Accessibility links

logo-print

რისკენ მოუწოდებს საქართველოს პატრიარქი ქართველ პოლიტიკოსებს და როგორ აისახება ეს მოწოდება მათ საქმიანობაზე


ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში საქართველოს გარეთ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა,

საზოგადოებას მოუთხრო საკუთარ პარტიულ ლიდერთან შეხვედრის შესახებ და იქვე მოაყოლა, რომ ჰქონდა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა - შეხვედრა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქთან. ”მან მითხრა, რომ ახლა ამბიციები ყველამ განზე უნდა გადადოს, რადგან მთავარი საქართველოა და ერთიანობა საქართველოსთვისო”, - განუმარტა საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკოსმა. ჩვენ ვსაუბრობთ მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის ეკა ბესელიას სატელევიზიო კომენტარზე... პოლიტიკოსები -მეტწილად ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები - თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად ახსენებენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრებს და ასევე ხშირად ლაპარაკობენ პატრიარქთან ხელისუფლების დაპირისპირებაზე. ამ თემას მოარული ვერსიები კვებავს ან, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი პერსონალური დასკვნები...

ამ ცოტა ხნის წინ - მაშინ, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მკურნალობის კურსის გასავლელად გერმანიაში გამგზავრება დასჭირდა - გავრცელდა ვერსია, თითქოსდა პატრიარქის შეუძლოდ გახდომა ბუნებრივი მიზეზით არ ყოფილა, რომ ის მოწამლეს, კიდევ ერთი ვერსიით - დაატყვევეს და ასე აიძულეს ვერ გამგზავრებულიყო მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიალზე დასასწრებად. მინიშნებები საქართველოს ხელისუფლებაზე კეთდებოდა. ისევ ვერსიებს თუ მივყვებით, ხელისუფლებას აფრთხობს პატრიარქის ავტორიტეტი და ამიტომ ხელს არ აძლევდა მისი მოსკოვში გამგზავრება. ვერსიებზე აქტიურად წერდნენ გაზეთები, მათზე ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები და ამ ვერსიებმა ძალიან შეაშფოთა მრევლი , მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელიაც. ის წარმომადგენელია მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსთვის”. ცოტა ხნის წინ საფრანგეთში პარტიულ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილთან შესახვედრად იმყოფებოდა, ისარგებლა მომენტით, პატრიარქი ტელეფონით მოიკითხა და შემდეგ მის მოსანახულებლად საფრანგეთიდან გერმანიაშიც გაემგზავრა. ასე შედგა შეხვედრა უკვე გამოჯანმრთელებულ კათალიკოს-პატრიარქთან და რადგან ბესელიამ შეხვედრის ფაქტი თავის ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში ახსენა, ჩვენც მას ვკითხეთ, შეხვედრისას საუბარი თუ შეეხო საქართველოში გავრცელებულ ვერსიებს და როგორი იყო მათზე თავად უწმინდესის და უნეტარესის რეაქცია.

[ეკა ბესელიას ხმა] ”ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან წუხდა, რომ ასეთი ვერსიები გავრცელდა. განსაკუთრებით ტყვეობასთან დაკავშირებით ვერსიის გავრცელების გამო წუხდა. მასთან ერთად ბრძანდებოდნენ მეუფე დიმიტრი და მამა დავითი, ასევე საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი, სხვა არავინ, და მძევლად მართლა ვის უნდა აეყვანა.? .”

”პატრიარქი დიდად წუხდა ამ ვერსიის გავრცელების გამო, წუხდა, რომ მრევლი მის მოლოდინში ნერვიულობდა და ამიტომ დროზე ადრე შეწყვიტა მკურნალობა სამშობლოში დასაბრუნებლად”, - ესეც გვითხრა ეკა ბესელიამ. აჟიოტაჟი ჩაცხრა..მასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში თავის დროზე განმარტეს, რომ პატრიარქის შეუძლოდ ყოფნა ვირუსულმა ინფექციამ და მისმა თანმდევმა გართულებებმა განაპირობა, რის გამოც საჭიროდ ჩაითვალა გერმანიაში მკურნალობა. მოგვიანებით მამა დავით შარაშენიძემ საპატრიარქოს სახელით ჩვენთან საუბრისას დამატებით ის თქვა, რომ მთელი მითქმა-მოთქმა პატრიარქის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია.

ეკა ბესელიაც ფიქრობს, რომ ჟურნალისტებს თავი უნდა შეეკავებინათ საპტრიარქოსთან გადაუმოწმებელი ვერსიების გავრცელებისგან. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით პატრიარქის მიერ გამოხატული წუხილის მიუხედავად, იტოვებს უფლებას თავისუფალ რეჟიმში გააკეთოს დასკვნა, საკუთარი დაკვირვებით თქვას ის, რაზეც თავად პატრიარქი არასდროს ლაპარაკობს:

[ეკა ბესელიას ხმა] ”ის, რომ საპატრიარქოს ებრძვიან და პატრიარქს ებრძვიან, მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით.”

