Accessibility links

ევროკავშირი სომხეთში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლობას ცდილობს


2008 წლის 1-2 მარტის ღამით სომხეთში პოლიციის მიერ ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეთა საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევას

რვა დემონსტრანტისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგიკული მოვლენიდან ერთი წლის თავზე სომხეთში პოლიტიკური ვითარება კვლავაც პოლარიზებულია, თუმცა კი, ერთი შეხედვით, სტაბილურად გამოიყურება.

1 მარტს ერევნის ცენტრში ოპოზიციის რამდენიმე ათასმა მომხრემ მოაწყო მსვლელობა, რითაც პატივი სცა ერთი წლის წინათ დაღუპულთა ხსოვნას. იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული დემონსტრაციების ახალ კონფრონტაციაში გადაზრდა, ევროკავშირის მიერ სპეციალურად წარგზავნილი პეტერ სემნები 10 დღის მანძილზე ორ-ორჯერ შეხვდა ტერ-პეტროსიანსა და ქვეყნის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს.

ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პრესაზე შეზღუდვები დააწესა. ასეთი ნაბიჯები მოჰყვა იმ ძალადობას, რომელსაც მიმართეს ერევანში 1-2 მარტს საპროტესტო აქციის დარბევისას.

სამიოდე კვირის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და ნაწილობრივ შემსუბუქდა პრესის ცენზურა. ამასთანავე, ქვეყნის პარლამენტმა მიიღო მიტინგებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი შესწორებები კანონში.

მანამდე არჩეულმა პრეზიდენტმა სარქისიანმა თავის კონკურენტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ორი მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგისგან თანხმობაც მიიღო.

ტერ-პეტროსიანმა კი სარქისიანთან დიალოგის წინაპირობად დაპატიმრებული მომხრეების გათავისუფლება მოითხოვა. ამჟამად სასჯელს იხდის პეტროსიანის 77 თანამოაზრე, რომელთაგან 40 ციხის საკნებშია გამოკეტილი, შვიდი პიროვნება კი სასამართლოს განაჩენს ელოდება. მათ შორის არის ორი ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრიც.

გასული წლის მარტის მოვლენებიდან ორი თვის თავზე ტერ-პეტროსიანმა თავის მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ, მართალია, სერჟ სარქისიანს არ მიიჩნევს არჩეულ პრეზიდენტად, მაგრამ მზად არის მასთან ითანამშრომლოს, თუ ხელისუფლება შეასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას. მასში ნათქვამია, რომ უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ძალადობაში დამნაშავე პირების დასასჯელად, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის დროს პოლიტიკური ბრალდებებით დაკავებული პირები და გაუქმდეს მანიფესტაციების თავისუფლად ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვები.

მოგვიანებით ეს შეზღუდვები მართლაც მოიხსნა და ტერ-პეტროსიანმა რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართა. მაგრამ მოულოდნელად გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მორატორიუმს აწესებს საპროტესტო აქციებზე. იგი შიშობს, რომ ოპოზიციის მოქმედებები შეიძლება გარე ძალების ინსტრუმენტად იქცეს და მოქმედი პრეზიდენტი აიძულოს ყარაბახის საკითხში დათმობებზე წავიდეს.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცოტა რამ თუ გააკეთა მარტის ამბების ობიექტური გამოძიებისთვის. პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ რამდენჯერმე გადადო საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება. კომისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის დემონსტრაციის დარბევისას სამი ადამიანის სიკვდილი ვადაგასულმა ცრემლსადენმა გაზმა გამოიწვია. ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს გაზი ოთხმა პოლიციელმა გამოიყენა, მაგრამ არაფერია ცნობილი იმის თაობაზე, დაისაჯნენ თუ არა ისინი.

სომხეთის ომბუდსმენს არმენ ჰარუთუნიანს არ სჯერა საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისწორისა:


”ვერ დავიჯერებ, რომ ოთხმა პოლიციელმა გამოიყენა ცრემლმდენი გაზის ყუმბარები და ამის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რომ შეუძლებელია დადგინდეს, ვინ არის დამნაშავე.”

სომხეთის ომბუდსმენმა უფრო მკაცრი განცხადებებიც გააკეთა ”ფაინეშელ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში და სომხეთის ხელისუფლება 1937 წლის სტალინური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

სომხეთში ადამიანის უფლებათა დარღვევები დეტალურადაა აღწერილი და გაანალიზებული ”ჰიუმან რაიტს უოჩისა” და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელ მოხსენებებში.

ამ ყველაფერს თან ერთვის საგანგაშო ტენდენციები საგარეო პოლიტიკაში. წინა პრეზიდენტის ბალანსირების პოლიტიკა დავიწყებას ეძლევა და სომხეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.

ახლახან სომხეთმა რუსეთისგან 500 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო და, პარალელურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდა. ეს ნაბიჯები სომხეთს რუსეთის ბანაკს მიაკუთვნებს, - დაასკვნის ერევანში მოქმედი ფონდი ”ცივილიტა”.

ამ რეალობაში სომხეთის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება პირველი მარტისთვის ტერ-პეტროსიანის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მის ორგანიზატორებს არ მიუღიათ ერევნის მუნიციპალიტეტის სანქცია, მანიფესტაცია მაინც გაიმართება .

ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ელჩი პიტერ სემნები ერევანს სწორედ იმისთვის ესტუმრა, რომ არ დაუშვას მოსალოდნელი სისხლისღვრა და ხელი შეუწყოს ურთიერთობის აღდგენას ხელისუფლებასა და პეტროსიანს შორის.

პიტერ სემნების კომენტარი:

” როგორც აღინიშნება ეს წლისთავი, ისევე განვითარდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომავალში.”

თუ სემნების ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა, ტერ-პეტროსიანმა შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მოსახლეობაში სულ უფრო მზარდი უკმაყოფილება, რომლის მიზეზიც ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სოციალური პრობლემები და მზარდი კომუნალური თუ საბაჟო გადასახადებია.
XS
SM
MD
LG