Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვინ არის „იმედის“ ახალი მეპატრონე და ვინ დგას ”რაკიინ ჯორჯიას”


”ვინ არის „იმედის“ ახალი მეპატრონე და ვინ დგას ”რაკიინ ჯორჯიას” უკან” – ვრცელ სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს,

წაიკითხავთ, რომ, კულუარული ინფორმაციით, არაბების უკან უგულავა–მერაბიშვილის ფრთა მოიაზრება: „ მოკლედ, ცხადია, რომ არაბებს მმართველი გუნდის ერთი ფრთა ლობირებს, მეორე ფრთას, სავარაუდოდ, მისი კონტროლი დაევალება. თუმცა მიმოქცევაში გაშვებული ფულის (თუ მსგავსი რამ საერთოდ მოხდა) რა ნაწილი ეკუთვნის ქართველებს და რა არაბებს? ცნობილია, რომ არაბ ინვესტორებს, კრიზისისა თუ სხვა სუბიექტურ–ობიექტური ფაქტორების გამო, ფოთის პორტში გადასახდელი თანხაც არ დაუფარავთ.“

”რატომ დაამთხვიეს ახალი დიდი შეწყალება ოპოზიციის აქციებს” – გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, პატიმართა ახალი მასობრივი შეწყალება, პრეზიდენტის რეზოლუციის თანახმად, ნაცვლად თებერვლისა, აპრილში მოხდება. გაზეთის ფურცლებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ დიდი შეწყალების გადადება ოპოზიციის მიერ აპრილში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციებს უკავშირდება. მათივე თქმით, ამ გზით ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს პატიმრების მშობლებზე და აიძულებს მათ მონაწილეობა არ მიიღონ 9 აპრილისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებში.

დღესვე გაზეთი „ რეზონანსი“ ეხმიანება აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული რუსული გეგმების თემას და გვაუწყებს, რომ ამ გეგმებს შორის ერთ–ერთი აფხაზეთ–სამხრეთ ოსეთის ფედერაციის შექმნა იყო. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვის, რომელიც დღეს ”რეზონანსის” რესპონდენტია, ამ იდეის არსებობა ცნობილია, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ფედერაციის შექმნა ვერც მაშინ და, მით უმეტეს, ვერც მომავალში ვერ მოხერხდება. „ ამ იდეას ჰქონდა მეორე ნაწილიც: როდესაც შეიქმნებოდა კონფედერაცია და ამაზე ცხინვალი და სოხუმი მოაწერდნენ ხელს, შემდეგ მასში მიიწვევდნენ საქართველოს. თუ თბილისი დათანხმდებოდა, შეიქმნებოდა სამსუბიექტიანი კონფედერაცია. თუმცა ამ იდეამ არც ბაღაფში და არც კოკოითი არ მოხიბლა. მეტიც, ამით არც კრემლში დარჩნენ აღფრთოვანებულები. უსუსურმა იდეამ, რომელიც რამდენიმე რუსმა ექსპერტმა თავის გამოჩენის მიზნით შექმნა, კრახი განიცადა“, – განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთ ”რეზონანსს.“

„უცნობის საქართველო“–გაზეთ „24 საათში” გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ავტორი ცდილობს ახსნას, რა დგას იმ ვიზუალური და აუდიო ფრაგმენტების უკან, რასაც სტუდია „მაესტროს“ გადაცემა „საკანი ნომერი ხუთი” სთავაზობს მაყურებელს. სტატიაში მოყვანილია სამი მახასიათებელი: პრორუსული პოლიტიკა, საბჭოთა კულტურა, სადაც კულტურა საზოგადოებრივი პრაქტიკების ერთობლიობას ნიშნავს და არა კონკრეტულად ბალეტსა თუ ოპერას, და, ბოლოს, დესეკულარული საზოგადოება, რომელშიც რელიგია ტოტალური ხდება და საზოგადოების ყველა სფეროზე ვრცელდება. „მედია შეიძლება გარკვეულ საზოგადოებებში დემოკრატიისა და ლიბერალიზმის წინმწევ ძალად კი არა, კოლონიური დამოკიდებულებისა და ფუნდამენტალიზმის დამკვიდრების მოტივად იქცეს. ვნახოთ, მიეკუთვნება თუ არა საქართველო ასეთი საზოგადოებების რიცხვს“, - წაიკითხავთ გაზეთ „24 საათის“ ფურცლებზე.
XS
SM
MD
LG