და რაში მდგომარეობს კონკრეტული გარემოებები? პირველი: პატრიარქმა იტვირთა სამოქალაქო მისია რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისა, პრეზიდენტი კი თავისი განცხადებებით დაუპირისპირდა ამ მისიას.. რაში გამოიხატა დაპირისპირება? ჩვენმა რესპონდენტმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ პერევთან დაკავშირებული ცნობილი ვერსია მოიყვანა. თუმცა პერევიდან რუსების გასვლისა და უკან დაბრუნების ამბავთან დაკავშირებით არავის დაუდასტურებია, რომ სოფელი რუსებმა პირადად პატრიარქის პატივისცემის ნიშნად დათმეს და შემდეგ უკან საქართველოს პრეზიდენტის ისეთი შეფასების გამო დაბრუნდნენ, როგორსაც არ ელოდნენ. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ რუსების უკან დახევა საერთაშორისო ზეწოლის შედეგი იყო, ცალკეული პოლიტიკოსები კი აღნიშნავდნენ, რომ უკან დახევა პირადად პატრიარქის მიერ მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ განაპირობა.. უფრო მეტი არ ვიცით.. საპატრიარქოში არც ამ ვერსიაზე აკეთებენ კომენტარს..” საერთოდ, პოლიტიკურ სპეკულაციებზე კომენტარისგან თავს ვიკავებთო”, - აცხადებენ.

ახლო წარსულში პატრიარქთან ბრძოლის დამადასტურებელ მეორე გარემოებად ეკა ბესელია ასახელებს აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართ პატრიარქის თხოვნას ”დიდი ათეულის” გამოსავლენი სიიდან ამოეღოთ წმინდანები. ... ეკა ბესელიას სიტყვებით, ამ შემთხვევაში გააქტიურდნენ ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები და ხელისუფლება ისევ მათი ხელით შეებრძოლა პატრიარქს.. ”თავისუფლების ინტიტუტში” ვერ გაიხსენეს ”დიდ ათეულთან” დაკავშირებით მათი თანამშრომლების საჯარო გამოსვლები.. პატრიარქის და საპატრიარქოს მოთხოვნასთან დაკავშირებით შემდგარ მწვავე დისკუსიებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დავით პაიჭაძე მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ გადაცემის ფორმატის დაცვისას ორად ორი მოტივით ხელმძღვანელობდა: პირველი, კულტურის ისტორია არ განიხილება იმის მიხედვით, მას წმნიდანები ქმნიდნენ თუ არაწმინდანები და, მეორე:

[დავით პაიჭაძის ხმა] ”ეს იყო მცდელობა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და როცა ადამიანი ცდილობს ხელყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჩემთვის სულ ერთია, ის მღვდელია თუ პოლიტიკოსი და მე შევეცდები მას გავუწიო წინააღმდეგობა. ”

მაგრამ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა - და არამარტო მათ - თქვეს, რომ ეს იყო ხელისუფლების კარნახით წინააღმდეგობა პირადად პატრიარქისადმი. დიდ ათეულს თავი დავანებოთ. ისიც კი ითქვა, რომ რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე საქართველოს პატრიარქის წასვლას, შესაძლოა, მოჰყოლოდა რუსების გასვლა ახალგორიდან და ხელისუფლებას არ სურდა, არ აწყობდა ასეთი მოვლენა პატრიარქის სახელს დაკავშირებოდა. პოლიტსპეკულაციების ამ ჭრელი პროცესის წინააღმდეგ არ ჭრის საპატრიარქოს განცხადებები, არც პატრიარქის მოსაზრებები, მისი რჩევები.. არადა, პოლიტიკოსები , როგორც ამაზე თავად ტელევიზიებით ჰყვებიან ხოლმე, უწმინდესს და უნეტარესს ხშირად ხვდებიან, გადაწყვეტილებების მიღების წინ რჩევას ეკითხებიან.... რაც მთავარია, ტელეეკრანებიდან ცდილობენ გვიჩვენონ დიდი მოწიწება და სიყვარული მის მიმართ...მაშინ რატომ უქმნიან უხერხულობებს? ეკა ბესელია ეთანხმება შენიშვნას, რომ პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ პატრიარქთან ურთიერთობის თემას საკუთარი ინტერესებისთვის, ლამის ერთმანეთს ეჯიბრებიან ”მართლმადიდებელი უმრავლესობის” კეთილგანწყობის მოსაპოვებლად..
”მე ეს არასდროს გამიკეთებიაო”, - გვითხრა ეკა ბესელიამ და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიაში პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ღიად იმიტომ თქვა, რომ იმ მომენტში საზოგადოებისთვის მისი გამოჯანმრთელების ამბავი ეხარებინა.. მაგრამ იქვე ეკა ბესელიამ საზოგადოებას უთხრა ისიც,თუ რა ურჩია, რისკენ მოუწოდა მას, როგორც პოლიტიკოსს, პატრიარქმა: ” ამბიციები უნდა გადადოთ, გაერთიანდეთ, საქართველო მთავარია..” - ასეთი იყო რჩევა. ანუ კათალიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც ყოველ ქადაგებაში ამბობს, რასაც მრევლს ასწავლის. ვინ როგორ სწავლობს, ამაზე უკვე, ცხადია, თავისუფალ რეჟიმში გამოტანილი დასკვნები მეტყველებს:

[ეკა ბესელიას ხმა] ” დიახ, ქვეყანა არის მთავარი, ესაა ჭეშმარიტება და ეს ეხება ყველას: პოზიციას, ოპოზიციას... ყველა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესს და არა სააკაშვილის ინტერესს, სხვათა შორის.”
XS
SM
MD
LG