Accessibility links

რას უპირებს მთავრობა სტატისტიკის დეპარტამენტს


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შედის, სულ მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

ინიციატივა სტატისტიკის დეპარტამენტის ცალკე, მთავრობისგან დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ ანტიკრიზისულ საბჭოს ეკუთვნის. მთავრობის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი, რომელზეც უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები მუშაობენ, პარლამენტში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევა.


სტატისტისკის დეპარტამენტი მთავრობის დაქვემდებარებაში 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელსაც ხუთი წლის წინ მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ, არ მოიწონეს მხოლოდ ცალკეულმა დეპუტატებმა, რომელთა შორისაც იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა.

[ლადო პაპავას ხმა] „რევოლუციის შემდეგ მოხდა პრაქტიკულად ჩვენი სტატისტიკის სამსახურის დანგრევა. რას ვგულისხმობ ამაში? სტატისტიკა უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და უშუალოდ ექვემდებარებოდეს ქვეყნის პრეზიდენტს. რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი შეიყვანეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ეს იგივეა, მგელს რომ ჩააბარო ცხვარი სამწყემსად. ანუ სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობაში არის ინტერესთა კონფლიქტი. ეს არ შეიძლება.“

და მართლაც რომ არ შეიძლებოდა, ამის დამადასტურებელი გარემოება სულ მალე გამოჩნდა. ზურაბ ტყემალაძე, ყოფილი დეპუტატი და ანტიკრიზისული საბჭოს წევრი, იხსენებს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „მახსოვს, ერთხელ ინფლაციის დონე ორნიშნა რიცხვზე ავიდა და, შესაბამისად, მთავრობას რამე უნდა ეღონა. მთავრობამ მართლაც გაატარა ღონისძიება, რომლის შემდეგაც ინფლაცია კვლავ 8 პროცენტამდე დაეცა. იცით, რა გააკეთეს? ნოღაიდელმა სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსად თავისი კაცი დანიშნა.“

თუმცა ბრალდებას, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი რეალურ მონაცემებს მთავრობის სასარგებლოდ ცვლის, წლების განმავლობაში უარყოფდნენ როგორც მთავრობის, ასევე სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დეპარტამენტის თავმჯდომარემ გრიგოლ ფანცულაიამ:

[გრიგოლ ფანცულაიას ხმა] „ყველა აკრიტიკებს სტატისტიკის დეპარტამენტს, არ ენდობიან. ერთნი ამბობენ, რომ რეალურთან შედარებით მაღალ მაჩვენებლებს აქვეყნებს, მეორენი კი ამტკიცებენ, დაბალ მაჩვენებლებს აქვეყნებენო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ რეალურები ვიყოთ და პრაქტიკულად ვახერხებთ ამას.“ (სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მსგავსად, პრემიერ-მინისტრიც ამბობს, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული სტატისტიკური მონაცემების შელამაზებით, თუმცა ნიკა გილაური იქვე შენიშნავს, რომ დეპარტამენტისადმი ნდობის ხარისხი დაბალია და ეს გარემოება დაუყოვნებლივ ცვლილებას საჭიროებს.

[ნიკა გილაურის ხმა] „აუცილებელი იყო განახლებული ხედვა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი, ესაა საზოგადოებაში ნდობის ამაღლება. თუმცა არსებობს მეორე მიზეზიც, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია. ესაა ინვესტორების ნდობა, რომელიც სტატისტიკის ახალმა ორგანომ, შესაძლოა, გაზარდოს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ინვესტიციებს და, აქედან გამოდინარე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობას.“(სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი სტატისტიკური სამსახურის სტრუქტურის შექმნაზე მოწვეული ექსპერტების, მთავრობისა და პარლამენტის წევრებისგან შემდგარი რვაკაციანი ჯგუფი მუშაობდა. ჯგუფის ხელმძღვანელის რობერტ კრისტიანსენის თქმით, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობის დაქვემდებარებიდან გამოვა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - „სტატისტიკის სააგენტოდ“ - ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, ძირეულად შეიცვლება მმართველობის სტრუქტურა:

[რობერტ კრისტიანსენის ხმა] „სტატისტიკის სააგენტოს ეყოლება ხუთი პიროვნებისგან შემდგარი დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო, რომლის სანდოობის ხარისხი იქნება მაღალი. ჩვენი შეთავაზებით, ხუთკაციანი საბჭოს ერთი წევრი იქნება ფინანსთა სამინისტროს, ხოლო მეორე წევრი ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. რაც შეეხება საბჭოს დანარჩენ წევრებს, მათ, პარლამენტთან თანამშრომლობით, პრეზიდენტი დანიშნავს.“

რობერტ კრისტიანსენის თქმით, საბჭოს ამ სამ წევრს ხუთი წლის ვადით აირჩევენ, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები კი, მინისტრსა და ბანკის პრეზიდენტთან ერთად, შეიცვლებიან. საბჭო ხელშეკრულების საფუძველზე ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და პარლამენტის წინაშე. რაც შეეხება სტატისტიკის სააგენტოს გენერალურ დირექტორს, მას, როგორც ანტიკრიზისული საბჭოს წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, ღია კონკურსის საშუალებით მმართველი საბჭოს წევრები აირჩევენ:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ბუნებრივია, როცა რაღაც სტრუქტურა იქმნება, დანიშვნის პროცესში რომელიმე სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი იქნება ჩართული, მაგრამ დამოუკიდებლობის ამაზე უფრო მაღალი ხარისხი მე პირადად ვერ წარმომიდგენია. ის მოდელი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს, არის ყველაზე ახლოს აბსოლუტურ დამოუკიდებლობასთან.“

პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონპროექტის განხილული ვარიანტი სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც ანტიკრიზისულმა საბჭომ ერთ-ერთ პირველ შეკრებაზე ჩამოაყალიბა. დაახლოებით ერთ კვირაში, შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი განსახილველად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ანტიკრიზისული საბჭოს წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ცვლილებები ამით არ შემოიფარგლება:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] „შექმნილი ვითარება, პოლიტიკური ფონი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებას დავუბრუნოთ ყველა ის მონაპოვარი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ წაგლიჯა. მეტიც, უნდა დავუბრუნოთ დივიდენდებით.“
XS
SM
MD
LG