Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის მანძილზე დასავლეთის პრესაში რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა საქართველო-რუსეთის


მიმდინარე კვირის მანძილზე დასავლეთის პრესაში რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა საქართველო-რუსეთის ურთერთობასა და საერთაშორისო კონტექსტზე,

რომელიც გავლენას ახდენს ამ ურთიერთობაზე. ასევე ყურადღებას იქცევს ეკონომიკური შინაარსის სტატია, რომელიც ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს შეეხება. მინდა დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ამ და სხვა სტატიების შესახებ გესაუბროთ.

დასავლეთის პრესა კვლავაც დიდ ყურადღებას უთმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ინიციატივას, რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. როგორც ცნობილია, მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ ინიციატივის შესახებ საუბრისას კომპიუტერული ტერმინოლოგია გამოიყენა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან ურთიერთობაში ხელი დააჭიროს ”რესეტ”-ის ღილაკს, ქართულად - ”გადატვირთვის” ღილაკს.

ამ თემას ეძღვნება ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” გამოქვეყნებული ცნობილი ანალიტიკოსის არიელ კოენის სტატია, სათაურით ”ჯერ ნუ დააჭერთ ხელს გადატვირთვის ღილაკს”.

სტატიის ავტორის აზრით, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ნავთობზე ფასების ვარდნისა და დოლართან მიმართებაში რუბლის 50 პროცენტით გაუფასურებისა, მოსკოვი მაინც აფართოებს გავლენას თავის მეზობლებზე, რის ნიმუშადაც გამოდგება ყირგიზეთში მანასის საჰაერო ბაზის დახურვა, ბაზისა, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში ტვირთების გადასატანად იყენებდნენ.

აქვეა აღნიშნული საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობის ამბავიც, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ისედაც სუსტ სტაბილურობას და ემუქრება გაზისა და ნავთობის ალტერნატიულ მილსადენებს.

არიელ კოენი დაასკვნის, რომ რუსეთს სურს გახდეს რეგიონალური ლიდერი და ამ მიზნის მისაღწევად უარს არც სამხედრო ძალის გამოყენებაზე ამბობს. ობამას ადმინისტრაციის სურვილი - რუსეთთან ურთიერთობაში ხელი დააჭიროს ”გადატვირთვის” ღილაკს - გასაგებია, რადგან მას სურს დროულად გადაწყვიტოს მასშტაბური პრობლემები - ისეთი, როგორიცაა ატომური განიარაღება და ავღანეთი, ასევე - ირანის შეკავება. მაგრამ სიჩქარე სიბრძნის მტერია, როდესაც საქმე ეხება ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებსო, - აღნიშნავს არიელ კოენი ”ჰერალდ ტრიბუნში” გამოქვეყნებულ სტატიაში.

რუსეთ-საქართველოს ომსა და მასში ევროკავშირისა და, კერძოდ, გერმანიის როლზეა საუბარი ავტორიტეტულ გამოცემა ”ფორინ აფეირ”-ში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, სათაურით ”გერმანიის რუსული საკითხები”. მასში გაანალიზებულია ის ნაბიჯი, რომელიც გერმანიამ საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად გადადგა.
ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი გერმანიას თავშეკავებული და ნეიტრალური პოზიციისკენ მოუწოდებდა, თუმცა მან აქტიური როლი ითამაშა რუსეთის სამხედრო მარშის შეჩერებაში და ანგელა მერკელმა გერმანია-რუსეთის ურთიერთობაში პაუზა გამოაცხადა.

”ფორინ აფეირ”-ში გერმანიისა და ევროკავშირის მკაცრი პოზიცია და ფინანსურ ბაზრებზე წარმოქმნილი პრობლემებია დასახელებული ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რამაც მოსკოვს თავისი ჯარების წინ წაწევა გადააფიქრებინა.

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გერმანიის საზოგადოება, თუმცა კი ვერ ხედავს კავშირს გერმანია-რუსეთის ურთიერთობასა და სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილ კონფლიქტს შორის, მაინც გმობს რუსეთის სამხედრო მისწრაფებებს და მას არასანდო პარტნიორად მიიჩნევს.

”იურეიჟა ვიუ” კი დეტალურად აღწერს იმ რეალობას, რომელიც სეპარატისტული ცხინვალის მახლობლად ქართველებით დასახლებულ სოფლებშია შექმნილი. კერძოდ, განხილულია სოფელ დვანის მაგალითი. ეს სოფელი გარშემორტყმულია ოსური დასახლებებით და მას სეპარატისტების მოქმედების არეალისგან მხოლოდ ცენტრალურ გზაზე ქართველი პოლიციელების მიერ აღმართული ბეტონის სამი ბლოკი გამოყოფს. სოფელი შიშის ქვეშ ცხოვრობს, რადგან თითქმის ყოველღამე ისმის სროლის ხმა და ოსი სეპარატისტები დაუსჯელად აგრძელებენ ძარცვასა და მოსახლეობის დარბევას.

კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე - საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - მიესალმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ახლახან მიღწეულ შეთანხმებას, მაგრამ გაურკვეველი რჩება შეძლებენ თუ არა საერთაშორისო დამკვირვებლები რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მონიტორინგს. ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილმა რუსმა ანალიტიკოსმა პაველ ფელგენჰაუერმა განაცხადა, რომ მოსკოვს შემუშავებული აქვს საქართველოში საბრძოლო მოქმედებების განახლების გეგმა, - დაასკვნის ”იურეიჟა ვიუ”.

დაბოლოს, მიუხედავად ომის შემდგომი რთული ვითარებისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოში კვლავაც გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი. გლობალური კრიზისის ფონზე ამ თითქოს უცნაურ ფაქტს სპეციალური სტატია მიუძღვნა ”ქრისტიან საიენს მონიტორმა”. მასში ლაპარაკია არაბეთის გაერთიანებული ემირატების კომპანია ”რაკინ ინვესტმენტის” პროექტების შესახებ - კერძოდ, იმის შესახებ, რომ რაკინს არ შეუწყვეტია და კვლავაც აგრძელებს ფეშენებელური ვილების დასახლების მშენებლობას.

ეს კომპანია, სხვა საინვესტიციო პროექტებთან ერთად, ფოთის პორტის მფლობელიც გახდა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფოთის პორტის დაბომბვას მისი რამდენიმე თანამშრომელიც ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ინვესტორი არ გაჩერებულა, რის მიზეზადაც დასახელებულია საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ არის პრობლემებიც, კერძოდ, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით და, ასევე, ახალი ომის საფრთხე.
XS
SM
MD
LG