დემოკრატი წინ აღუდგება.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG