Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” ანგარიში სომხეთზე


თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთის დედაქალაქში სისხლისღვრა მოჰყვა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს.

2008 წლის 1 მარტს, სულ ცოტა, 8 დემონსტრანტი და 2 პოლიციელი დაიღუპნენ ერევნის ცენტრში მომხდარი შეტაკებისას. ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დამცველები პოლიციას ძალის გადაჭარბებულ ხმარებაში ადანაშაულებენ. ამ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩიც”, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სომხეთის შესახებ.

გასული წლის 19 თებერვალს სომხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგსაც (სერჟ სარგსიანის გამარჯვებას) მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 1 მარტს დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

[გიორგი გოგიას ხმა] “ერთი წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რა მოხდა 1 მარტს. ის კი ნათელია, რომ პოლიციამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გამოძიება ცალმხრივია”. ამ შეფასებას გამოთქვამს ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მკვლევარი, გიორგი გოგია - სომხეთში 2008 წლის არჩევნებსა და მათს შემდგომ პერიოდზე ანგარიშის ავტორი.

“ჰიუმან რაითს უოჩის” ეს, 64-გვერდიანი ანგარში შედგენილია 80-ზე მეტი ინტერვიუს საფუძველზე, ასახავს პოლიციელებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებების დეტალებს. მასში ვკითხულობთ, რომ 1 მარტს, დილაუთენია, პოლიცია შეესია კარვებს, რომლებიც დემონსტრანტებს აღემართათ ერევნის თავისუფლების მოედანზე. ეს იყო წინასწარ გაუფრთხილებლად დაწყებული იერიში, რომლის დროსაც პოლიციამ გამოიყენა რეზინისა და რკინის ხელკეტები, ელექტროშოკის გამომწვევი მოწყობილობები ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.
იმავე დღეს, მოგვიანებით - მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტმა მოიყარა თავი საფრანგეთის საელჩოსთან - პოლიცია, “ჰიუმან რაითს უოჩის” ცნობით, ჯერ მოლაპარაკებაში ჩაერთო, მაგრამ მერე დიალოგზე უარი თქვა და ისევ იერიშზე გადავიდა ამჯერად უკვე რამდენიმე ათეულ, ძირითადად ახალგაზრდა დემონსტრანტებთან დაპირისპირებაში.

[გიორგი გოგიას ხმა] “იქ, აშკარაა, რომ პროტესტის მონაწილეებიც უკვე მომზადებული იყვნენ ამ შეტაკებისთვის. მათაც გამოიყენეს რაღაც თვითნაკეთი იარაღი - მათ შორის მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, ჯოხები, რკინის ხელკეტები. და ისინი პოლიციასთან პირდაპირ შეტაკებაში ჩაებნენ. ცხადია, იყო შემთხვევები, როცა პოლიციამ ლეგიტიმურად მიმართა პოლიციურ ზომებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში საქმე ეხებოდა, როგორც ჩანს ძალის თვითნებურ და გადაჭარბებულ გამოყენებას”, ამბობს გიორგი გოგია, რომელმაც ანგარიშის მოსამზადებლად ჩატარებული კვლევისას დაადგინა, რომ გასული წლის მანძილზე პოლიციელები პასუხისგებაში არ მიუციათ, მაშინ როცა დემონსტრაციებთან და შეტაკებებთან კავშირის გამო დააკავეს და გაასამართლეს ოპოზიციის ათობით წევრი - ზოგჯერ არაობიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების საფუძველზე.

[გიორგი გოგიას ხმა] “ჩვენ, რასაკვირველია, გამოვდივართ მოწოდებით, რომ ჩატარდეს 1 მარტის მოვლენების საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება. მთავრობა ვალდებულია, გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება. ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ აგრეთვე თხოვნით, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს ჩაუტარდეს საგანგებო ტრენინგი ბრბოს კონტროლის მექანიზმებსა და ლეგიტიმურ პოლიციურ ზომებზე.” გარდა ამისა, დასძენს “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელი, ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს ბრალდებები ერევანში 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან ცუდად მოპყრობის შესახებ და მართლმსაჯულებას გადასცეს დამნაშავეები. “ჰიუმან რაითს უოჩმა” არაერთი გამოკითხულისაგან შეიტყო დაპატიმრების დროს და შემდგომაც მათი ცემის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, მათდამი მუქარის შესახებ. ამას ემატებოდა უარი დაკავებულის ადგილსამყოფლის ოჯახისთვის შეტყობინებაზე, დაკავებულის მიერ მისთვის სასურველი ადვოკატის შერჩევაზე.

“ჰიუმან რაითს უოჩი” სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მართლმსაჯულებას გადასცეს არა მარტო ძალის გადაჭარბებულ ხმარებაში ეჭვმიტანილი პოლიციელები, არამედ ისინიც, ვინც მათ ძალის გადაჭარბებული გამოყენება დაავალა.
XS
SM
MD
LG