Accessibility links

logo-print

ახალი ბრალდებები ხოდორკოვსკის წინააღმდეგ


ხვალ მოსკოვში იწყება მიხაილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესი. საქმე ეხება რუსეთში, ერთ დროს, უმდიდრეს ადამიანს, კომპანია “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელს,

რომელიც 8-წლიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების საფუძველზე. ხოდორკოვსკის მოხდილი აქვს პატიმრობის ვადის ნახევარი და აი, ისევ უწევს ბრალდებულის სკამზე დაჯდომა...

მიხაილ ხოდორკოვსკი ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, პლატონ ლებედევთან ერთად ხვალ მოსკოვში წარდგება სასამართლოს წინაშე 1998-2003 წლებში 20 მილიარდ დოლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით.

ყოფილი ოლიგარქი მოსკოვში ჩაიყვნეს 6000 კილომეტრით დაშორებლი კოლონიიდან, რომელიც ციმბირში, ჩიტაში მდებარეობს და რომელშიც ხოდორკოვსკი 8-წლიან პატიმრობას იხდის. პრესაში გამოთქმული ვარაუდით, სასჯელი, შესაძლოა, კიდევ 15-27 წლით გაგრძელდეს. ეს კი, ხოდორკოვსკის მომხრეებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ნიშნავს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მცდელობას, ფაქტობრივად, სამუდამოდ გამოკეტოს ციხეში ყოფილი გავლენიანი ოპონენტი.

ამ შეფასებას გამოთქვამს, მაგალითად, ოპოზიციონერი ვლადიმირ რიჟკოვი - სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი: [ვლადიმირ რიჟკოვის ხმა] "როგორც ჩანს, მათი მიზანია, ხოდორკოვსკი ნებისმიერ ფასად გამომწყვდეული ამყოფონ. და რადგან მისი პატიმრობის ვადის ნახევარი ამოიწურა, და მას შეეძლო, ვადამდელი გათავისუფლების თხოვნა წამოეყენებინა, რამდენიმე წლის წინ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს. ეტყობა, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ ახალი, ხანგრძლივი ვადა მიუსაჯონ და კვლავაც გამომწყვდეული ჰყავდეთ."

მიხაილ ხოდორკოვსკი - რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი - 2003 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებების საფუძველზე. სასამართლომ, რომელმაც უფლებადამცველების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა - მათი შეფასებით - მიკერძოებულობის გამო, ხოდორკოვსკის 2005 წლის მაისში მიუსაჯა, როგორც უკვე ვთქვით, თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ახალ ბრალდებებს რაც შეეხება, თუ კრემლის ოპონენტები მას ხოდორკოვსკის სამუდამოდ გამოკეტვის მცდელობად აფასებენ, ზოგი მიმომხილველი მიუთითებს, რომ ახალი სასამართლო პროცესი იქნება საკვანძო მნიშვნელობის გამოცდა პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მემკვიდრის, დმიტრი მედვედევისთვის, რომელსაც დადებული აქვს პირობა: რუსეთს დამოუკიდებელი სასასამართლო ეყოლებაო.

შეფასებას, რომ ხოდორკოვსკი, ასევ ვთქვათ, ანგელოზი არ ყოფილა - ისევე როგორც 90-ანი წლების დასაწყისში გამდიდრებული ყველა დანარჩენი ოლიგარქი - შეიძლება ითქვას, ყველა ანალიტიკოსი იზიარებს. ხოდორკოვსკი სხვებივით იყენებდა პრეზიდენტ ბორის ელცინის გარემოცვასთან კონტაქტებს ხელსაყრელი კონტრაქტების გასაფორმებლად, ბიზნეს-იმპერიის გასაფართოებად, დაბეგვრისთვის თავის ასარიდებლად...

მაგრამ 2000 წელს, როცა აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური გარემოს ცვლილება ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირობებში, ხოდორკოვსკი თავისი ბიზნესის “გასუფთავებას” შეუდგა - უნდა ითქვას, ამის მიზანი უცხოელი ინვესტორების მიზიდვაც იყო. “იუკოსი” შეუდგა გადასახადების გადახდას, რიგითი აქციონერების ფინანსური ინტერესების გათვალისწინებას... და “იუკოსმა” - მართვის თვალსაზრისით - რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის რეპუტაცია დაიმკვიდრა.

ხოდორკოვსკის ერთ-ერთი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი როგორც ამბობს, “იუკოსის” ხელმძღვანელების წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო ოფიციალური პირების განკარგულება, ახლა მათ უნდა უყენებდნენ ბრალდებას და არა ხოდორკოვსკის. [რობერტ ამსტერდამის ხმა]: "ჩვენი აზრით, ახლა საუკეთესო ვარიანტია, გამოძიებულ იქნეს ძალადობის ბრალდება. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვში ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესი იმართებოდეს, მოსკოვში უნდა ტარდებოდეს მოსმენა იმის დასადგენად, ვინ დგას "იუკოსზე" თავდასხმისა და მისი განადგურების უკან. ეს იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ სამართლებრივ ნიჰილიზმს ბოლო მოეღო.".

“სამართლებრივი ნიჰილიზმისთვის ბოლოს მოღება”, ხოდორკოსვსის ადვოკატმა რომ ახსენა, გახლავთ პირობა, რომელიც დადებული აქვს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, თავადაც იურისტს. მაგრამ ხოდორკოსვკის მომხრეები და უფლებადამცველები, ამ მხრივ, რაიმე გაუმჯობესებას ვერ ამჩნევენ. ხოდორკოვსკის დედის, მარინა ხოდორკოვსკაიას შეფასებით: [მარინა ხოდორკოვსკაიას ხმა] "ასეა ახლაც: მოსმენის დაწყებამდე მათ უნდათ, ეს ბინძური საქმე აღძრან და ხალხს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ის არა მხოლოდ ქურდია, არამედ მოძალადეც და, საერთოდ, გახრწნილი პიროვნებაა."
XS
SM
MD
LG