Accessibility links

logo-print

9 აპრილის აქციაში მონაწილეებისგან ოპოზიცია ხელმოწერებს ითხოვს


იმ პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორაგნიზაციებმა, რომლებიც 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან

და მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომას მოითხოვენ, საკუთარი თანხმობა ხელის მოწერით უნდა დაადასტურონ. 26 თებერვალს ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზის” ოფისში კონსერვატორმა კახა კუკავამ გააკეთა. 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბიდან მსგავსი მოწოდების წერილები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტებს დღეს დაეგზავნათ. ამ მოწოდებას დღესვე გამოეხმაურა ეროვნული ფორუმიც.

[კახა კუკავა] ”დღეს ჩვენ ვუგზავნით წერილს, შეტყობინებას ყველა პოლიტიკურ პარტიას და მოვუწოდებთ ყველას, რომ ვისთვისაც მისაღები არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა, ვინც იზიარებს ამ მიზნით 9 აპრილის აქციაში მონაწილეობას, ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ ხელის მოწერით დაადასტუროს ეს განცხადება და შემოუერთდეს 9 აპრილის აქციებს. იმავდროულად, ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს დოკუმენტი ღიაა შემოერთებისთვის მათთვისაც. ეს იქნება ”საქართველოს გზის” ოფისში ხვალ საღამომდე და ხვალ საღამოს უკვე გამოვაქვეყნებთ ხელის მომწერთა სრულ სიას.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, 26 თებერვალს გააკეთა.

”ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, მივიჩნევთ, რომ სააკაშვილის არალეგიტიმურმა და ანტისახელმწიფოებრივმა რეჟიმმა კატასტროფამდე მიიყვანა საქართველო და ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. ყველა მცდელობა საქართველოში დანიშნულიყო თავისუფალი არჩევნები და ამ გზით განხორციელებულიყო ხელისუფლების ცვლილება, უშედეგოდ დასრულდა. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე ერთადერთი მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომა”. - ეს არის ნაწყვეტი ტექსტიდან, რომელსაც ხელს, 26 თებერვლის მონაცემებით, რვა პოლიტიკური პარტია აწერს. ესენი არიან:

ტრადიციონალისტთა კავშირი, ქალთა პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ხალხის პარტია, კონსერვატიული პარტია, პარტია თავისუფლება, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, საქართველოს გზა და ლევან გაჩეჩილაძე, საკუთარი თანამოააზრეებით.

თუმცა, პოლიტიკური პარტიების გარდა, დღევანდელი მოწოდების კიდევ ერთი მთავარი ადრესატი სამოქალაქო საზოგადოება იყო. 7 ნოემბერსა და მას შემდგომ ჩატარებულ აქციებში არაერთი არსამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. საინტერესოა, როგორია დღეს მათი მზაობა - გავიდნენ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ერთადერთი - პრეზიდენტის გადადგომის - მოთხოვნით. მაგალითად, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელს უჭირს პასუხის გაცემა ასოციაციის წევრი 730 ადამიანის ნაცვლად, თუმცა აცხადებს, რომ დღეს მათი ორგანიზაცია საკუთარ წევრებს აქციაზე წასვლისკენ არ მოუწოდებს:

[თამარ ხიდაშელი] ”ორგანიზაცია ჯერჯერობით ნამდვილად არ მოუწოდებს თავის წევრებს, რომ ამ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ინდივიდუალურად ორგანიზაციის ყველა წევრს აქვს ამის უფლება, რომ წავიდეს და აქციების საშუალებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.”

