Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა ცდილობს გაარკვიოს რა ხდება ოპოზიციაში, რა უშლის ხელს ამ ეტაპზე ერთიანობას და ვინ, ვის და რას უსაყვედურებს. საქმე, ძირითადად, ახლად შექმნილ ალიანსს,

მის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნას და, მეორე მხრივ, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 9 აპრილის აქციის ინიციატორებს ეხება.

”ვერსია” არ გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის ორ ფლანგად დაყოფა ერთგვარი ტაქტიკაა, რომელიც 9 აპრილს საერთო საქმეს გააკეთებს. კორესპონდენტი კონსერვატორთა ლიდერ ზვიად ძიძიგურს ეკითხება ახალ ალიანსში გაერთიანებაზე უარის მიზეზს. ძიძიგურის პასუხი: ”ვაფიქსირებ პატივისცემას იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც ეს ალიანსი შექმნეს და გაწევრიანება ”კონსერვატორებსაც” შემოგვთავაზეს. ხშირად გვითქვამს და ვიმეორებთ, ყოველთვის დიდი ერთობის მომხრე ვიყავით. ისეთი ერთობა კი, სადაც არ იქნება კობა დავითაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და სხვები, ვერ შეასრულებს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანას”, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.როგორც ”ვერსია”, ასევე ”რეზონანსი” დაინტერესდა კობა დავითაშვილის პოზიციით. დავითაშვილი, ერთი მხრივ, რეფერენდუმის იდეას არ იწუნებს - ”უბრალოდ, იმპიჩმენტსა და რეფერენდუმზე ხელმოწერების შეგროვების იდეა არ უნდა იქცეს განსხვავებული პოზიციის ჩვენების მიზნად”. ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი ”ხალხის პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ის ”პიროვნულად” განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ახალი ალიანსისთვის. იმავე ინტერვიუში დავითაშვილი აცხადებს: ”დიდი ერთიანობის წინააღმდეგნი ”რესპუბლიკელები” და ”ახლები” ყოველთვის იყვნენ. რაღაც ეტაპზე, კონკრეტულ მომენტში, როდესაც მათი რეიტინგი უკიდურესად ეცემოდა, თვითგადარჩენის მიზნით ოპოზიციურ გაერთიანებაში ერთვებოდნენ”, - ამბობს დავითაშვილი და იქვე დასძენს: ”ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ორი პრობლემაა: ჩვენ გვყავს მიშისტები და გვყავს ნიშისტები”.

”რეზონანსი” ნინო ბურჯანაძესთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას უთხრან თარიღი, თუ როდის უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო ბატონ ირაკლი ალასანიას, ”ახლების” და ”რესპუბლიკელების” გულწრფელობაში, როდესაც ისინი ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და ასაბუთებენ ამის აუცილებლობას და იმედი მაქვს, რომ რაკიღა ისინი გონიერი ადამიანები არიან, ნამდვილად გააცნობიერებენ ჩვენს არგუმენტებს რეფერენდუმთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ შემოუერთდებიან ამ საპროტესტო ტალღის მოთხოვნებს”, - აცხადებს ბურჯანაძე.

იმავე ”რეზონანსში” ახალი ალიანსის ინიციატივას რეფერენდუმის მოთხოვნის შესახებ იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ”ალასანიას ხაფანგს” უწოდებს და განმარტავს: ”ჩემი აზრით, ის ცდილობს ხელისუფლებას მისცეს შანსი, რომ რეფერენდუმით დათმოს ძალაუფლება. ეს ის მახეა, რომელიც ყველა შემთხვევაში სააკაშვილისთვის ცუდად დასრულდება”, - ასე ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილი.

”ახალი თაობა” ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერს, ნესტან კირთაძეს, სთხოვს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას. კირთაძე ვრცლად საუბრობს გარე მოთამაშეების როლზე, მათ შორის - შეერთებული შტატების გეგმებზე. ”ისინი ისევ იმ კარგად აპრობირებულ სცენარებს იყენებენ და ახლაც იმავეს გაიმეორებენ, რაც იყო 2003 წელს. მაგრამ სხვაა, რას ფიქრობენ ისინი და სხვა უნდა იყოს, რას ფიქრობს ნამდვილი ქართული ოპოზიცია და მისი ფლაგმანი და ლიდერი - ლეიბორისტული პარტია”, - აცხადებს ნესტან კირთაძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათი” ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს. ”საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ ”24 საათთან” ისაუბრა შექმნილი ვითარებიდან შესაძლო გამოსავალზე. მისი თქმით, - წერს გაზეთი, - ”აუცილებელია ხელისუფლების მაღალ დონეზე გაიმართოს დიალოგი. თუკი ეს იქნება კარგად მოფიქრებული და კულუარული ფორმით გონივრულად შეთავაზებული, ოპოზიციონერები მასზე უარს ვერ იტყვიან”, - ამბობს აბაშიძე. ”24 საათი” ”კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელ დავით აფრასიძის მოსაზრებასაც აქვეყნებს, რომლის აზრითაც, ოპოზიციის მიერ არჩეული გზა არ არის პროდუქტიული. ”ულტიმატუმებმა არც შარშან და არც არასდროს შედეგი არ მოიტანა. არა მგონია, რომ ეს ახლაც სწორი არჩევანი იყოს, თუნდაც პრაგმატულად იმ მიზნების მისაღწევად, რასაც ოპოზიცია აყენებს”, - აცხადებს აფრასიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ულტიმატუმით ოპოზიცია თვითონ მიდის იმ მდგომარეობამდე, როცა კონფრონტაცია გარდაუვალი იქნება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG