Accessibility links

logo-print

პოლიტიკური პატიმრები საქართველოში - ახალი ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გაეგზავნა


”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით ”პოლიტიკური პატიმრები საქართველოში”. მასში ცენტრის მიერ შესწავლილი 26 ადამიანის საქმე შევიდა.

ანგარიშის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.

მინდა გაუწყოთ, თუ ვინ მოხვდა ამ 26 კაციან სიაში.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში ”პოლიტპატიმრები საქართველოში” ამ ტერმინის, პოლიტიკური პატიმარის, დეფინიციით იწყება. ანგარიშში ცენტრის მიერ შესწავლილი 26 პოლიტპატიმრის საქმე დევს. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და ანგარიშის ავტორი იურისტი დავით მანაგაძე განმარტავენ, რომ მთავარი პრობლემა იმ კრიტერიუმის განსაზღვრა იყო, რომლის მიხედვითაც შეიძლება ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად ჩაითვალონ. მათი უმრავლესობა არაპოლიტიკური, კრიმინალური მუხლით არის გასამართლებული.


[უჩა ნანუაშვილი] ”არსებობს 2001 წელს მიღებული ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს დეფინიცია იყო ყველაზე მეტად მისადაგებული საქართველოს რეალობას - როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანის დაკავება.” (სტილი დაცულია)

”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე ათეული საქმე შეისწავლა. ანგარიშში მხოლოდ 26 მოხვდა, თუმცა ნანუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტია. ანგარიშში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები სხვადასხვა ქვეჯგუფებში მოხვდნენ.

[უჩა ნანუაშვილი] ”არიან ადამიანები, რომლებიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ დააკავეს. მეორე ჯგუფია გიორგაძის მომხრეები, 12 ადამიანი. ყოფილი თანამდებობის პირების ჯგუფი. მათ მიერ კრიტიკული განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა მათი დაკავება. საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებზე.”(სტილი დაცულია)


ცალკე ჯგუფში არიან გაერთიანებული ხელისუფლების ე.წ. მძევლები:

[უჩა ნანუაშვილი] ”ე.წ. მძევლების სიაში არის ნორა კვიციანი, რომელიც, ფაქტობრივად, მისი ძმის - ემზარ კვიციანის - მაგივრად ჰყავთ დაკავებული. ასევე ომარ ქუცნაშვილი, რომელიც მისი შვილის - ზაქარია ქუცნაშვილის - პოლიტიკური აქტივობის გამო დააკავეს. ასევე ტელეკომპანია ”202”-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის, საქმე, რომელიც ჩვენ ასევე პოლიტიკურ საქმედ მივიჩნიეთ და ასევე ამ სიაში შედიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებიც.” (სტილი დაცულია)


ანგარიშის ავტორი დავით მანაგაძე, რომელიც აღნიშნულ საქმეებს გაეცნო, მოგვითხრობს, რომ საქმეებში პოლიტიკური ბრალდებები არ არის, თუმცა:

[დავით მანაგაძე] ”საქმის შინაარსი და გარემოებები პირდაპირ მიუთითებს, რომ საქმე იყო პოლიტიკური, მაგრამ კრიმინალურ საქმეებად არის გაფორმებული - მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება.მაგალითად, ადამიანს აქვს დიაბეტი და წამალი რომ გაიკეთოს, მოკვდება. და ის არის გასამართლებული მოხმარებისა და შენახვისათვის. ეს სისულელეა.”(სტილი დაცულია)

მსგავსი მუხლით არის დაკავებული, მაგალითად, 7 ნოემბრის აქციის არაერთი მონაწილეც.

დღესვე პოლიტიკური პატიმრების თემას კონსერვატიული პარტია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია - მათ შორის, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” - გამოეხმაურა. მის ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძეს, პოლიტიკური ნიშნით დაკავების მეთოდები საბჭოთა პერიოდს ახსენებს:

[ნანა კაკაბაძე] ”როდესაც პოლიტიკური მოტივით ადამიანებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აპატიმრებდნენ, ძალიან იშვიათად აძლევდნენ პოლიტიკურ მუხლებს, როგორიც იყო ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა და მათ, ძირითადად, კრიმინალურ მუხლებს აძლევდნენ, ხულიგნობა და სხვა მსგავსი.თუმცა მაშინაც კი საზოგადოებამ იცოდა, რომ ეს ადამიანები კრიმინალები კი არა, პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნილები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში.
დღესაც, ანალოგიურად, საბჭოთა ტიპის მიდგომები აქვთ. აძლევენ არა პოლიტიკურ მუხლებს, როგორიც არის სამშობლოს ღალატი ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, აი, როგორც, მაგალითად, იგორ გიორგაძის მომხრეებს წაუყენეს, არამედ კრიმინალურ მუხლებს.და ჩვენ 40 ასეთ საქმეზე ვმუშაობთ.”(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით იმ ადამიანთა საქმეებზე მუშაობენ, რომლებიც სიტყვის თაავისუფლებისთვის არიან დევნილები ხელისუფლების მიერ, თუმცა, მისი აზრით, პოლიტპატიმართა სიაში უნდა შევიდნენ ის ჯარისკაცებიც, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ ღიად ისაუბრეს ხელისუფლების შეცდომებზე და ამის გამო აღმოჩნდნენ განსასჯელების სკამზე; ასევე ისინიც, ვისაც მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო ბიზნესი წაართვეს.

პოლიტიკური პატიმრების ყოლას ხელისუფლება არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. სასჯელააღსრულების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ სასამართლოს დადგენილებას ასრულებენ. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბობს:

[სალომე მახარაძე] ”ჩვენთან პატიმარი მოდის სასამართლოდან, საიდანაც გარკვეული მუხლებით მას მოჰყვება თავისი საქმე. რასაც მიუსჯის სასამართლო, იმას ვასრულებთ ჩვენ. სხვაგვარი მონაწილეობა დეპარტამენტის ან სამინისტროსი არის ნულოვანი და, შესაბამის, პასუხისმგებლობაც.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დიდ გამოხმაურებას არც უჩა ნანუაშვილი ელის. სამაგიეროდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი ინფორმაციის განსაკუთრებული მოთხოვნილება არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ნანუაშვილის შეფასებით, ამ ანგარიშის გაცნობის შემდეგ საერთაშორისო შეფასება საკმაოდ მკაცრი იქნება. ის ამბობს, რომ უკვე დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება საკმაოდ დიდია. მათი მხრიდან ოფიციალური დასკვნის დადებამდე კი ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG