Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორები 4,48 მილიარდ დოლარს ჰპირდებიან ღაზის სექტორს


ეგვიპტეში გაიმართა დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ღაზის სექტორის დასახმარებლად - პალესტინელთა ამ ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ.

გეგმით, რომელიც დონორთა კონფერენციას წარუდგინა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა სალამ ფაიადმა, 1,3 მილიარდი დოლარია საჭირო ღაზაში დანგრეული სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების სარეკონსტრუქციოდ, დამატებით 1,5 მილიარდი - ზოგადი ხარჯებისთვის.

ღაზის სექტორის დასახმარებლად ფულის მოგროვებას რამე პრობლემა არ შექმნია: პირიქით, დონორები მოსალოდნელზე მეტს, 4,48 მილიარდ დოლარს დაჰპირდნენ პალესტინელთა ტერიტორიას ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში დღეს გამართულ შეკრებაზე. კერძოდ დაჰპირდნენ: აშშ - 900 მილიონ დოლარს, ევროკავშირი - 550 მილიონს, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო - 1,65 მილიარდ დოლარს. თან საქმე ეხება მარტო წამყვან დონორებს კონფერენციისა, რომელსაც გაცილებით მეტი - 87 მონაწილე ჰყავდა.

მაშ ასე, ფული იქნება, მაგრამ საკითხავი ისაა, როგორ დახარჯავენ მას ადგილზე. ღაზის სექტორში, მაგალითად, სამშენებლო მასალის შეტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია: საზღვრებს მკაცრად აკონტროლებენ ეგვიპტე და ისრაელი, რადგან ეგვიპტეს ღაზელი პალესტინელების მასობრივი იმიგრაციის ეშინია, ისრაელს საზღვრებზე იარაღის კონტრაბანდის.

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო განვითარების საკითხებში, დაგლას ალექსანდერმა კვირას ღაზაში ვიზიტისას უთხრა ჟურნალსიტებს: თავზარი დამცა ადამიანების ასეთმა ტანჯვამ, საზღვრები უნდა გაიხსნასო. [დაგლას ალექსანდერის ხმა] “ჩამოვედი ძალიან მკაფიო მესიჯით, როგორც ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი: გვინდა ვიხილოთ ღაზაში როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ისე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლეთა სრული და შეუფერხებელი მიმოსვლა. ღაზაში ხალხი ახლაც ძალიან იტანჯება.”

ისრაელი ირწმუნება, რომ მხარს უჭერს ღაზის რეკონსტრუქციის ძალისხმევას, მაგრამ არ დაუშვებს დახმარებას, რომელიც ასარგებლებდა ღაზელ ექსტრემისტებს - ხალხს, ვინც რაკეტებს უშენს სამხრეთ ისრაელს.

უნდა ითქვას, რომ ისრაელის მსგავსად, რომელიც არ მიუწვევიათ შეკრებაზე ეგვიპტეში, არც დონორებს სურთ, ფული ხელში ჩაუვარდეს პალესტინელთა გასამხედროებულ მოძრაობა “ჰამასს”, რომელიც ღაზას აკონტროლებს და რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ ევროკავშირი და აშშ. დონორთა კონფერენციას არც “ჰამასი” დასწრებია.

“ჰამასისადმი” დამოკიდებულების გამო, ღაზის სარეკონსტრუქციოდ განკუთვნილი რესურსები პალესტინელების სხვა ტერიტორიის - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მმართველ მთავრობას მიეწოდება. მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილს აეჭვებს ამ ზომის მიზენშეწონილობა: “ჰამასი” და პალესტინელების მთავრობა ერთმანეთთან გადამტერებულები არიან, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, “ჰამასმა” მეტოქეს მისცეს ღაზის სექტორში რაიმე გადაწყვეტილებების მიღების საშუალება...

აშშ-ს უკვე ნათქვამი აქვს, რომ ღაზას გაეროსა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით მიაწვდის მისთვის განკუთვნილ დახმარებას. რა როლის შესრულება შეუძლია, მაგალითად, მსოფლიო ბანკს - მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან ხოსე დაბუბმა განმარტა ღაზაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს:
[ხუან ხოსე დაბუბის ხმა] “ჩემი ვიზიტის შემადგენელი ნაწილია აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბარი და, რასაკვირველია, საუბარი სხვადასხვა ინსტიტუტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როგორც კი რესურსები ჩამოვა, რაც შეიძლება უკეთ მოხდეს მათი განაწილება. მსოფლიო ბანაკი მართავს გარკვეულ ინსტრუმენტებს, მათ შორის ნდობის ფონდს, რომლითაც წარსულშიც გვისარგებლია. მისი მეშვეობით, ბოლო 12 თვის მანძილზე თავი მოვუყარეთ 280 მილიონამდე დოლარს. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთაა თავისი რესურსების გასანაწილებლად”.

დონორთა კონფერენციის ამერიკელი მონაწილის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ღაზის დახმარება უნდა იყოს ნაწილი უფრო მასშტაბური ძალისხმევისა ისრაელ- პალესტინელების სამშვიდობო პროცესში. ამ, უკიდურესად რთულ საკითხზე მომუშავე ოთხეული - შეერთებული შტატების გარდა, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი - სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ღაზის დონორთა კონფერენციაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე ვახსენეთ, ეგვიპტეს ესტუმრნენ ასევე გაეროს გენერალური მდივანი ბან კიმუნი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
XS
SM
MD
LG