Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება მსოფლიოში ადამიანის უფლებებზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების შესახებ.

საქმე ეხება პირველ ანგარიშს, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გამოუშვა, თუმცა ტექსტის უდიდესი ნაწილი აშშ-ის წინა ადმინიტრაციის, ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდშია მომზადებული.

“ადამიანის უფლებების დაცვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის არსებითი ნაწილია” - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელსაც წელს პირველად აწერს ხელს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მანვე 25 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

[ჰილარი კლინტონის ხმა] “მე, როგორც სახელმწიფო მდივანი, განვაგრძობ ჩემი ენერგიის კონცენტრირებას ადამიანის უფლებების საკითხზე და შევეცდები ამ საქმეში ავიყოლიო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა მხარში ამომიდგნენ - იქნება ეს ტრადიციული თუ არატრადიციული პრობლემების მოსაგვარებლად. მოველი შედეგებს. მოველი ცვლილებებს, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრებას. იმედია, რომ დროთა განმავლობაში შეგვაფასებენ ამ ძალისხმევის წარმატებული შედეგების საფუძველზე”.

2008 წელს რაც შეეხება, უწყება, რომელსაც ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობს, 190-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე მიუთითებს სამ ძირითად ტენდენციაზე: ესენია მთელს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნა მეტ პირად და პოლიტიკურ თავისუფლებაზე; მთავრობების ძალისხმევა, პირიქით შეზღუდონ ეს თავისუფლებები; და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ადამიანის უფლებები ყველაზე უკეთ არის დაცული იქ, სადაც მოსახლეობა ჩართულია დემოკრატიულ პროცესებში და აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, ადამიანის უფლებების ხელყოფა არა მარტო თავისთავად არის პრობლემა, არამედ პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კარენ სტუარტი ამბობს: [კარენ სტუარტის ხმა] “ადამიანის უფლებების დარღვევა რჩება სიმპტომად, რომელიც პოლიტიკურ სისტემათა უფრო ღრმა გაუმართაობაზე მიანიშნებს. ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევა, ჩვეულებრივ, ხდება ქვეყნებში, რომლებშიც მმართველები ანგარიშვალდებულებაზე უარს ამბობენ და გაუკონტროლებელი ძალაუფლებით სარგებლობენ, ან სადაც ადგილი ჰქონდა მთავრობის შეცდომას ან კოლაფსს, რასაც ხშირ შემთხვევაში აჩქარებდა ან იწვევდა საშინაო ან საგარეო კონფლიქტი”.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში 38 გვერდი ეთმობა საქართველოს შესახებ ანგარიშს. აქვე უნდა ითქვას, რომ მასში მარტო 2008 წლის მოვლენები არ არის ასახულ-შეფასებული: ზოგადი სურათის შესაქმნელად ლაპარაკია, მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე - ანტისამთავრობო დემონსტრაციებსა და მათს დარბევაზე.

საქართველოს შესახებ ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ორივე სეპარატისტულ რეგიონზეც. მათი დე-ფაქტო მთავრობები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მკაცრ კრიტიკას იმსახურებენ. ამასთან აღნიშნულია, რომ ამ რეგიონებს ვერ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. თუმცა კრიტიკა არც საქართველოს ხელისუფლებას აკლია...

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია ინფორმაცია შარშანდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ვკითხულობთ, რომ იანვარში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგი ვადით აირჩიეს ამ პოსტზე, რომ უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობას. თუმცა მათ ახლდა მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ბევრი ბრალდება ამომრჩევლების დაშინების, მათზე ზეწოლისა და საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას მანიპულირების შესახებ. პრობლემები - განაგრძობენ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები - აღირიცხა საპარლამენტო არჩევნების დროსაც მაისში. გამოითქმის ასევე ბრალდებები პოლიტიკურად მოიტივერებულ დაპატიმრებებზე, შეიზღუდა მედიის მრავალფეროვნება.

ანგარიშში, ბუნებრივია, განიხილება აგვიტოს ომთან დაკავშირებული დარღვევებიც. ვკითხულობთ, რომ საქართველოს და რუსეთის ჯარების სამხედრო ოპერაციებისას, გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პირების, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა ძალის განურჩევლად ხმარებამ.

ზოგადად, რუსეთის მისამართით მკაცრი კრიტიკა გამოითქმის. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორების შეფასებით, რუსეთში 2008 წელსაც გრძელდებოდა “ნეგატიური ტრაექტორია” ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. საქართველოში მოქმედების გარდა, რუსეთს აკრიტიკებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედების გამო, იმის გამო, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შევიწროვებას განიცდიდა, რომ პრესა კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო ჟურნალისტების მკვლელობები - გაუხსნელი დარჩა...
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიუთითებს ასევე ცენტრალიზაციის მზარდი ტენდენციით მოცულ პოლიტიკურ სისტემაზე, რომელშიც ძალაუფლება კონცენტრირებულია რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისებში. შესაბამისად, პრობლემები, 2007 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს რომ დაფიქსირდა, გამეორდა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა ბევრ საერთაშორისო სტანდარტს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ასევე მკაცრ შეფასებებს იმსახურებენ ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, უზბეკეთი.

[კარენ სტუარტის ხმა] “სახელმწიფო დეპარტამენტი გულისყურით ეკიდება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ჩვენი საკუთარი მოქმედების შეფასებას როგორც უცხოეთში ისე თვით შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ობამას ნათლად აქვს ნათქვამი, რომ უარვყოფთ, როგორც არასწორს, არჩევანს ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის. ჩვენ არ მიგვაჩნია ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევად შეხედულებები, რომელთაც შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დაცვაზე გამოთქვამენ საერთაშორისო თანამეგობრობაში (...) და არც სხვა მთავრობებს უნდა მიაჩნდეთ მათი მოქმედების შეფასება მათს საშინაო საქმეებში ჩარევად”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ სტუარტის ამ მოწოდების მიუხედავად, კრიტიკას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, მაგალითად ჩინეთიდან. პეკინი უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს და შეერთებულ შტატებს ურჩევს, თავის ტერიტორიაზე დაამყაროს წესრიგი. შედარებით რბილი იყო რუსეთის რეაქცია, რის მიზეზადაც მიჩნეულია მისი სურვილი, გააუმჯობესოს ვაშინგტონთან ურთიერთობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურნენ საქართველოშიც. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის განცხადებით, ანგარიშში ნაჩვენებია “ის პოზიტიური დინამიკა და ცვლილებების ტენდენცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს”.
XS
SM
MD
LG