ჯერ უცნობია ვიხილავთ თუ არა, მაგალითად, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლს” 9 აპრილის აქციაზე, თუმცა მისი ყოფილი თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ ”42-ე მუხლი” დღემდე მკაცრად იცავდა არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს და პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას არ იღებდა:

[მანანა კობახიძე] ”ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში გამოირჩეოდა სწორედ იმით, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან თავს ვიკავებდით. არ მგონია, რომ ახლა რაიმე განსხვავებული დამოკიდებულება დავიჭიროთ.”(სტილი დაცულია)

მიწვევის შემთხვევაში, იმსჯელებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირების გაერთიანება. მისი ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ცალკეული წევრები აქციას შეუერთდნენ, თუმცა გადაწყვეტილებებს პროფკავშირების კოლეგია იღებს:

[ირაკლი პეტრიაშვილი] ”ეს გახლავთ საკმაოდ დიდი ორგანიზაცია და აფექტურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ეს უნდა იყოს დასაბუთებული და შედეგი არ უნდა იყოს უარესი, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.” (სტილი დაცულია)



წერილი, ხელმოწერის თხოვნით, მიიღო ეროვნულმა ფორუმმა, რომელიც თავიდანვე არ ეთანხმებოდა თარიღების დანიშვნას და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვდა. მისი ლიდერი კახა შარტავა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ მხოლოდ სამოქმედო გეგმას, რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს და მათ ინფორმირებას, სწორად დაგეგმილ პროცესს უნდა მიეყვანა ოპოზიცია კონკრეტულ თარიღამდე, როდესაც ოპოზიცია ულტიმატუმის წასაყენებლად იქნებოდა მზად:

[კახა შარტავა] ”ეს ულტიმატუმი არ უნდა იყოს ერთთვიანი ან ორთვიანი, ამხელა ვადა არ უნდა მისცე ხელისუფლებას, რომ მან კონტრთამაშები არ დაიწყოს და კონტრვარიანტები არ შესთავაზოს ოპოზიციას და საზოგადოებას. ასეთი ტიპის ულტიმატუმი, როცა შენ მისთვის ემზადები, უნდა იყოს 24 საათიანი. ამ 24 საათის განმავლობაში, როცა შენ პასუხს ელოდები, უკვე უნდა დაიწყო საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით.”(სტილი დაცულია)

კახა შარტავა ასევე შიშობს, რომ, დაგეგმილი თარიღების გამოცხადების შედეგად, ხელისუფლება, შესაძლოა, რაიმე ტიპის პროვოკაციაზე წავიდეს:

[კახა შარტავა] ”ასეთი ტიპის პროვოკატორ ხელისუფლებას კიდევ რა მოუვა თავში, არავინ იცის და ის მოარული ხმები შესაძლებელი ომის შესახებ რუსეთთან ხმებიდან რეალობად იქცეს, იმიტომ რომ ხელისუფლებამ რაღაც ხომ უნდა მოიმოქმედოს 9 აპრილამდე, თუ იგრძნო საფრთხე, რომ ხელისუფლებას კარგავს.”(სტილი დაცულია)

მოკლედ, ეროვნული ფორუმი რვა პარტიის მიერ ხელმოწერილ მოწოდებას არ შეუერთდება. კახა შარტავა საუბრობს მიზეზებზე:

[კახა შარტავა] ”დღეს, 26 თებერვალს, არ მაქვს კონკრეტული წარმოდგენა რას აპირებენ ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და მე ვერ ვეტყვი მოსახლეობას 9 აპრილის აქციაზე მოდით-თქო, რადგან არ ვიცი სად ვეძახი და რა იქნება 9-ში, 10-ში და 11-ში.”(სტილი დაცულია)

დღესვე წერილს მიიღებს ალიანსი საქართველოსთვის, მასში გაერთიანებული სამივე პოლიტიკური სუბიექტი - რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი. ახლების ლიდერის, დავით გამყრელიძის, თქმით, ალიანსს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს, თუმცა ისინი გაეცნობიან 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გეგმებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

რესბუბლიკელთა - დავით უსუფაშვილის - განცხადებით კი, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ალიანსის ულტიმატუმს არ შეასრულებს და 5 მარტს რეფერენდუმს არ დანიშნავს, 9 აპრილის საპროტესტო აქციები, შესაძლოა, პლებისციტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდეს.
XS
SM
MD
LG