Accessibility links

logo-print

ინგუშეთის პრეზიდენტის დაუგეგმავმა ვიზიტმა აფხაზეთში გამოძახილი საქართველოშიც პოვა


ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი დიდ დელეგაციასთან ერთად 25 თებერვალს თვითაღიარებულ აფხაზეთს ეწვია.

ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი დიდ დელეგაციასთან ერთად 25 თებერვალს თვითაღიარებულ აფხაზეთს ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ამ დონის პირველი სტუმრობა, ევკუროვის ვიზიტი სოხუმში თითქმის ბოლო წუთში გახდა ცნობილი ინგუშეთში, სადაც რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერის ამ ნაბიჯმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში ინგუშები მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა კავკასიური ხალხებისაგან განსხვავებით, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ ინსპირირებულ კონფლიქტებში.


ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ინგუშების ლიდერი უკვე სოხუმში იყო და მოლაპარაკებებს მართავდა თვითაღიარებული აფხაზეთის ლიდერებთან. ინგუშმა ჟურნალისტმა რუსლან მაისაგოვმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ჟურნალისტთა კორპუსისა და საზოგადოებისათვის ინგუშეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა:

[რუსლან მაისაგოვი] ”დიახ, ჩვენთვის, ყოველ შემთხვევისათვის, ეს ვიზიტი მოულოდნელი იყო. მე, როგორც კორესპონდენტმა, ეს ამბავი გავიგე მას მერე, რაც დელეგაცია უკვე გაემგზავრა. თანაც, ეს არაფერი არ იგეგმებოდა, არავინ არაფერს ამბობდა, რომ აპირებენ წასვლას... იცი, ჩვენები ჯერ კიდევ გონებაზე ვერ მოსულან და მწვავე რეაქციები მერე იქნება.”

მწვავე რეაქციებს კი, რუსლან მაისაგოვის თქმით, ინგუშეთის პრეზიდენტის სოხუმური ვოიაჟი იმ ინგუშებში გამოიწვევს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ ინსპირირებულ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. არადა,რუსული ახალი ამბების სააგენტო ”ინტერფაქსის” ინფორმაცით, ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და მისმა თანმხლებმა დელეგაციამ 25 თებერვალს სოხუმის ცენტრში გვირგვინებით შეამკო 1992-93 წლებში დაღუპულ მეომართა მემორიალი. არც ერთი ინგუში არ მონაწილეობდა 16 წლის წინანდელ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აფხაზეთის მხარეზე, - ამბობს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, ვახტანგ გორგასლის ორდენის სამგზის კავალერი გენერალი კობა კობალაძე, რომელიც თავად წვრთნიდა ერთ-ერთ ბაზაზე ინგუში მეომრების ბატალიონს.

[კობა კობალაძე] “ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ მე მოვამზადე ეგენი - 400 კაცი, 450. ბრძოლებში არ მიუღიათ მონაწილეობა იმიტომ, რომ მეორე მხრიდან ჩეჩნები იყვნენ.”


მაგრამ საქართველოს მიმართ ინგუშეთის ნეიტრალიტეტი, როგორც ჩანს, კარგავს აქტუალობას პრომოსკოვური პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის ხელში. 25 თებერვალს თვითაღიარებული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ და ინგუშეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მახმუდ სოკოლოვმა სოხუმში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობაზე. კავკასიის საქმეთა ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ინგუშეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტის უკან სწორედ კრემლის პოლიტიკური სტრატეგია დგას:

[ მამუკა არეშიძე] ”ინგუშები არ ითვლებიან რუსების დასაყრდენად და ყველაზე უფრო მეტად ანტირუსულად განწყობილებად, ჩეჩნების შემდეგ, ინგუშები ითვლებიან. ძალიან ნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთის ხელისუფლებისათვის პიარის თვალსაზრისით, რომ ეჩვენებინათ, რომ ინგუშებიც აფხაზებს უჭერენ მხარს.”(სტილი დაცულია)

მამუკა არეშიძის თქმით, ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც გენერალ შამანოვის მარჯვენა ხელი იყო და თავი გამოიჩინა ჩეჩნეთის წინააღმდეგ ომში, არ სარგებლობს დიდი პატივისცემით საკუთრივ ინგუშეთში. თუმცა ევკუროვის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოეხმაუროს არა მწვავე განცხადებებით, არამედ ჭკვიანური კავკასიური პოლიტიკითო, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

[მამუკა არეშიძე] ”ივნისის ბოლოს დაგეგმილია თბილისში სრულიად კავკასიოლოგიური კონფერენციის ჩატარება, რომელიც უზარმაზარი მასშტაბით აზერბაიჯანში შარშან ჩატარდა. ეს არის, ძირითადად, ისტორიკოსების, არქეოლოგების, ენათმეცნიერებისა და კავკასიოლოგების თავყრილობა. მე უკვე ვიცი, რომ დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ ამ კონფერენციაში მონაწილეობას დაღესტნელი, ყაბარდოელი და ადიღელი სწავლულები.”(სტილი დაცულია)

2005 წელს საქართველოში ჩამოსვლისა და მოქალაქეობის მიღების სურვილი გამოთქვა 100-ზე მეტმა ინგუშმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა კარი გაუღო ინგუშებს და იქ დღესდღეობით 5 ინგუში სტუდენტი სწავლობს. 23 თებერვალს ”კავკასიის ფონდის” მიერ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით დაარსდა, თბილისში პირველად აღინიშნა ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაციის 65-ე წლისთავი, რასაც აქამდე ვიწრო წრეში, მხოლოდ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები აღნიშნავდნენ.
XS
SM
MD
LG